Deutsche Welle: „ევროსტატის“ მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე საცხოვრებლად რუსეთის 100 ათასზე მეტი მოქალაქე გადავიდა
მსოფლიო

GettyImages
უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე საცხოვრებლად რუსეთის 100 ათასზე მეტი მოქალაქე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
„ევროსტატის“ მონაცემებით, თუ 2021 წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის მოქმედი უფლება რუსეთის 771.8 ათას მოქალაქეს ჰქონდა, 2025 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 876.6 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, მატებამ 105 ათასი ადამიანი, ანუ 13.6% შეადგინა.
2025 წლის ბოლოსთვის ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიაში ცხოვრობდა - 217 959 ადამიანი. ესპანეთი - 116.8 ათასი, ესტონეთი - 78.4 ათასი, საფრანგეთი - 66.8 ათასი, იტალია - 50.5 ათასი, კვიპროსი - 44.8 ათასი და ჩეხეთი - 36.4 ათასი.
ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა: ლატვიაში ბინადრობის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი 14.9 ათასით შემცირდა, ესტონეთში - 9 ათასით, ხოლო ჩეხეთში - 7.8 ათასით.
ომის ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა ესპანეთმა აჩვენა, სადაც ბინადრობის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 44.4 ათასით (61%-ით) გაიზარდა. მეორე ადგილზეა კვიპროსი (+26.8 ათასი, თითქმის 2.5-ჯერ მეტი), ხოლო მესამეზე - საფრანგეთი (+13.7 ათასი, ზრდა 25%-ით).





