„ვამაყობ რომ ამ გუნდის წევრი ვარ! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!“ - გიორგი მამარდაშვილი - ევრო 2024-ის მთავარი გმირი

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი და საუკეთესო მეკარე, ესპანეთის თასის ფინალისტი და ლა ლიგის სიმბოლური ნაკრების წევრი - სწორედ ამ ტიტულების მფლობელია 23 წლის ქართველი მეკარე, „პენალტების მონსტრად“ წოდებული გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, რადგან სწორედ მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეძლო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიელების დამარცხება და სადებიუტო ტურნირის მერვედფინალის საშვის მოპოვება.
.jpg)
მამის მემკვიდრე
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა თბილისში. ფეხბურთით ადრეულ ასაკში დაინტერესდა მამის, დავით მამარდაშვილის წყალობით, რომელიც ჯერ საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ კარს იცავდა, მერე მწვრთნელის პოზიციაზე გადაინაცვლა. სწორედ მამამ აჩვენა მცირეწლოვან გიორგის ცნობილი მეკარეების იკერ კასილასის და ჯანლუიჯი ბუფონის თამაშის ჩანაწერები, თუმცა მისთვის გერმანელი მეკარის მანუელ ნოიერის სტილი უფრო მისაღები აღმოჩნდა, რომლის გამოსვლამ 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. „სწორედ ნოიერმა შეცვალა წარმოდგენა მეკარეზე. უდიდესი მოთამაშე და ცოცხალი მაგალითია, რომელზეც ყოველთვის ღირს სწორება“, - მოგვიანებით აღნიშნა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სპორტული კარიერა მომავალმა გოლკიპერმა 10 წლის ასაკში დაიწყო „გაგრის“ მოზარდთა გუნდში, 2 წლის შემდეგ კი, თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ჩაირიცხა და იმ ბრწყინვალე თაობის ნაწილი გახდა, რომელიც დღეს ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენს.
.jpg)
„პენალტების მონსტრი“
14 წლის გიორგი პროფესიონალთა გუნდს, „მერანი თბილისს“ შეუერთდა. მართალია, მოზარდს უფროსებთან თამაში გაუჭირდა, მაგრამ სწორედ „მერანში“ წვრთნიდა მამა მეკარეებს, რომელმაც „დინამოს“ მესვეურებს შვილის დროებით მის გუნდში გადაყვანა სთხოვა დამატებითი ვარჯიშებისთვის. როგორც ჩანს, სწორედ მამასთან ვარჯიში აღმოჩნდა გიორგისთვის გადამწყვეტი, რადგან მისი წყალობით გამოიმუშავა სწრაფი რეაქცია და დაამუშავა პენალტების მოგერიების ტექნიკა, რაც მოგვიანებით მთავარ უპირატესობად აქცია და დამსახურებულად შეიძინა ესპანელებისგან „პენალტების მონსტრის“ სახელი.

„რუსთავი“
მამარდაშვილის პროფესიონალური კარიერა 2018 წელს დაიწყო, როცა პირველ სრულფასოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი თბილისის „დინამოსთან“, თუმცა დებიუტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შედგა „რუსთავის“ კლუბში, სადაც იჯარით გადავიდა. მართალია, 2019 წლის მარტში თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართულ შეხვედრაში „რუსთაველები“ 1:4 დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ თამაშში „ვიტ ჯორჯიასთან“ მამარდაშვილმა კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო და შეხვედრაც ფრედ - 0:0 დაამთავრა. გიორგიმ სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში, 30 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 43 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგი აღმოჩნდა დებიუტანტისთვის, მით უფრო, რომ 9 შეხვედრაში ყველა ბურთის მოგერიება მოახერხა.

