ABC News: აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) დატოვა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემცირების გეგმის ნაწილია. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია საკუთარ მანდატს სცდება, არაეფექტიანია ან აშშ-ის პოლიტიკასთან ადაპტაციას ვერ ახერხებს.
ევროპის საბჭოს განცხადებით, სამშაბათს აშშ-მა ოფიციალურად აცნობა, რომ ანტიკორუფციულ სახელმწიფოთა ჯგუფს (GRECO) ტოვებს. მანამდე ორგანიზაცია მხოლოდ ორმა ქვეყანამ, რუსეთმა და ბელარუსმა დატოვა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქვეყნის გადაწყვეტილება დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაბამისი შეტყობინება ორშაბათს გაიგზავნა.
„აშშ GRECO-ს საქმიანობაში 2000 წლიდან მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის მუშაობასა და კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაში“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ GRECO მომავალშიც მზად არის, აშშ-თან თანამშრომლობა განაახლოს კორუფციის პრევენციის, კეთილსინდისიერების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საერთო მიზნების მისაღწევად.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა აშშ-ის გადაწყვეტილება ნოემბერში გასამართ კონგრესის შუალედურ არჩევნებში ეუთოს დამკვირვებლების არ დაპატიჟების შესახებ.
ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკვე დატოვა ევროპაში დაფუძნებული გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი სტრუქტურა, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო. ვაშინგტონი მსგავსი ნაბიჯების გადადგმას სხვა ორგანიზაციებთან მიმართებითაც განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ იანვარში აშშ-მა ევროპის საბჭოს კიდევ ერთი ორგანო, ვენეციის კომისიაც დატოვა, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა.
GRECO 1999 წელს ევროპის საბჭომ შექმნა, რათა ორგანიზაციის ანტიკორუფციულ სტანდარტებთან წევრი ქვეყნების შესაბამისობა შეეფასებინა. აშშ ორგანიზაციას დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ შეუერთდა.





