ვინ იყო თბილისელი რეჟისორი, რომელმაც ამერიკაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფერადი ფილმი გადაიღო - 28 დეკემბერი კინოს დაბადების დღეა

28 დეკემბერს მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რადგან 1895 წელს, სწორედ 28 დეკემბერს მოაწყვეს ძმებმა ლუმიერებმა პარიზში, კაპუცინების ბულვარზე „გრანდ-კაფეში“ პირველი საჯარო კომერციული კინოჩვენება და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი შესთავაზეს პუბლიკას.
კინემატოგრაფიის დაბადება
მართალია, ფრანგმა მეწარმეებმა და გამომგონებლებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა, რომელთაც რამდენიმე თვით ადრე მიიღეს პატენტი „სინემატოგრაფად“ წოდებულ გამოგონებაზე, 1896 წლის მარტში მხოლოდ მეგობრებისთვის მოწყობილ კინოსეანსზე წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მუშების გამოსვლა ლუმიერის ქარხნიდან“, მაგრამ კინოს დაბადების დღედ მაინც 1895 წლის 28 დეკემბერი ითვლება, რადგან სწორედ ამ დღეს მოეწყო პირველი ფასიანი კინოჩვენება ფართო აუდიტორიისთვის.
მოულოდნელი ეფექტი და საოცარი პანიკა გამოიწვია მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მატარებლის შემოსვლამ ლა სიოტას სადგურზე“ ჩვენებამ. თავზარდაცემული მაყურებელი ერთიანად მიაწყდა დარბაზის კარს, რადგან ჩათვალა, რომ ეკრანზე მოახლოებული მატარებელი აუცილებლად მათაც გადაუვლიდა.
იღბლიანი გამოგონება
ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც კინემატოგრაფია განვითარდა 1830-იან წლებში გაჩნდა, როცა ჟოზეფ პლატომ და სიმონ ფონ შტამპფერმა პრაქტიკულად ერთდროულად გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც მოგვიანებით „ფენაკისტოსკოპი“ ეწოდა. მბრუნავი დისკით აღჭურვილი აპარატი რამდენიმე ნახატის უწყვეტად ჩვენების საშუალებას იძლეოდა, რაც თავის მხრივ მოძრავი გამოსახულების ეფექტს ქმნიდა.
არ ჩამორჩნენ პლატოსა და ფონ შტამპფერს არც თომას ედისონი და მისი თანამოაზრე უილიამ დიქსონი, რომელთაც 1890 წელს „კინემატოგრაფად“ წოდებული პირველი კინოკამერა, ერთი წლის შემდეგ კი, კინეტოსკოპი ანუ ხელსაწყო გამოიგონეს, რომლითაც გადაღებული ფირის ჩვენება შეიძლებოდა.
სწორედ კინეტოსკოპი დახვეწეს ძმებმა ლუმიერებმა, როცა ბევრად პატარა, მსუბუქი და მობილური „სინემატოგრაფი“ გამოიგონეს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ფირსაც ზოგავდა და ხარჯსაც მნიშვნელოვნად ამცირებდა. „სინემატოგრაფი“ ლუმიერებმა 1895 წელს წარადგინეს პირველად ფრანგული ფოტომრეწველობის კონფერენციაზე, რამდენიმე დღეში კი, პატენტი მიიღეს საკუთარ გამოგონებაზე.
პირველი მხატვრული ფილმი
პირველ მხატვრულ ფილმად ლუმიერების „გაწუწული მებაღე“ ითვლება, რომელიც 28 დეკემბერს მოწყობილი კინოსეანსის პროგრამაში შევიდა. 49-წამიან და ერთკადრიან კომედიაში პირველად გათამაშდა წინასწარ მოფიქრებული სცენა, როცა ბიჭუნამ ჯერ ფეხი დააბიჯა მებაღის შლანგს, რომლითაც ყვავილებს რწყავდა, მერე კი აუშვა და საბრალო მებაღეს პირდაპირ სახეში მოხვდა წყლის ჭავლი. აღსანიშნავია, რომ მცირე ქრონომეტრაჟის მიუხედავად, ფილმი იდეალურად გაიმართა დრამატურგიულად, რადგან სწრაფად განვითარებულმა სიუჟეტმა ჯერ კულმინაციას მიაღწია, რასაც კვანძის გახსნა და ლოგიკური ფინალი მოჰყვა. მთავარი როლი კომედიაში ლუმიერების მებაღემ ფრანსუა კლერმა შეასრულა, აბეზარი ბიჭუნა კი, ერთ-ერთი მოსამსახურის შვილმა განასახიერა.
