თამარ იოსელიანი: შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა „მსოფლიო ბანკმა“, რომელიც ამბობს, რომ 2040 წლამდე „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზრდება ოთხჯერ, შესაბამისად, გადაზიდვის დრო შემცირდება 2/3-ით. ასევე გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი დერეფნის მონაწილე ქვეყნებში. დაახლოებით, 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „მსოფლიო ბანკი“ ეკონომიკის დაახლოებით 3.3%-იან ზრდას ელოდება, თუმცა, საქართველოს კონტექსტში ეს დაახლოებით 3.6%-ია. შემუშავებული გვაქვს ათწლიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სექტორი და საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
9 თვის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 13%-იანი მატება გვაქვს და უკვე გადავზიდეთ 11 მილიონი ტონა ტვირთი. ნავსადგურებშიც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები, 24%-იანი მატება გვაქვს. კონტეინერების მიმართულებით, დაახლოებით 10%-იანი მატება გვაქვს. როდესაც ხაზს ვუსვამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის რეკორდული მაჩვენებელი.
ჩვენი ნავსადგურები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ დღეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში გეგმა-გრაფიკით მივდივართ. 2029 წელს ნავსადგური შევა სრულ ექსპლუატაციაში და მიიღებს ღრმაწყლოვან გემებს, რომლის მიღებასაც საქართველო დღეს მოკლებულია“, - აღნიშნა იოსელიანმა.





