უკრაინის სამხრეთი წყალდიდობის შემდეგ - მართალია თუ არა, რომ დატბორილ რეგიონებში ქოლერისა და ჯილეხის ეპიდემიას ელოდებიან?

ფოტო: Telegram
უკრაინის სამხრეთ რეგიონებში, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ დააზარალა, ამჯერად ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და მძიმე მეტალებით მოწამვლის მასობრივ შემთხვევებს ელოდებიან. კონკრეტულად რა საფრთხეებზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შედეგად დატბორილ ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონების დასახლებულ პუნქტებში წყალი თანდათან იკლებს. ადამიანები საკუთარ სახლებს უბრუნდებიან, თუმცა ახლა ისინი მორიგი გამოწვევის წინაშე დგანან. ეს არის ნაწლავური და ზოონოზური (ცხოველებისა და ადამიანებისთვის საერთო ინფექციები, რომელთა პათოგენებიც ცხოველთა გარკვეული სახეობების ორგანიზმში ყალიბდებიან) ინფექციური დაავადებების აფეთქების საშიშროება.
რატომ იქნება მომდევნო ორი კვირა ეპიდემიოლოგებისთვის კრიტიკული?
„უკრაინის სამხრეთ რეგიონების მცხოვრებლებს ინფექციონისტები ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ, თუ რომელ წყალს სვამენ და რას ჭამენ, რადგან ინფექციების უმეტესობის ინკუბაციური პერიოდი 7-10 დღეს გრძელდება. კაშხლის დანგრევისა და კახოვკის წყალსაცავიდან წყლის დაღვრიდან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ინფექციური დაავადებების პირველი სიმპტომები გამოჩნდეს. მომდევნო ერთი ან ორი კვირის პერიოდში შეიძლება ველოდოთ ამ დაავადებების გამოვლინებებს“, - აცხადებს ინფექციების კონტროლის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინფექციის კონტროლი უკრაინაში“ თავმჯდომარე ანდრეი ალექსანდრინი.
მისი თქმით, ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქების მოსახლეობისთვის ნაწლავური ინფექციები წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დნეპრის ქვედა ბიეფში კახოვკის წყალსაცავიდან დაღვრილმა წყლის უზარმაზარმა ნაკადმა საკანალიზაციო მილები და ნაგავსაყრელები სრულად მორეცხა. „ახლა ნაწლავური ინფექციური დაავადებების რისკი მაღალია, რადგან ბევრ ადამიანს არ აქვს არა მარტო საკმარისი სასმელი წყალი, არამედ - ტექნიკური წყალი, რომელიც ხელების დასაბანად, ჭურჭლის გასარეცხად ან საკვების დასამუშავებლად არის საჭირო“, - განუმარტა DW-ს ალექსანდრინმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და უკრაინის მთავარი სანიტარი იგორ კუზინი აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება, რადგან მეტეოროლოგები ქვეყნის სამხრეთით ცხელ ამინდს პროგნოზირებენ, რაც იქ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებს. მისი განმარტებით, 19 ივნისიდან ხერსონის, მიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში ცურვა და თევზაობა აიკრძალება, რადგან მდინარისა და ზღვის წყლის მაჩვენებლები "მნიშვნელოვნად უარესდება". "მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ტემპერატურა მაღალი იქნება და ეს ზედაპირულ წყლებში ბიოფლორის განვითარებას გამოიწვევს. ამიტომაც ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების იმედი გვაქვს, რათა მდინარესა თუ ზღვაში ბანაობა არ დავუშვათ. სიტუაცია ოდესის რეგიონში საკმაოდ სარისკოა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ შეცურონ წყალში, არ გამოიყენონ წყლის ობიექტები, არ დაიჭირონ ან იყიდონ თევზი დაუდგენელ ადგილებში“, - განაცხადა უკრაინის მთავარმა სანიტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ელოდებიან თუ არა უკრაინის სამხრეთით ქოლერის ეპიდემიას?
იმავე კუზინის განმარტებით, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში უკრაინელი სპეციალისტები სასმელი, არტეზიული და ზედაპირული წყლების მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდებიან. დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში დამონტაჟდა სასმელი წყლის სწრაფი ანალიზის მოწყობილობები, რომლებიც წყლის ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შედეგს 18 საათის განმავლობაში აფიქსირებს.