თბილისის „ლოკომოტივი“
მართალია, სეზონი „ლოკომოტივში“ გიორგიმ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, კლუბის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში ბათუმის „დინამოსთან“ კი, 4 ბურთი გაუშვა საკუთარ კარში, მაგრამ საყაიმო ანგარიშით 0:0 დაასრულა შემდეგი შეხვედრა კლუბ „საბურთალოსთან“.
2020 წელს „ლოკომოტიველებმა“ ჯერ კლუჟ-ნაპოკას (რუმინეთი) „უნივერსიტატია“, მერე მოსკოვური „დინამო“ დაჯაბნეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ტურში გავიდნენ. თბილისელებმა 2:1 დაამარცხეს მოსკოველები და დიდ ხნით გამოთიშეს ევროპულ ტურნირს. ბრწყინვალე გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა მამარდაშვილმაც, რომელმაც 5 ურთულესი ბურთი მოიგერია და არა მხოლოდ თანაგუნდელები, არამედ მეტოქეებიც აღაფრთოვანა. „ქართველებს ბრწყინვალე მეკარე ჰყავთ, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ევროპის ნებისმიერ გრანდში“, - აღნიშნა „დინამოს“ მცველმა ივან ორდეცმა და თითქოს იწინასწარმეტყველა მამარდაშვილის მომავალი, რადგან „გრანადასთან“ დამარცხების მიუხედავად, სწორედ ევროპის ლიგის ტურნირზე გამორჩეული თამაშით დაიმსახურა გიორგიმ სკაუტების ყურადღება. „მითხრეს, თითქოს „ლოკომოტივს“ ახალგაზრდა, თუმცა არაჩვეულებრივი მეკარე ჰყავდა. დიდხანს ვაკვირდებოდი შორიდან, მერე კი, „გრანადასთან“ თამაშში ვნახე და ძალიან მომეწონა“, - აღნიშნა აგენტმა ანტონიო ლოპესმა, რომელმაც რამდენიმე ესპანური კლუბის, მათ შორის „ვალენსიის“ მესვეურებთან გაუწია მამარდაშვილს რეკომენდაცია.

მართალია, „ვალენსიამ“ საკმაოდ მოკრძალებული კონტრაქტი - წელიწადში 70 ათასი ევრო შესთავაზა გიორგის, მაგრამ ლოპესმა ბონუსების მეტად პერსპექტიულ სისტემაზე დაითანხმა კლუბი - იმ შემთხვევაში თუ მამარდაშვილი 20-ზე მეტ მატჩს დააგროვებდა, ყოველ თამაშში 7 ათას ევროს მიიღებდა. ქართველმა მეკარემ 21 თამაში ჩაატარა და სწორედ ბონუსებით გამოიმუშავა ორჯერ მეტი ჰონორარი, ვიდრე მისი ხელფასი იყო. მეტიც, ესპანური საიტის Fichajes-ის მონაცემებით, 2023-2024 წლების სეზონზე მამარდაშვილის ანაზღაურება კიდევ უფრო გაიზარდა და 1,5 მილიონ ევროს მიაღწია.
„ვალენსია“
2020 წლის სეზონი 20 წლის მამარდაშვილმა ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარის ტიტულითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯილდოთი დაასრულა, 2021 წლის იანვრის თვეში კი, ჯერ უეფა-ს 50 ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელთა ნუსხაში მოხვდა, მერე ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით შეუერთდა „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდს. მართალია, არავის ეგონა, რომ ახალგაზრდა მეკარე ასე სწრაფად დაიმკვიდრებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ წინასასეზონო შეხვედრებზე მისი მონდომებით და შემართებით მოხიბლულმა ხოსე ბორდალამ გარისკა და გიორგის „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში მისცა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება.

დებიუტმა გაამართლა, რადგან ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ „ვალენსიის“ სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. მეტიც, მამარდაშვილის თამაში იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ 2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ მისი საბოლოოდ შეძენა და კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი, შეთანხმება სამი წლით გააგრძელა, თუმცა ფეხბურთელის 100 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტიც შეიტანა.
პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მეკარემ მამარდაშვილმა 2022 წლის თებერვალში გამართა, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ. ბრწყინვალედ ჩაატარა გიორგიმ მთელი სადებიუტო სეზონი, რადგან 18 მატჩში 20 გოლი გაუშვა, 8 შეხვედრაში კი, მშრალად შეინახა საკუთარი კარი და შთამბეჭდავი შედეგის წყალობით დიდი ხნით დაიმკვიდრა ადგილი „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში.

