ვინ არის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი? ჯეი დი ვენსი - ტრამპის კრიტიკიდან მის პარტნიორობამდე

ფოტო: shutterstock.com
„მე არასდროს ვყოფილვარ „ტრამპის ბიჭი“. მე ის არასდროს მომწონდა“. „ღმერთო ჩემო, რა იდიოტია“, - ეს არის ამონარიდი ჯეი დი ვენსის ინტერვიუებიდან და „ტვიტერის“ პოსტებიდან, როდესაც 2016 წელს მისი მემუარები გამოქვეყნდა და ის პოპულარული გახდა. იმავე წელს მან თავის კოლეგას „ფეისბუკზე“ პირადად მისწერა: „ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ტრამპი ცინიკოსი არამზადაა თუ - ამერიკის ჰიტლერი“. არა და, რამდენიმე წლის შემდეგ, ვენსი ტრამპის ერთ-ერთ მტკიცე მოკავშირედ იქცა.
ოჰაიოს სენატორი, რომელიც პირველი ვადით არის არჩეული, ახლა ტრამპის გვერდით დგას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება რესპუბლიკელთა ფავორიტი კანდიდატი, რომლის საიმედოდ კონსერვატიული მიდგომები და შუა დასავლური წარმომავლობა რესპუბლიკელებს საარჩევნო ყუთთან ელექტორატის მხარდაჭერის იმედს აძლევს. ფაქტობრივად, მისტერ ვენსმა ტრანსფორმაციის შესაშური უნარი გამოავლინა. თუ რა გზა გაიარა მან და როგორ მიაღწია ამერიკული პოლიტიკის უმაღლეს საფეხურებს, BBC-მ გაარკვია.
ის პოპულარული მემუარებმა გახადა
ჯეი დი ვენსი დაიბადა მიდლთაუნში (ოჰაიო). დედამისი ებრძოდა დამოკიდებულებას, მამამ კი ოჯახი დატოვა, როდესაც ჯეი დი პატარა იყო. მას ზრდიდნენ ბებია და ბაბუა, რომლებზეც ის 2016 წელს გამოცემულ მემუარებში დიდი სიყვარულით საუბრობს. აღნიშნულ გამოცემაში ვენსმა თავისი ოჯახისა და მეგობრების განსაცდელები, სირთულეები და არასწორი გადაწყვეტილებები გულწრფელად ასახა. გარდა ამისა, მის წიგნში აშკარად კონსერვატიული შეხედულებები დომინირებს. ვენსი აღწერს თავის პერსონაჟებს, როგორც ქრონიკულ მხარჯავებს, სოციალურ კეთილდღეობაზე დამოკიდებულებს, რომლებიც უმეტესწილად, ფეხზე დადგომას ვერ ახერხებენ.
მისი თქმით, ადგილობრივებს „ცუდ გარემოებებზე, ყველა შესაძლო ვარიანტიდან, უარესი რეაქცია აქვთ“. გარდა ამისა, მოქალაქეები წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, რჩებიან იმ კულტურის ნაწილად, „რომელიც სოციალურ წესრიგს შთანთქავს“. „სიმართლე მწარეა და ყველაზე მძიმე ჭეშმარიტება მთის ხალხისთვის არის ის, რაც მათ საკუთარ თავზე უნდა თქვან”, - წერს ვენსი. ის „ელიტებისა“ და საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილის მიმართ ზიზღს გამოხატავდა და თავს წარმოაჩენდა ანტიპოდად ქრონიკული წარუმატებლობის მქონე იმ ადამიანებისა, ვისთან ერთადაც იზრდებოდა.
