Hulu-მ „საიდუმლო მასალების“ ახალი ვერსია შეუკვეთა
კულტურა

ფოტო: Wikipedia
ამერიკულმა სტრიმინგ-სერვისმა Hulu სერიალ „საიდუმლო მასალების“ (The X-Files) გადატვირთვის სრული სეზონი შეუკვეთა. Variety-ს ცნობით, ახალი ვერსიის საპილოტე სერიის რეჟისორი, სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი რაიან კუგლერი გახდა.
„დიდი ხანია, რაც «საიდუმლო მასალები» მიყვარს, ამიტომ საპილოტე ეპიზოდის სცენარის დაწერა და რეჟისორობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. კრის კარტერმა რაღაც განსაკუთრებული შექმნა და ჩვენ გვსურდა პატივი მიგვეაგო ყველაფრისთვის, რამაც ორიგინალი სერიალი ამდენ ადამიანთან დააკავშირა, ასევე გვეპოვა საკუთარი გზა ამ სამყაროში“, - განაცხადა კუგლერმა.
ახალ სერიალში მთავარ როლებს დანიელ დედუაილერი და ჰიმალ პატელი შეასრულებენ. ისინი ითამაშებენ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებს, რომლებიც აუხსნელ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ. მათ არ ერქმევათ მალდერი და სკალი, როგორც ორიგინალური შოუს მთავარ გმირებს, რომლებსაც დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი ასრულებდნენ.
პროექტზე შოურანერის სტატუსით ჯენიფერ იეილი იმუშავებს, რომელიც ცნობილია ისეთი პროექტებით, როგორებიცაა „დექსტერი“, „და ვინჩის დემონები“ და სხვა. სერიალის პროდიუსერები იქნებიან კომპანია Proximity Media და 20th Television.
ორიგინალი სერიალი „საიდუმლო მასალები“ ეკრანებზე პირველად 1993 წელს, ტელეკომპანია Fox-ზე გამოვიდა. სულ 11 სეზონი გადაიღეს. შოუ Emmy-ზე 61-ჯერ იყო ნომინირებული.





