ვისთვის და რატომ არის შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის?

ფოტო: AP
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვა მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს მიდგომა შეცვალა. ვისი ინტერესები იკვეთება რეგიონში? აღმოჩნდა, რომ როგორც რუსეთისთვის, ასევე - უკრაინისთვის შავი ზღვა ერთგვარი კარიბჭეა დანარჩენი მსოფლიოსკენ. შესაბამისად, მისი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა უზარმაზარია. თუმცა გამონაკლისს არც სხვა სახელმწიფოები წარმოადგნენ. პირველ რიგში, ეს ეხება ნატოს ქვეყნებს - თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს, რომელთაც რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვთ. სამივე მათგანი ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. როგორ ვლინდება ეს ინტერესები და იმოქმედა თუ არა მათზე რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტამ, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რატომ გამწვავდა შავ ზღვაზე ვითარება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციიამ „მარცვლეულის გარიგება“ გაწყვიტა?
მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა „მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც ომის პირობებში, შავი ზღვის პორტების გავლით, უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის საშუალებას იძლეოდა, შავ ზღვაზე ვითარება დაიძაბა. 19 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ივლისიდან შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება, ხოლო ასეთ გემებზე არსებული დროშების ქვეყნები „უკრაინის კონფლიქტში ჩართულ მხარედ“ (პროუკრაინული) მიიჩნევა.
მსგავსი განცხადება 20 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. აღნიშნული მიმართვის მიხედვით, ყველა გემს, რომლებიც მიემართება შავი ზღვის რუსული თუ ანექსირებული ტერიტორიების პორტებისკენ, 21 ივლისიდან კიევი სამხედრო ტვირთის გადამზიდავად განიხილავს.
შავი ზღვა, როგორც რუსეთის თავდაპირველი გავლენის სფერო
რუსეთი შავ ზღვას თავისი თავდაპირველი გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირის დროს, შავი ზღვა რუსეთის სამხრეთ ფლანგს წარმოადგენდა. მოსკოვი შავ ზღვას დღესაც განიხილავს როგორც საყრდენს, რომლითაც კრემლს შეუძლია გავლენა იქონიოს ხმელთაშუა ზღვაზე, ახლო აღმოსავლეთზე, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ევროპაზე. ის ასევე აძლევს რუსეთს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს უფრო შორეულ ქვეყნებსაც, სადაც აქტიურ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს. მაგალითად, სირიას ან ლიბიას. კერძოდ, სირიის ქალაქ ტარტუსში, რუსეთს უკვე აქვს საკუთარი სამხედრო - საზღვაო ბაზა.
რუსეთის ფედერაციისთვის რეგიონში მთავარ როლს ასრულებს მისი შავი ზღვის ფლოტი, რომლის მთავარი საზღვაო ბაზა 1783 წლიდან სევასტოპოლშია. ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ეს ქალაქი, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული, უაღრესად მნიშვნელოვანია კრემლისთვის. სწორედ აქ მდებარეობს რუსეთის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც სამხედრო დანიშნულებით ზამთარშიც გამოიყენება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი შავი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ს ფლობს. თუმცა, რეგიონში გავლენის გაფართოების წყალობით, მოსკოვი ახლა დე ფაქტო სანაპირო ზოლის დაახლოებით მესამედს აკონტროლებს.
1990-იანი წლებიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიც - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. პირველი სწორედ შავ ზღვაზე მდებარეობს. მოგვიანებით, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოაწყო, 2022 წლის თებერვალში კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამ ყველაფრის შედეგად, მან შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. შავ ზღვას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო პოლიტიკის კუთხითაც. ადგილობრივი პორტების მეშვეობით, მოსკოვი მარცვლეულის, სასუქებისა და სხვა საქონლის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ახორციელებს. შავ ზღვაზე გამავალი სავაჭრო გზა რუსეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მას შეუძლია საქონლის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდნენ.
რას ნიშნავს შავი ზღვა უკრაინისთვის? სასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო გზა
შავი ზღვის პორტების სავაჭრო მნიშვნელობა უკრაინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ომამდე უკრაინული ექსპორტის 50%-ზე მეტი შავ ზღვაზე მდებარე ქვეყნის უდიდესი პორტიდან - ოდესიდან გადიოდა. უპირველეს ყოვლისა, აქედან იგზავნებოდა მარცვლეული მსოფლიო ბაზრისთვის მანამ, სანამ რუსეთთან დადებულ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ივლისის შუა რიცხვებში ვადა ამოეწურა. ომამდე რუსეთისა და უკრაინის მიერ წარმოებული მზესუმზირის ზეთის ექსპორტი ერთობლივად მსოფლიო ექსპორტის 60%-ს შეადგენდა, ხორბლის შემთხვევაში - თითქმის 24%-ს, ქერის კი - დაახლოებით 19%-ს.
ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როდესაც რუსეთისა და უკრაინის ზემოთ ხსენებული განცხადებების გაანალიზება ხდება. რეგიონში სავაჭრო გადაზიდვების ინტენსივობის შემცირება ორივე სახელმწიფოს სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ომის ფონზე, უკრაინამ საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინული მარცვლეულის მხოლოდ 40%-ია ექსპორტირებულია შავი ზღვის გავლით, დანარჩენი კი - ევროკავშირის გავლით სახმელეთო გზით, საზღვაო ექსპორტზე კიევი დიდი ხნის განმავლობაში იქნება დამოკიდებული.
ევროპა: შავი ზღვა, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი
რაც შეეხება ევროკავშირს, მისთვისაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები. შავ ზღვაზე წვდომა აქვს ევროკავშირის ორ ქვეყანას - რუმინეთსა და ბულგარეთს. ბრიუსელმა საქართველოსა და უკრაინასთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. ევროკავშირი სულ უფრო მეტად განიხილავს შავ ზღვას, როგორც მნიშვნელოვან დერეფანს, რომლის ფუნქციაც აზიასა და ევროპას შორის საქონლისა და ენერგორესურსების ტრანსპორტირებაა.
როდესაც ევროპა ცდილობს, რუსულ ნავთობსა და გაზზე სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კავკასიური ქვეყნები (განსაკუთრებით კი - აზერბაიჯანი) სულ უფრო და უფრო წინა პლანზე გამოდიან. ბაქო ნავთობისა და გაზის ექსპორტს ევროპაში საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. შავი ზღვის ეს მარშრუტი გვერდს უვლის ჩრდილოეთით - რუსეთს და სამხრეთით - ირანს. შესაბამისად, მას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროპელებისთვის, რომლებმაც ორივე სახელმწიფოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
თავის მხრივ, შავ ზღვაზე ნატოს აქვს თავისი ინტერესები, რომლებიც უსაფრთხოებას ეხება. 1997 წლიდან უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღნიშნულ აკვატორიაში ფართომასშტაბიან წვრთნებს ყოველწლიურად ატარებდა. თუმცა, ნატოს წევრი მხოლოდ სამი ქვეყნის ფლოტი იმყოფება აქ მუდმივ რეჟიმში. კერძოდ, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის. ეს გამოწვეულია 1936 წლის მონტროს კონვენციით, რომელიც თურქეთს ბოსფორსა და დარდანელზე სრული სუვერენიტეტის გარანტიას აძლევს. სწორედ ესენია შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთი გასასვლელი. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, თურქეთმა დახურა ეს სრუტეები არა მხოლოდ რუსული, არამედ - ყველა სამხედრო ხომალდისთვის. ამიტომაც შავ ზღვაში საზღვაო ძალების ბალანსი დღემდე შენარჩუნებულია.
რატომ უნდა თურქეთს ინტერესთა ბალანსის შენარჩუნება?
ამრიგად, თურქეთს ახლა საკვანძო გეოსტრატეგიული პოზიცია უკავია, რადგან ის აკონტროლებს შავ ზღვაზე გასასვლელს, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებების გარანტიას აძლევს. ანკარა ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თურქეთი ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის სავაჭრო ურთიერთობაში თავს ძირითად მონაწილედ მიიჩნევს. ანკარა ძალიან დაინტერესებულია, რომ რეგიონში ნატოსთვის ძირითად მოთამაშედ დარჩეს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობას თურქეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ანკარაში, ასევე - მოსკოვში, შავი ზღვა ინტერესთა პრიორიტეტულ ზონად განიხილება. შესაბამისად, თურქეთი ყურადღებით აკვირდება, რომ შავი ზღვის რეგიონში ათწლეულების განმავლობაში განვითარებული ძალთა ბალანსი მაქსიმალურად შენარჩუნდეს. მონტროს კონვენცია ანკარას უფლებას აძლევს, შავი ზღვის რეგიონის საქმეებში სხვა მოთამაშეების ჩართვა არ დაუშვას და გამონაკლისს არც ნატო წარმოადგენს. ეს კი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.





