დონალდ ტრამპი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას და მზადაა დასახმარებლად
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას დახმარებას გაუწევს.
„ჩვენ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ნებრასკაში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე.
„მრავალი წლის წინ ფილტვების ანთების მკურნალობა უფრო მარტივი იყო, ახლა კი მიკრობები და ბაქტერიები უფრო გაძლიერდნენ. თუმცა, ჩვენ მათ დავეხმარებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და სხვა უწყებებთან ერთად თვალყურს ადევნებს რუსეთის ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის ეჭვით გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევას.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე ეხება უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას. მათივე ინფორმაციით, შავი ჭირის საწინააღმდეგო ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.





