ვინ არის ჩინეთი გერმანიისთვის - პარტნიორი თუ კონკურენტი? რაზე ისაუბრებენ ბერლინის შეხვედრაზე?

ფოტო: Getty Images
ბერლინში გერმანია-ჩინეთის მთავრობათაშორისი კონსულტაციები იწყება. ამ ფორმატში შეხვედრა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად იმართება. თუ რას უნდა ველოდოთ ამ კონსულტაციებისგან, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
„ერთად ვიმოქმედოთ მდგრადი განვითარებისთვის“ - ეს არის დევიზი გერმანია-ჩინეთის მთავრობათაშორისი კონსულტაციებისა, რომელიც 20 ივნისს, ბერლინში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის - ლი ციანისა და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრის მონაწილეობით გაიმართება. იმავდროულად, აშკარაა, რომ ბერლინსა და პეკინს შორის სულ უფრო და უფრო ნაკლები საერთო რჩება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსსა და მის ჩინელ კოლეგას - ლი შანფუს შორის ივნისის დასაწყისში, სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
საქმე ეხებოდა ჩინეთის საჰაერო ძალების პილოტების მომზადების პროგრამას, რომელშიც გერმანიის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცრები მონაწილეობდნენ. პისტორიუსმა "ამ პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტა" მოითხოვა. ბერლინში დაფუნებული German Public Policy Institute-ის ანალიტიკოსის, ტორსტენ ბენერის აზრით, ეს ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ „ჩვენი გამოფხიზლების დროა“. ბოლოს და ბოლოს, პეკინი „ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ მიიღოს წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რათა საკუთარი სამრეწველო და სამხედრო ბაზა გააძლიეროს“.
იზრდება თუ არა კონფლიქტური პოტენციალი?
ტექნოლოგიების გადინება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, პეკინის ლოიალური დამოკიდებულება მოსკოვისადმი, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობა, ჩინეთის მიერ უიღურთა ეთნიკური უმცირესობის რეპრესიები - ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩინეთსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს. ვითარება კიდევ უფრო მწვავდება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამო. ამავდროულად, ჩინეთი ზედიზედ მეშვიდე წელია, გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წელს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 300 მილიარდი ევრო შეადგინა.
თუმცა გერმანია-ჩინეთის ურთიერთობები არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ - რთულიც. ამ წინააღმდეგობრივ კავშირზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებში ჩინეთს უწოდებენ როგორც პარტნიორს, ასევე - კონკურენტსა და სტრატეგიულ მეტოქეს. წარსულში ბერლინი წინა პლანზე სწევდა სწორედ პარტნიორობის ასპექტს. ამას მოწმობს ის მთავრობათაშორისი კონსულტაციები, რომლებიც ჩინეთსა და გერმანიას შორის 2011 წლიდან იმართება. ასეთი მაღალი დონის მთავრობათაშორის დიალოგს გერმანია მხოლოდ განსაკუთრებით ახლო პარტნიორებთან აწარმოებს.
2014 წელს, გერმანია-ჩინეთის ურთიერთობებმა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ სტატუსიც კი მიიღო. თუმცა მას შემდეგ განწყობა შეიცვალა როგორც ბერლინში, ისე - ევროპის სხვა დედაქალაქებში. შედეგად კი, აქცენტი აშკარად სტრატეგიულ მეტოქეობაზე გადავიდა.
რატომ არ არსებობს ჩინეთის მიმართ ერთიანი ევროპული პოლიტიკა?
"ნამდვილად არ არსებობს რეალური დისკუსია გერმანია - ჩინეთის ურთიერთობების ევროპეიზაციის ან მთავრობათაშორისი კონსულტაციების მიმართულებით", - ამბობენ ანალიტიკურ ცენტრ Merics-ის ექსპერტები. ცალკე თემაა ის, რომ ჩინეთთან მიმართებით კონკრეტული სტრატეგია თავად ბერლინსაც კი არ აქვს დაანონსებული. ვარაუდობენ, რომ გარკვეული გეგმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავდება.
ბერლინში მოღვაწე პოლიტოლოგი ებერჰარდ სანდშნაიდერი ჩინეთთან მიმართებით გერმანიის სტრატეგიის არ არსებობას, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად „საკმაოდ მომგებიანად“ მიიჩნევს. „ჩინეთის მიმართ ზედმეტად კრიტიკული დოკუმენტი ახლა რომ გამოქვეყნებულიყო, სავარაუდოდ, პეკინის თავდაჯერებულობის დონის გათვალისწინებით, კონსულტაციები გაუქმდებოდა“, - ამბობს ჩინეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი. „ის, რომ გერმანიის მთავრობაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს, საიდუმლოს არ წარმოადგენს და ეს ჩინელებმაც იციან“, - დასძენს ის.
რატომ არის უთანხმოება გერმანიის მმართველ კოალიციაში?
გერმანიის მმართველ კოალიციაში ჩინეთთან დაკავშირებული დავები საჯაროდ იმართება. ერთი მხრივ, „მწვანეები“ აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკაში ორიენტირებული არიან ღირებულებებზე და ჩინეთთან მიმართებით მკაცრ პოზიციას იკავებენ. მეორე მხრივ, არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც უფრო ეკონომიკურ ინტერესებზე არის ფოკუსირებული.
სანამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „მწვანეთა პარტიიდან“ - ანნალენა ბერბოკი ღიად უპირისპირდებოდა თავის ჩინელ კოლეგას - ცინ განს აპრილში ვიზიტის დროს პეკინში, SPD-ს საპარლამენტო ფრაქციის კონსერვატიულმა ფრთამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ჩინეთის მიმართ გერმანიის პოზიციას ასახავდა. აღნიშნულ დოკუმენტში პარლამენტარები პრაგმატიზმზე საუბრობდნენ და „ანტიჩინურ“ სტრატეგიაზე უარს ამბობდნენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბერბოკსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის, რომელიც SPD-ს წევრია, აზრთა სხვადასხვაობაა. „თუმცა თუ ყურადღებით მოუსმენთ, ნახავთ, რომ განსხვავებები ტონშია და მათი გზავნილები კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან”, - ამტკიცებს ექსპერტი ბარბარა პონგრაცი. თავის მხრივ, ოლაფ შოლცი არის გერმანიასა და ჩინეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციების თავმჯდომარე. მიუხედავად ყველა თანმდევი დაძაბულობისა, შესაძლოა, ამის წყალობით, მოლაპარაკებებში მეგობრულმა ტონმა გაიმარჯვოს.
ჩინეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტს - სანდ შნაიდერს არ აქვს იმედი, რომ მოლაპარაკებებით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მიიღწევა. თუმცა მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები საერთოდ ჩატარდეს, რადგან ეს 3-წლიანი პასუხის შემდეგ ხდება. „ვეთანხმები ჩინელ კოლეგებს, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა: აუცილებელია, რომ ისინი (გერმანიისა და ჩინეთის მთავრობების წარმომადგენლები - რედ.) ისევ შეიკრიბონ და არა მხოლოდ კონფერენციის ოფიციალურ შეხვედრებზე, არამედ - პირადადაც ყავით შესვენების დროს. ეს ცვლის ატმოსფეროს“, - ხაზს უსვამს ექსპერტი. შესაძლოა, ეს ხელს შეუწყობს იმ ფაქტს, რომ გერმანია და ჩინეთი კვლავ დაიწყებენ ერთად მოქმედებას „მდგრადი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, ყოველ შემთხვევაში, დროდადრო.