წიგნის გამოქვეყნების დროისთვის მისტერ ვენსი მიდლთაუნიდან უკვე შორს იყო. თავდაპირველად ის მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ქვეით ბრიგადაში, შემდეგ კი - ერაყში. ის სწავლობდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტსა და იელის იურიდიულ სკოლაში. მემუარმა სახელწოდებით - Hillbilly Elegy-მ ის არა მხოლოდ ბესტსელერ ავტორად აქცია, არამედ სასურველ კომენტატორადაც, რომელსაც ხშირად სთხოვდნენ, რომ აეხსნა, თუ რატომ იყო დონალდ ტრამპი მიმზიდველი თეთრკანიანი მუშათა კლასის ამომრჩევლისთვის. ის იშვიათად უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, რესპუბლიკელთა მაშინდელი კანდიდატი გაეკრიტიკებინა. ”ვფიქრობ, ეს არჩევნები ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით, თეთრკანიან მუშათა კლასზე”, - თქვა მან 2016 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში. „ეს ადამიანებს აძლევს საშუალებას, თითი გაიშვირონ სხვისკენ - მექსიკელი ემიგრანტებისკენ, ჩინეთის ვაჭრობისკენ, დემოკრატიული ელიტისკენ ან კიდევ სხვა რამისკენ“,- დასძინა მან.
სარისკო კაპიტალიდან პოლიტიკამდე
2017 წელს მისტერ ვენსი ოჰაიოში დაბრუნდა და სარისკო კაპიტალის ინდუსტრიაში მუშაობა განაგრძო. მას და მის მეუღლეს უშა ჩილუკური ვენსს, რომელიც იელის უნივერსიტეტში გაიცნო, ჰყავთ სამი შვილი - ივენი, ვივეკი და მირაბელი. ინდოელი ემიგრანტების შვილმა უშა ვენსმა, რომელიც სან დიეგოში გაიზარდა, სრულებით განსხვავებული გზა გაიარა, ვიდრე - მისმა ქმარმა. მან იელის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხური გაიარა და მაგისტრის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. იურიდიული სკოლის დამთავრების შემდეგ, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსთან კლერკად მუშაობდა, ამჟამად კი სამოქალაქო სამართლის სფეროში იურისტია. ვენსს დიდხანს განიხილავდნენ, როგორც პოლიტიკურ კანდიდატს და მანაც დაინახა შესაძლებლობა, როდესაც რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა ოჰაიოდან გადაწყვიტა, 2022 წლის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კამპანია თავიდან ნელა ვითარდებოდა, ვენსმა10 მილიონი დოლარი (7,7 მილიონი ფუნტი) შემოწირულობის სახით მიიღო ყოფილი უფროსის, „სილიკონის ველის“ ბროკერის, პიტერ ტილისგან. თუმცა რეალური დაბრკოლება, რომელიც ვენსს რესპუბლიკურ შტატ ოჰაიოში გამარჯვებაში ხელს უშლიდა, იყო წარსულში ტრამპის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მან ამისთვის ბოდიში მოიხადა, შესაბამისად, მოახერხა ურთიერთობის გამოსწორება და ტრამპის მხარდაჭერის მოპოვება. ამ პროცესის განმავლობაში, მისტერ ვენსი გახდა სულ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჰქვია „გახადე ამერიკა ისევ დიდებული“ და ამით ის ტრამპის პროგრამას, ფაქტობრივად, შეუერთდა.
როგორია მისი პოზიცია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით?
ვენსი სენატში იყო საიმედო კონსერვატიული ხმა, რომელიც მხარს უჭერდა პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამასთანავე, უკრაინის დახმარებასთან მიმართებით სკეპტიკურად განწყობილ კონგრესმენთაგან ერთ-ერთია. დემოკრატების უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატაში მისი ხანმოკლე ყოფნის გათვალისწინებით, კანონპროექტები, რომლებსაც ვენსი აფინანსებდა, იშვიათად მიიწევდა წინ და უფრო ხშირად, მიზნად ისახავდა საჭირო სიგნალების გაგზავნას, ვიდრე - ამა თუ იმ მიმართულებით პოლიტიკის შეცვლას. ბოლო თვეების განმავლობაში, მან წარადგინა კანონპროექტები, რომლებიც ეხებოდა ფედერალური დაფინანსების შეჩერებას იმ კოლეჯებისთვის, სადაც ღაზას სექტორში ისრაელის ომის წინააღმდეგ საპროტესტო განწყობები სუფევს ან შესაბამისი საპროტესტო აქციები იმართება. ეს ეხება იმ სასწავლო დაწესებულებებსაც, სადაც დოკუმენტების არმქონე ემიგრანტები არიან დასაქმებული.
