ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცემა
კულტურა

23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი - „ოქროს გლობუსი - აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება“ .
ორდღიანი გალა-ღონისძიება მიეძღვნება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენელთა გამორჩეულ მიღწევებს. ღონისძიება პატივს მიაგებს ამ ქვეყნების მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და შემოქმედებით ურთიერთგაცვლას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან დააკავშირა ცენტრალური აზია და კავკასია.
უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის წარმომადგენლებს - შერჩეულ ლაურეატებს სამ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებენ:
1 - „ოქროს გლობუსის მერიდიანის ჯილდო“ (Meridian Award) ,
2 - „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“(Trailblazer Award),
3 - „ოქროს გლობუსის შუქურის ჯილდო“ (Beacon Award).
ქართველ რეჟისორს ლევან კოღუაშვილს სწორედ „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Trailblazer Award) გადაეცემა.
„ოქროს გლობუსის“ ეს ჯილდო „Trailblazer“ (პიონერი, ნოვატორი, გზის გამკვალავი) გადაეცემათ იმ ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევრებმა წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში.
ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე „საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის“ ჯილდო მოიპოვა. მისი უახლესი ფილმის - „გურიის“ პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ოფიციალური კანდიდატია.
უკვე ცნობილია დანარჩენი ლაურეატების ვინაობაც, რომლებიც ნახსენებ ქვეყნებს წარმოადგენენ: გულჩეხრა ჯამილოვა, ალი ხამრაევი, თაჰმინა რაფაელა, შუგილა ეშენი და სამველ ტადევოსიანი.
„ჩვენთვის დიდი პატივია აღვნიშნოთ ხელოვანთა ეს გამორჩეული ჯგუფი, რომელთა შემოქმედებაც ასახავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის სიღრმეს, კრეატიულობასა და თხრობის უნიკალურ ტრადიციებს“, — განაცხადა „ოქროს გლობუსის“ პრეზიდენტმა ჰელენ ჰონემ. „კინოს, ტელევიზიისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი პირადი წვლილით თითოეულმა მათგანმა ხელი შეუწყო რეგიონის ამბებისა და შემოქმედებითი ხმის გაზიარებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის. მოუთმენლად ველით ტაშკენტში მათი მიღწევების აღნიშვნას“.