კინემატოგრაფიის განვითარება
გადაღებისა და პროექციის ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ ახალბედა კინემატოგრაფისტები მხატვრული მეთოდების გამოგონებას შეუდგნენ. 1896 წელს საკუთარი ფილმი „მდინარიდან გადარჩენა“ წარადგინა ჟორჟ მელიესმა, რომელმაც პირველმა გამოიყენა მონტაჟი. მელიესი ითვლება ისეთი ინოვაციების ავტორადაც, როგორიც ორმაგი ექსპოზიცია და სხვადასხვა მასშტაბის გამოსახულების გაერთიანებაა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ ფილმების ქრონომეტრაჟი გაგრძელდა 15-20 წუთამდე, მერე სიუჟეტები გართულდა. გაჩნდა ჟანრები, რომელთაც მხატვრული თავისებურებები და გამომსახველობის სპეციფიკური მეთოდები განასხვავებდა ერთმანეთისგან. ამასთანავე, დაიხვეწა რეჟისურა და სამსახიობო ოსტატობა, გაიხსნა კინოთეატრები და სტუდიები ჯერ ევროპის, მერე მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში.
1925 წელს კინოკომპანიამ Warner Brothers-მა, რომელიც გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა, გარისკა და პირველი ხმოვანი ფილმი დადგა, თუმცა მცდელობამ ნაკლებად გაამართლა. გამარჯვება კომპანიამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ იზეიმა, როცა ალან კროსლანდმა მუსიკალური დრამა „ჯაზის მომღერალი“ დადგა და ელ ჯოლსონის მუსიკალური ნომრები მოკლე კომენტარებთან გააერთიანა. სწორედ კროსლანდის „ჯაზის მომღერლით“ აღინიშნა ახალი - ხმოვანი კინოს ერა მსოფლიო კინემატოგრაფიაში.
1920-იან წლებში კინოს „გაფერადებაზე“ დაიწყო მუშაობა. მართალია, 1922 წლის ექსპერიმენტი - რამდენიმეწუთიანი სიუჟეტი კალიფორნიის ვენახებში ღვინის დაწურვაზე უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ წარმატება მოიპოვა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა La Cucaracha, რომელიც ამავე სახელწოდების სიმღერის მოტივებზე შეიქმნა, ერთი წლის შემდეგ, რუბენ მამულიანმა პირველი სრულმეტრაჟიანი ფერადი ფილმი „ბეკი შარპი“ გადაიღო. სწორედ მამულიანის ნამუშევრით „გაფერადდა“ კინემატოგრაფია და შეიძინა ყველა ის ძირითადი მახასიათებელი, რომელთა დახვეწამ და განვითარებამ ხელოვნების ერთ-ერთ უძლიერეს დარგად აქცია.
სომხური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა – რუბენ მამულიანმა ბავშვობა და სიყმაწვილე ტფილისში გაატარა. ის 1897 წლის 8 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. რუბენის დედა, ვირჯინ ქალანთარიანი თბილისის სომხური თეატრის მსახიობი იყო, რუბენის მამა - ბანკირი. რუბენ მამულიანი ნერსესის სომხურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1918 წელს, რუბენ მამულიანმა თბილისში საკუთარი დრამატული წრე ჩამოაყალიბა. თუმცა ორი წლის შემდეგ სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო. 1922 წელს კი, ლონდონში, 25 წლის რუბენმა პირველი სასცენო დადგმა განახორციელა, რამაც წარმატება მოუტანა და არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო. ერთ-ერთი შემოთავაზებით, 1923 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ-იორკის შტატში, როჩესტერში, ჯორჯ ისტმენის თეატრში დაიწყო ოპერებისა და ოპერეტების დადგმა. ასე დაიწყო რუბენ მამულიანის კარიერა თეატრსა და მოგვიანებით კინოში, რაც თითქმის ოთხი ათწლეული გაგრძელდა.