მართალია, ექსპერტების შეფასებით, ახლა ინფექციების გავრცელების მიმართულებით ვითარება „სტაბილური და კონტროლირებადია“, ჯანდაცვის სამინისტრო დატბორილ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არსებობს ისეთი დაავადებების გავრცელების სერიოზული საფრთხე, როგორიც არის A ჰეპატიტი და მწვავე ნაწლავური ინფექციები - კერძოდ, სალმონელოზი, ქოლერა და ბოტულიზმი. „უკრაინაში ქოლერის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე დატბორილ რაიონებში, ასევე - ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში ქოლერის დიაგნოსტიკის 2 ათასი სწრაფი ტესტი ჩატარდა. მომავალ კვირას დამატებით 5 ათასი ადამიანის შემოწმებას ვგეგმავთ“, - განაცხადა იგორ კუზინმა.
არსებობს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯილეხის გავრცელების საფრთხე?
უკრაინის ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მხოლოდ რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში აკონტროლებს. ისმის კითხვა: რა სიტუაციაა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე? „წყალდიდობა ჩვენ არ შეგვხებია, რადგან ჰიდროელექტროსადგურიდან შორს ვართ, მაგრამ სასმელ წყალს ჭიდან ვიღებთ და არ ვიცით, მისი დალევა შეიძლება თუ არა. ინფორმაციას არავინ გვაწვდის, მხოლოდ ადამიანები ვეკონტაქტებით ერთმანეთს - ზოგიერთები გადადუღებულ წყალს სვამენ, სხვები წყლის სადეზინფექციო ტაბლეტებს უკვეთავენ ყირიმში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ამ აბების შემდეგაც ასეთი წყლის დალევა“, - ამბობს პატარა დასახლების მკვიდრი, რომელიც ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, ნოვა კახოვკადან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს.
რუსების მიერ ოკუპირებული ნოვა კახოვკა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით უკიდურესად დაზარალდა, რადგან ის თითქმის კაშხლის გვერდით მდებარეობს. „1950-იან წლებში კახოვკის რაიონში ჯილეხის აფეთქება იყო. ციმბირული წყლულით დაავადებული პირუტყვი დნეპრიანსა და კორსუნკას შორის დამარხეს. ახლა ყველაფერი წყალშია. ნაღმები, რომლებიც დანაღმული ტერიტორიებიდან ჩამოირეცხა, დროდადრო ფეთქდება. აღნიშნული აფეთქებების შედეგად კი, ზემოთ ხსენებული პირუტყვის სამარხიდან ჯილეხის სპორები შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს“, - განაცხადა DW-სთან საუბარში ნოვა კახოვკის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაისია კოზაკმა.
ეკოლოგი ვარაუდობს, რომ ჯილეხის სპორები ოკუპირებულ კახოვკის რეგიონიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე ტერიტორიებზეც შეიძლება გავრცელდეს. "ეს ყველაფერი აღმოჩნდება დნეპრში და საბოლოოდ, შავ ზღვაში ჩაედინება. ეს არის ეპიდემიოლოგიური საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ - შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვისაც", - აღნიშნავს ტაისია კოზაკი. უკრაინის მთავარი სანიტარი იგორ კუზინიც ადასტურებს, რომ დატბორილი ცხოველების სამარხი შეიძლება ჯილეხის წყაროდ იქცეს. თუმცა ის აკონკრეტებს, რომ საეჭვო შემთხვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
ეპიდემიოლოგი ანდრეი ალექსანდრინი განმარტავს, რომ ჯილეხი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, ის მხოლოდ ცხოველებში ვრცელდება და მათ აინფიცირებს. გარდა ამისა, ციმბირული წყლული მკურნალობას ექვემდებარება. სპეციალისტის განმარტებით, დატბორილ ადგილებში ცხოველების ჯილეხით დაინფიცირების პრობლემა წყლის დაკლების შემდეგ გახდება აქტუალური, რადგან დაავადების გამომწვევი სპორები მინდვრებსა და საძოვრებზე გავრცელდება.