ნამდვილ ტრიუმფად იქცა ქართველი გოლკიპერისთვის 2022-2023 წლების სეზონი, როცა ლა ლიგის, ესპანეთის თასის და სუპერთასის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და 42 მატჩში მხოლოდ 49 გოლი გაუშვა. 2023 წლის 21 მაისს „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ექსპერტების შეფასებით, სწორედ „რეალთან“ გამართა მამარდაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი, რადგან ორივე გუნდის ფეხბურთელები დაჯაბნა და აღიარებაც მოიპოვა - ლა ლიგამ საუკეთესოდ მიიჩნია მის მიერ მოგერიებული ბურთი ფედერიკო ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. საერთო ჯამში ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მეკარედ.

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა 2023-2024 წლების სეზონიც, რადგან მამარდაშვილმა ლა ლიგის 37 მატჩში მხოლოდ 41 გოლი გაუშვა 13 თამაშში კი, ყველა ბურთი მოიგერია. ბრწყინვალე შედეგით გიორგი მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატის მეკარეებს შორის და მხოლოდ გამოცდილ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ალექს რემიროს და უნაი სიმონს ჩამორჩა. ამასთანავე, გიორგი პირველი მეკარე გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ვალენსიის“ ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) გააუმჯობესა.
ეროვნული ნაკრები
უეფა-ს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც გასულ წელს უმასპინძლა საქართველომ, გიორგიმ 3 მატჩი ჩაატარა, ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი კი, 2021 წელს შედგა, როცა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ანდო კარის დაცვა. დებიუტი ნაკლებად წარმატებული გამოდგა, რადგან საქართველოს ნაკრები 1:4 დამარცხდა, თუმცა ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა შემდეგი მატჩი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართა. მართალია, ეროვნულმა ნაკრებმა ვერ შეძლო მეტოქე ალბანელების კარის აღება, მაგრამ არც გიორგიმ დათმო და მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა, 2022-2023 წლების სეზონზე კი, მამარდაშვილმა ექვსიდან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი თამაში „მშრალი“ კარით დაასრულა.

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატის მარცხიანი საკვალიფიკაციო თამაშების მიუხედავად, როცა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა კვიპროსთან შეხვედრაში, შოტლანდიასთან, ნორვეგიასა და ესპანეთთან გამართულ ექვს მატჩში კი, დამარცხდა, ეროვნულმა ნაკრებმა მაინც წარმატებით იასპარეზა ერთა ლიგაში და ჯერ ლუქსემბურგთან, მერე საბერძნეთთან გამარჯვების წყალობით მოიპოვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი, რაც პირველ რიგში სწორედ მამარდაშვილის დამსახურება აღმოჩნდა, რომელმაც ბერძნების კაპიტნის ანასტასიოს ბაკასესტასის 11-მეტრიანი მოიგერია მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში.

მართალია, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ტურნირის აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ ვილი სანიოლის გუნდმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, რადგან არა მხოლოდ ფლეი-ოფში გავიდა, არამედ სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. რა თქმა უნდა, საქართველოს წარმატება მეტწილად ისევ მამარდაშვილმა განსაზღვრა. პირველ ტურში თურქებთან ანგარიშით 1:3 დამარცხების მიუხედავად, გიორგიმ მაინც მაქსიმუმი გააკეთა და ხუთი ბრწყინვალე სეივი განახორციელა, მეორე თამაშში ჩეხეთის წინააღმდეგ კი, ნამდვილ გმირად იქცა, რადგან 11 უძლიერესი დარტყმა მოიგერია და გუნდისთვის საყაიმო ანგარიში 1:1 შეუნარჩუნა.

ფლეი-ოფში გასასვლელად ეროვნულ ნაკრებს ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის - პორტუგალიის ნაკრების, განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუს მწვავე შეტევების დაძლევა მოუწია და ქართველებმა ესეც შეძლეს! მეტიც, დამაჯერებელმა გამარჯვებამ და მამარდაშვილის შეუდარებელმა თამაშმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და ქართულ ფეხბურთელებზე აალაპარაკა. გიორგიმ რონალდუს უძლიერესი საჯარიმო დარტყმა მოიგერია და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, რადგან არა მხოლოდ 11 სეივი განახორციელა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ და საუკეთესო შედეგი აჩვენა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, არამედ 21 დარტყმა მოიგერია ჯგუფურ ეტაპზე და ლატვიელი მეკარის ალექსანდრ კოლინკოს 2004 წლის შედეგი გაიმეორა. საერთო ჯამში გიორგიმ 29 ბურთის აღება მოახერხა და უეფა-ს საუკეთესო მეკარეების ხუთეულის ლიდერი გახდა. მართალია, ესპანეთის უძლიერეს გუნდთან მამარდაშვილმა 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც კარგი შედეგი აჩვენა, მით უფრო, რომ მისი კარის აღება 20-ჯერ სცადეს მეტოქეებმა.

