ტომ კრუზი ინიარიტუს ახალ ფილმს ვერ გადაარჩენს. არის თუ არა „დიგერი“ სრული კრახი?

მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი "Digger"-ი („დიგერი“) უკვე მსოფლიო კინოთეატრებში გადის. ეს რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია „The Revenant“-ის შემდეგ („ბარდო“, რომელიც 2022 წელს გამოვიდა, ესპანურენოვანი იყო). ფილმში, რომელიც შავი კომედიის ჟანრშია წარმოდგენილი, მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
რას ამბობენ კინოკრიტიკოსები?
ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ქაოტური, ციებ-ცხელებით სავსე და წინააღმდეგობრივი კოშმარი - ასე აფასებენ ფილმს კინოკრიტიკოსები. მათი შეფასებით, „დიგერი“ ერთ-ერთია იმ სიზმრებიდან, რომლებიც იმდენად ბოდვაა, რომ გაღვიძებისთანავე მათი მოყოლა შეუძლებელია. ეს კინო არ არის, ეს სრული საზიზღრობაა, - ამბობენ ისინი. კრიტიკოსების თქმით, პროექტში ჩართული არიან უდავოდ ნიჭიერი მსახიობები, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და ყველაფერი გაიღეს, რაც ამ ყველაფერს ხდის კიდევ უფრო აღმაშფოთებელს და მეტად საინტერესოს ანალიზის თვალსაზრისით. უდავოა, რომ ფილმი აშკარა ინტერპრეტაციებს სცდება. ეს არის ფესტივალებისა და ჯილდოების ფავორიტის, კოსმოპოლიტი მექსიკელის - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს მცდელობა, რომ Netflix-ისთვის გადაღებული „ბარდოს“ წარუმატებლობის შემდეგ ფორმაში ჩადგეს. კრიტიკოსების შეფასებით, ეს ტომ კრუზის მცდელობაც არის, რომ უამრავი „მისიის“ შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის დამსახურებული სამსახიობო ოსკარი მიიღოს.
თუმცა რეჟისორსაც და მსახიობსაც, ისევე როგორც გადამღები ჯგუფის სხვა წევრებს, უფრო სერიოზული მისია ჰქონდათ: შეექმნათ სარკასტული სურათი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე, ამავდროულად, შეენარჩუნებინათ ბალანსი მუქარის შემცველ სატირასა და პოსტმოდერნისტულ ესთეტიკურ ნეიტრალიტეტს შორის. კრიტიკოსების განცხადებით, რაც უფრო ამბიციურია პრეტენზია, მით უფრო დამანგრეველია წარუმატებლობა. როგორც ისინი ამბობენ, ემანუელ ლუბეცკი კიდევ ერთხელ გვაოცებს თავისი პროფესიონალიზმითა და ვიზუალური დიაპაზონით. ამდენად, თუ „დიგერის“ საყურებლად ერთი მიზეზი მაინც გჭირდებათ, ეს უნდა იყოს საუკეთესო თანამედროვე ოპერატორის ვირტუოზული, პოეტური ოპერატორული ნამუშევარი და არა - ტომ კრუზისა და მისი ვიზაჟისტების გუნდის ტიტანური ძალისხმევა.
და მაინც, რაზეა „დიგერი“?
დიგერ როკველი (ტომ კრუზი) მოხუცი ტექსასელი ნავთობის მაგნატია: დანაოჭებული, მოუვლელი, ჭარბწონიანი და მუდმივად აჩეჩილი თმებით. დიგერი ნარცისი, დესპოტი, ხარბი და სულელია. ის იდეალური ანტიკაპიტალისტური კარიკატურაა. უფრო მეტიც, ის ფლობს ძვირფას ნიჩაბს, როგორც ბაბუის მემკვიდრეობას, რითიც როკველების კლანის გამდიდრება დაიწყო.
დიგერი მარტოსულია, თუ არ ჩავთვლით მის ენერგიულ ნახევარდასა (სანდრა ჰიულერი) და საყვარელ თეთრ კატა მეგის (შესანიშნავი ანიმატრონული თოჯინა, რომელიც ცოცხალ არსებას თითქმის არ ჰგავს). მდიდარი ბიზნესმენი გაცილებით მეტად ღელავს ცხოველის ჯანმრთელობაზე, ვიდრე - გრენლანდიის მყინვარებზე მოსალოდნელი კატასტროფის გამო, სადაც მისი კომპანია რეკორდული რაოდენობის ნავთობს მოიპოვებს. ავარია მართლაც ხდება და ის მოიცავს არა მხოლოდ დიგერის საბურღ დანადგარებს, არამედ - მთელ მსოფლიოს. კონტინენტები, ერთმანეთის მიყოლებით, დაშლისა და განადგურების საფრთხის წინაშე დგანან. ინიარიტუს პერსონაჟი გამოდის ანიმაციური ფილმის, „დიდი გამყინვარების“ ერთ-ერთი პერსონაჟის - გიჟი ციყვის როლში, რომლის სიხარბეც ნანატრი თხილის მოსაპოვებლად სამყაროს მთლიანობაში შეუქცევად ბზარს ქმნის.
