მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რა პრობლემებია ქვეყნის ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში?

მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან მოლდოვამ ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტმა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. თუ რატომ დასჭირდა მოლდოვის ხელისუფლებას ამ ზომის მიღება და რა ვითარებაა კიშინიოვში, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რატომ გამოაცხადა მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა?
მოლდოვის ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში ზამთრის სეზონის წინ საგანგებო მდგომარეობის დაწესება გამოწვეულია სამი რეგიონული კრიზისით, რომელთაც, პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანის თქმით, შესაძლოა, საშიში კუმულაციური შედეგები გამოიწვიონ. კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო, გაზის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ მოქმედ ტარიფში ჩადებულ ღირებულებას 50%-ით გადააჭარბა. მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი მოცულობების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს საწვავის დეფიციტი, რომლის წინაშეც მოლდოვა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში დადგა. გარდა ამისა, წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა დნესტრის აუზში, რომელიც კიშინიოვის 700- ათასიან აგლომერაციას ამარაგებს.
გადაწყვეტილება მაია სანდუს მიერ იყო ინიცირებული
მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 21 სექტემბერს, მოლდოვის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი მაია სანდუ თავმჯდომარეობდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობას დაევალა სტრატეგიის შემუშავება, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, ხელისუფლებამ სწრაფად მოქმედება შეძლოს. აღნიშნული გეგმა პარლამენტს ვასილე ტოფანმა წარუდგინა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ეროვნული კრიზისების მართვის კომისიას აძლევს უფლებამოსილებას, საჭირო აღჭურვილობა შეიძინოს დაჩქარებული შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე და მიიღოს დროებითი, სავალდებულო გადაწყვეტილებები ენერგორესურსების იმპორტ-ექსპორტისა და განაწილების სფეროში, პრიორიტეტად დაასახელოს ელექტროენერგიის მიწოდება და შეზღუდოს წყლის მოხმარება. ფასების ზრდის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია დროებით შეცვალოს წესები ტარიფებთან, გადასახადებსა და აქციზებთან დაკავშირებით.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პრორუსული „სოციალისტური პარტია“ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ეწინააღმდეგებოდა. ფრაქციის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობას საიდუმლო კონტრაქტების დასადებად და გაუმჭვირვალე სქემების გადასაფარად იყენებს. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობა კრძალავს საპროტესტო აქციებს, რომლებიც „სოციალისტური პარტიას“ ჰქონდა დაანონსებული. ზემოთ ხსენებული ინიციატივის სანაცვლოდ, ოპოზიციამ მთავრობას შესთავაზა „სასწრაფოდ დაეწყო მოლაპარაკებები ალტერნატიული ენერგიის მიმწოდებლებთან, პირველ რიგში კი - რუსეთთან“.
ფასების ზრდა და კომპენსაცია
ენერგეტიკის ექსპერტი სერგეი ტოფილატი სოციალისტების განცხადებას წმინდა პოპულიზმს უწოდებს. ტექნიკური თვალსაზრისით, ის განმარტავს, რომ „გაზპრომს“ არ აქვს მოლდოვისთვის გაზის მიწოდების შესაძლებლობა, რადგან მისი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი მარშრუტის - „თურქული ნაკადის“ სიმძლავრე მისი მოქმედი კონტრაქტებით სრულად არის ათვისებული. პოლიტიკურად, მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება სომხეთში, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. „მოლდოვამ უკვე განიცადა მსგავსი ენერგეტიკული შანტაჟი“, - ამბობს სერგეი ტოფილატი. თუმცა საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს ნამდვილად არ გვპირდება, - აგრძელებს ექსპერტი.