მამარდაშვილის ტექნიკა
თითქმის 2 მეტრის სიმაღლის მიუხედავად, მამარდაშვილი მაინც საოცრად მოქნილი, პლასტიკური, მობილური ფეხბურთელია და ისე მსუბუქად გადაადგილდება კარში, თითქოს ერთი კუთხიდან მეორეში დაფრინავს. გიორგი თავისუფლად მართავს საკუთარ გაბარიტებს და ყოველთვის თავდაჯერებით იბრძვის ბურთისთვის, არასდროს უფრთხის რისკს და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთანავე, სწორედ სიმაღლე ეხმარება კარის უკანა კუთხეში გაგზავნილი ურთულესი ბურთების მოგერიებაში.

პირადი ცხოვრება
მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად გიორგის მთავარი გულშემატკივარი მისი საცოლე ელენე ეპიტაშვილია, რომელიც 2022 წელს გაიცნო, ერთი წლის შემდეგ კი, ცოლობა სთხოვა. წყვილი ვალენსიაში ცხოვრობს, ელენე მეტად წარმატებული ფოტომოდელია, ხშირად პოზირებს პოპულარული ჟურნალებისთვის და მონაწილეობს სარეკლამო რგოლებში, ისე, როგორც თავად გიორგი, რომელიც არა მხოლოდ Pepsi-ს, არამედ ცნობილ ბრენდს Armani-ის სპორტულ ხაზს EA7-ის უწევს რეკლამას.

ეროვნული ნაკრების ტრიუმფი
გერმანიდან დაბრუნებულ ნაკრებს არნახული დახვედრა მოუწვეს ქართველმა გულშემატკივრებმა, რომელთაც სწორედ ასე გამოხატეს საკუთარი მადლიერება და ფეხბურთელებიც სასიამოვნოდ გააკვირვეს. თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ზეიმი, რომელმაც საერთო ეროვნული ხასიათი შეიძინა, ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების ღირსების ორდენებით დაჯილდოებით დასრულდა.

ქომაგების განწყობა გაიზიარა ფონდმა „ქართუმაც“. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დიდი ხანია მხარში უდგას ქართულ სპორტს, დაპირება შეასრულა და ჩვეული გულუხვობით, თუმცა მოკრძალებით დააჯილდოვა ეროვნული ნაკრები ფულადი პრემიით - 30 მილიონი ლარით. თანაგუნდელების მსგავსად მადლობა ბიძინა ივანიშვილს მამარდაშვილმაც გადაუხადა და დაამატა, რომ „კარგი იქნებოდა, თუ მეტი კომპანია ჩადებდა ფულს ფეხბურთში, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი ქართველი ხალხისთვის“.

მოგვიანებით ეროვნული ნაკრები წითელსოფელში, საზაფხულო რეზიდენციაში ეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ფეხბურთელები დალოცა და ევროპის პირველობაზე ბრწყინვალედ ასპარეზობა მიულოცა. „ყოველთვის ვოცნებობდი უწმინდესთან შეხვედრაზე. დღეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ არავინ ელოდა, რომ ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას რთული მატჩების დროს გვერდზე დგომისთვის. გერმანიაში გამოჩნდა ნამდვილი ქართული სული და სიძლიერე, რაც აქამდეც ვიცოდით, თუმცა ახლა მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა, რომელმაც ერთგული გულშემატკივარი გაამხნევა და დააიმედა, რომ სწორედ ახლა იწყება გამარჯვებები, რადგან ნაკრები აუცილებლად ერთი-ორად გაძლიერებული შეხვდება ახალ გამოწვევებს.





