მაია მურაჩაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიაზე: ძალიან კარგად იყო შეხვედრები ორგანიზებული, საუკეთესო ადგილებში ჩატარდა და ყველგან იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო
ეკონომიკა

სკანდინავიის ქვეყნებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიას ტურისტული კომპანია „Iberia Tours Plus“-ის დამფუძნებელი, მაია მურაჩაშვილი წარმატებულად აფასებს.
„2018 წელს, ფინეთში გამართულ გამოფენაზე, ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვუხსნიდით, თუ სად მდებარეობდა საქართველო. 2022 წლისთვის უკვე ყველა მოსულმა იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და ბევრი მათგანი ნამყოფიც კი იყო. 2026 წელს, ამ როუდშოუზე რომ ჩავედი, ცნობადობა კიდევ უფრო გაზრდილი დაგვხვდა, ადგილობრივები, მათ შორის ტაქსის მძღოლები თუ გამყიდველები, საქართველოს პირველივე ხსენებაზე იცნობენ და აღნიშნავენ, რომ შესანიშნავი ღვინო გვაქვს.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იყო ეს შეხვედრები ორგანიზებული, საუკეთესო ადგილებში გვქონდა და ყველგან იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო. სწორედ ასეთი მაღალი მხარჯველუნარიანების მქონე ქვეყნებიდან გვჭირდება მეტი ტურისტი ჩვენ“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა. პარალელურად B2B ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები და როუდშოუები გაიმართა, სადაც ქართულმა ტურისტულმა სექტორმა 50-ზე მეტ ადგილობრივ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პროდუქტები და პოტენციალი გააცნო.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.