DW-ს კორესპონდენტის მიერ კიშინიოვის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეებს ეშინიათ 2022 წლის ზამთრის სცენარის გამეორების, როდესაც მოლდოვაში კუბური მეტრი გაზის ფასი მკვეთრად, 1.50 ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, 2-ოთახიანი ბინის გათბობის ღირებულებამ მაშინ თითქმის 200 ევრო შეადგინა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საშუალო პენსია მხოლოდ 170 ევრო იყო. ამჟამად, მოლდოვაში კუბური მეტრი გაზის ფასი, 1 სექტემბერს დაფიქსირებული 41%-იანი ზრდის შემდეგ, ზუსტად 1 ევროა. თუმცა გაზის მიწოდებაზე პასუხისმგებელმა კომპანია „ენერგოკომმა“ უკვე წარადგინა ახალი განაცხადი ენერგეტიკის რეგულირების სააგენტოში ტარიფის კიდევ 29%-იანი ზრდის მოთხოვნით. „სამწუხაროდ, 2022 წლის სცენარის გამეორება რეალურია. ზამთრის სეზონზე გაზის ფასების პროგნოზირება კი - შეუძლებელი“, - ამბობს სერგეი ტოფილატი. დაცვის მექანიზმები მოლდოვას მწირი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის კომპენსაციაა. ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მთავრობა ცივი სეზონის განმავლობაში ასეთი დახმარებისთვის რესურსებს მოიძიებს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა აღნიშნული რესურსის რადიკალური შემცირება დააანონსა.
ელექტროენერგეტიკის პრობლემები
პარლამენტში გამოსვლისას ვასილე ტოფანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის. მოლდოვას ზამთრის პიკის საათებში 400-450 მეგავატი სიმძლავრის იმპორტი სჭირდება, ხოლო რუმინეთიდან ელექტროენერგიის ნაკადის გარანტირებული სიმძლავრე მხოლოდ 360 მეგავატია. დეფიციტი, როგორც წესი, უკრაინის ხარჯზე იფარებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. Moldelectrica-ს დირექტორმა სერგიუ კარმანსკიმ მოგვიანებით განმარტა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების შესანარჩუნებლად უკიდურესი ვარიანტი განიხილება. ეს ვარიანტი რუმინეთთან ურთიერთდაკავშირებას ეფუძნება. მოლდოვას ოთხი 110-კილოვოლტიანი და ერთი 400-კვ ძაბვის ხაზი აქვს. გარკვეულ პირობებში, ამ ხაზებს რუმინეთის ქსელიდან დაახლოებით 120 მეგავატი სიმძლავრის მიღება შეუძლიათ.
დნესტრი სულ უფრო იკლებს
ჰიდროლოგიურ სფეროში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ დნესტრის კომისიის 23 სექტემბერს გამართული რიგგარეშე სხდომის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წყლის ნაკადის დროებითი შემცირების შესახებ. ეს ეხება უკრაინაში მდებარე წყალსაცავიდან მოლდოვის მიმართულებით გაშვებულ წყალზე, რომლის მოცულობაც წამში 75-დან 60 კუბურ მეტრამდე მერყეობს. ეს რეჟიმი ძალაში დარჩება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. თავად დნესტრის წყალსაცავი წამში მხოლოდ 22 კუბურ მეტრ წყალს იღებს და შემოდინება ისევ არასტაბილურია. თუ მდინარის აუზში საკმარისი ნალექი არ მოვა, წყლის მარაგი კვლავ შემცირდება. დნესტრის კომისიის წევრი მოლდოველი ეკოლოგი ილია ტრომბიცკი კიშინიოვში ცხოვრებას „ეფემერული უსაფრთხოების განცდას“ უწოდებს. ეკოლოგი განმარტავს, რომ ონკანებში წყალია და ხალხი ბედნიერია, მაგრამ დნესტრის ქვედა ბიეფში დეგრადაციული ცვლილებები უკვე დაწყებულია. „მდინარე ტბის სისტემად გარდაიქმნება. წყალმცენარეები შემცირდა, ხოლო თევზის ზოგიერთი სახეობა საერთოდ გაქრა“, - ამბობს ტრომბიცკი. დნესტრის წყალსაცავის წყლის დონემ ისტორიულ მინიმუმს - 111.05 მეტრს მიაღწია. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა წყლის დაზოგვას ნამდვილად შეუწყობს ხელს, თუმცა ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება მხოლოდ ამინდზეა დამოკიდებული. ეკოლოგი აცხადებს, რომ ახლოვდება დრო, როდესაც უკრაინა ბუნებრივ დინებაზე გადავა და იმდენ წყალს გამოუშვებს, რამდენსაც მიიღებს.





