ბრიტანეთში თავისუფლების დიდი ქარტიის მოპარვა სცადეს
კულტურა

თავისუფლების დიდი ქარტია
ფოტო: shutterstock
დიდ ბრიტანეთში კაცი, რომელმაც სოლსბერის ტაძარში დაცული თავისუფლების დიდი ქარტიის მოპარვა სცადა, დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.
თავისუფლების აქტი მინის ყუთში იყო შენახული. კაცმა მინა ჩაამტვრია, თუმცა დოკუმენტის მოპარვა ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა კაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დოკუმენტი დაზიანებული არაა და შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
თავისუფლების დიდი ქარტია (Magna Carta) 1215 წელს ინგლისში გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე ჯონ უმიწაწყლოს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად, მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.
ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა.





