გერმანული მედია: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით
მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი
ფოტო: AP
გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი ფედერალური მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით. ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის, ARD-Deutschlandtrend-ის შედეგები, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. სოციოლოგების განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
სექტემბრის გამოკითხვასთან შედარებით, ძალიან კმაყოფილი (1%) და უბრალოდ კმაყოფილი (9%) რესპონდენტების წილი უცვლელი დარჩა, ხოლო „უფრო უკმაყოფილოთა“ რაოდენობა 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 37% შეადგინა. ამასთან, გერმანელთა ნახევარზე მეტი (52%) მკვეთრად უკმაყოფილოა ფედერალური ხელისუფლების მუშაობით - ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათი რიცხვი 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ბუნდესტაგის არჩევნები მომავალ კვირას რომ იმართებოდეს, პოლიტიკური ძალები ხმებს შემდეგნაირად გადაინაწილებდნენ:
- ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - 27%
- ქრისტიანულ-დემოკრატიული ბლოკი (CDU/CSU) - 20%
- ალიანსი 90/მწვანეები - 16%
- სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 13%
- მემარცხენე პარტია (Die Linke) - 11%
- თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) - 4%
- სხვა პოლიტიკური ძალები - ჯამში 9%
ფრიდრიხ მერცის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 10 პროცენტი იწონებს, რაც გასულ თვესთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. რესპონდენტთა 88% კი მისი მუშაობით უკმაყოფილოა.





