მარიამ ქვრივიშვილი „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტზე: თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს - სწორედ ასეთი პროექტია არქი გრანდ ავენიუ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები.
„მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილია მისი განვითარების ახალი ეტაპი - პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას აერთიანებს და თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები - ჰილტონი, ვინდჰემი და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო ჩვენი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.





