Reuters: „ჰუსიტებმა“ იემენში ადენის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა, როდესაც იემენში რამდენიმე ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები გამწვავდა.
პარალელურად, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადის ჩრდილოეთით „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
იემენის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს დაეცა, კაიროდან რეისის დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ხელისუფლებამ თვითმფრინავის დაშვება გააუქმა და ის ქალაქ ჯიდაში გადაამისამართა. აეროპორტის ბილიკზე მყოფი კიდევ ორი თვითმფრინავი კი შესაძლო ახალი თავდასხმის მოლოდინში ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„ჰუსიტებს“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ადენის საერთაშორისო აეროპორტი იემენის იმ ტერიტორიების მთავარი საერთაშორისო საჰაერო კარიბჭეა, რომლებიც „ჰუსიტების“ კონტროლს არ ექვემდებარება, წერს სააგენტო.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდამჭერმა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ერ-რიადის ჩრდილოეთით „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია და გაანადგურა.
კოალიციის განცხადებით, მისი ძალები თვალს ადევნებდნენ ჰუსიტების მიერ კონტროლირებად სანას ტერიტორიიდან რაკეტის გამშვებ დანადგარს და მის განადგურებას გეგმავდნენ.