მარტში, ვენსი ლობირებდა იმ კანონპროექტსაც, რომელიც ჩინეთის მთავრობას ჩამოაშორებს აშშ-ის კაპიტალის ბაზრებს, თუ ის საერთაშორისო ვაჭრობის კანონებს არ შეასრულებს. ყველა ამ საკითხზე მან ისაუბრა კონსერვატიზმის ეროვნულ კონფერენციაზე თავის ბოლო გამოსვლაში, რომელზეც განაცხადა: „ამერიკული დემოკრატიის საფრთხე არის ის, რომ ამერიკელი ამომრჩევლები იმიგრაციის შემცირებას აძლევენ ხმას, ჩვენი პოლიტიკოსები კი მათ სულ უფრო მეტი რაოდენობით გვთავაზობენ“. მისი თქმით, მემარცხენეების ალყაშია ამერიკული ოცნების იდეა, რომელიც არის ”ძალიან ძირითადი იდეა, რომ თქვენ შეძლოთ კარგი ცხოვრების მოწყობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის იმ ქვეყანაში, რომელსაც სახლს უწოდებთ”.
ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის ჩართულობას უკრაინაში „არ აქვს აშკარა შედეგი ან თუნდაც მიზანი, რომლის მიღწევასთან ახლოს ვართ“. ამასთანავე, კონფერენციაზე მან თქვა, რომ იმიგრაციის პრობლემას ბრიტანეთი „კარგად ვერ ართმევს თავს“ და ლეიბორისტული მთავრობის პირობებში, ქვეყანა გახდა "პირველი ჭეშმარიტად ისლამისტური ქვეყანა", რომელსაც ბირთვული ბომბი აქვს. ვენსმა, რომელიც კათოლიკედ 2019 წელს მოინათლა, 15 კვირის შემდეგ აბორტების აკრძალვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თუმცა მან ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა ტრამპის მოსაზრებას, რომ ეს საკითხი სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. 2022 წელს ჰიტლერის შესახებ გაკეთებული განცხადება ვენსის სპიკერმა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ის ამ შეხედულებებს აღარ იზიარებს.
რა რეაქცია მოჰყვა მის ახალ ამპლუას?
მისტერ ვენსმა ორშაბათს მილუოკიში გამართულ კონგრესზე გამოსვლისას მხურვალე ტაში დაიმსახურა. ის მიუახლოვდა ოჰაიოს კონტინგენტს და სცენაზე თავმდაბლურად გამოიყურებოდა. მან დელეგატებთან სელფებიც გადაიღო. „ის თავმდაბალია და ახალგაზრდაა“, - თქვა დელეგატმა ამანდა საფკულმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოში.
ვენსი ასევე იყო ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის რესპუბლიკელი, რომელმაც თითი დაუქნია დემოკრატების წინასაარჩევნო რიტორიკას, შაბათს გამართულ მიტინგზე დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ. „ბაიდენის კამპანიის ძირითადი პათოსი არის ის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ავტორიტარული ფაშისტი, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე, სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ. „ამ რიტორიკამ პირდაპირ გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა“,- დასძინა მან. ორშაბათს გაკეთებულ კომენტარში პრეზიდენტმა ბაიდენმა ვენსს უწოდა "ტრამპის კლონი", რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეეცდებიან დემოკრატები მის წარმოჩენას კამპანიის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.