ფილმში განვითარებული შემდეგი მოვლენები ბანალურად პროგნოზირებადია. კრიტიკოსების შეფასებით, ფილმი ზოგადი პერსონაჟების უხეში კარიკატურების გალერეად იშლება: გარემოსდამცველი (რიზ აჰმედი), რომელსაც ეშინია დამსაქმებლის და ამგვარად მისი თანამზრახველი ხდება; აგრესიული და გონებადაკარგული პრეზიდენტი, რასისტი და სექსისტი, რომელიც კიბოთი კვდება (ჯონ გუდმენი); მისი მშიშარა და ჩუმი ვიცე-პრეზიდენტი (მაიკლ სტულბარგი); ჯარისკაცი-გენერალი (რობერტ ჯონ ბერკი), რომელიც ვინმეს დაბომბვისთვის ყოველთვის მზად არის. ისევ და ისევ კინოკრიტიკოსებს თუ დავეყრდნობით, ფილმის იდეა საკმაოდ მარტივია: მილიონერები და პოლიტიკოსები, თავიანთი სიხარბითა და სისულელით, აპოკალიფსამდე მიგვიყვანენ.
იდეისგან განსხვავებით, ვიზუალიზაცია რამდენად ორიგინალურია?
ვიზუალური გადაწყვეტილებები ფილმის განვითარებასთან ერთად სულ უფრო დახვეწილი ხდება. მაგალითად, სცენა, სადაც დიგერი სინანულს გამოხატავს დიდი აუდიტორიის (ჩათვალეთ, მთელი კაცობრიობის) წინაშე, როი ანდერსონის სტილშია შესრულებული. ბრბოს კლოუნის მაკიაჟი დიზაინის სრულყოფილებასთან არის შერწყმული, რის გამოც მაყურებელი თვალს ვერ მოწყვეტს ამ სანახაობას, განსაკუთრებით კი, დიალოგის მნიშვნელობას თუ არ ჩაუღრმავდება. შინაარსის თვალსაზრისით, დიგერი დამარცხებულია არა მხოლოდ სტენლი კუბრიკის ყოველთვის აქტუალურ „დოქტორ სტრეინჯლავთან“ (კლასიკასთან დიალოგი ჯერ კიდევ თრეილერში იყო გაცხადებული), არამედ ადამ მაკკეის საკამათო „არ აიხედოსთანაც“ კი. ამის მიზეზი მარტივია: დიგერი მუდმივად ცდილობს სასაცილო იყოს, მაგრამ არ გამოსდის. ერთ-ერთი კინოკრიტიკოსის თქმით, მან ფილმი ლოს-ანჯელესის გადავსებულ კინოთეატრში ნახა და მთელი ჩვენების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ჩაცინება გაიგო. როგორც ამბობენ, კომედიისთვის ეს სასიკვდილო განაჩენია.
კინოკრიტიკოსების თქმით, „დიგერი“ ორი კურდღლის მადევრის შესახებ ანდაზის მონუმენტური ილუსტრაციაა. მრავალშრიანი ნაწარმოების ნაცვლად, რომელსაც მრავალმხრივი გზავნილი აქვს, ინიარიტუმ და მისმა ოთხმა (!) თანასცენარისტმა - ალექსანდრე დინელარისმა, ნიკოლას ჯაკობონემ, საბინა ბერმანმა და ჯეზ ბატერუორტმა - შექმნეს მოკლე, უინტერესო და უსახური კომედია, რომელიც ფუფუნების სამოსშია გახვეული, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაყურებლისა და კრიტიკოსების შეცდომაში შეყვანა შეძლოს. მიუხედავად ამისა, თხრობისა და ფორმის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფენის შემოღება ნათლად ხსნის ფილმის მიზანს. „დიგერის“ შემქმნელებს არ უცდიათ მსოფლიოს ბატონების გამოაშკარავება თავიანთი მწვავე კრიტიკით, რაც „ყველას სანაგვიდან ამოყრას“ გულისხმობდა. მათ უბრალოდ გულწრფელად აღიარეს ხელოვნების უუნარობა, იპოვოს ადეკვატური საშუალება (ბიუჯეტის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს), რომ დაძლიოს ის გლობალური ჩიხი, რომელშიც დღეს კაცობრიობა აღმოჩნდა. ასეთ დროს რა დოზის თავისუფლებაც არ უნდა მისცენ პროდიუსერებმა რეჟისორს, რამდენიც არ უნდა ეცადოს ჭეშმარიტად შესანიშნავი მსახიობი ტომ კრუზი, მიზანი მიუღწეველი რჩება.





