უკრაინელ სამხედროებს გერმანიაში წვრთნიან. გახდება თუ არა გერმანია კონფლიქტის მხარე?

ფოტო: shutterstock.com
ბავარიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე უკრაინელი ჯარისკაცები დასავლური სტილის იარაღის გამოყენებას სწავლობენ. რას ნიშნავს ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა ხდება?
პრესსატი არის პატარა და მშვიდი ქალაქი, რომელიც ბავარიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის თვალწარმტაცი ტურისტული მარშრუტი ახლომდებარე ტყეში გადის და ადგილობრივ ლანდშაფტს შუა საუკუნეების რამდენიმე ციხე-სიმაგრეც ამრავალფეროვნებს.
თუმცა ამ მშვიდი ადგილიდან ბოლო დროს საგანგაშო ცნობები მოდის. როგორც საინფორმაციო პორტალი Nordbayern.de წერს, ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქებების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლების კედლები ირყევა და ფეხქვეშ მიწა გუგუნებს. ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი მარტივია: პრესსატი გრაფენვიორის სამხედრო პოლიგონიდან სულ რაღაც 20 კილომეტრით არის დაშორებული. მისი ფართობი 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. შესაბამისად, გრაფენვიორი არის აშშ-ის უდიდესი სამხედრო სასწავლო პოლიგონი მთელ ევროპაში და დიდი ალბათობით, ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინელ ჯარისკაცებს საარტილერიო მოწყობილობის მართვაში სწორედ აქ და ახლა ავარჯიშებენ.
29 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ "შეერთებულმა შტატებმა, გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, შეიარაღების ძირითადი სისტემების მოხმარებასთან დაკავშირებით უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა დაიწყო". კირბის განმარტებით, სწავლების პროცესი ჰაუბიცების, სარადარო სისტემებისა და ჯავშანმანქანების მოხმარებას მოიცავს. სწორედ ეს მოწყობილობები უნდა გადაეცეს უკრაინას ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. აშშ-ის არმია "ამ წვრთნებს გერმანიის მთავრობასთან კოორდინაციით უწევს ორგანიზებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერისთვის გერმანიას მადლობას ვუხდით", - დასძინა პენტაგონის წარმომადგენელმა. თუმცა კირბის გერმანიის ფარგლებს გარეთ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ადგილები არ დაუკონკრეტებია.
შეხვედრა რამშტაინში
პრესსატში მიწისქვეშა ბიძგები გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ ორ თვეზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული "ეპოქების ცვლილების"(უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ) დაჩქარების საგრძნობ ნიშნად შეიძლება აღვიქვათ. იმავეზე მეტყველებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინე ლამბრეხტის მიერ გაკეთებული განცხადებები რაინლანდ-პფალცში (გერმანიის ერთ-ერთი მიწა) მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა რამშტაინში გამართულ უკრაინის მხარდაჭერ კონფერენციაზე.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინისა და ათობით სხვა კოლეგის თანდასწრებით, ლამბრეხტმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის თვითმავალი საზენიტო იარაღის გადაცემაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, უკრაინელი სამხედროები გერმანიის ტერიტორიაზე "ამერიკელ მეგობრებთან ერთად" მოამზადოს. გერმანია "ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინულ სამხედროებს ჰაუბიცებისა და საბრძოლო მასალების გამოყენებაში გაწვრთნის, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არტილერია ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი ფაქტორია", - დასძინა ლამბრეხტმა.
გრაფენვიორის გარდა, უკრაინელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, დასავლურ სამხედრო აღჭურვილობაზე წვრთნებს ჰოჰენფელსის სამხედრო პოლიგონზეც გადიან. ეს უკანასკნელი 160 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და მასაც აშშ-ის არმია იყენებს. აქ გაყვანილია 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა და შექმნილია პატარა, მოდელირებული ქალაქები, რათა საომარი მოქმედებები მაქსიმალურად რეალისტურად დამუშავდეს.
ჩაითვლება თუ არა გერმანია კონფლიქტის მხარედ?
გერმანიის მიწაზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნამ, შესაძლოა, ოფიციალური ბერლინი უკრაინის ომში კიდევ უფრო მეტად ჩართოს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ზუსტად ის შიში, რომელიც ჩნდება ბუნდესტაგის სამეცნიერო სამსახურის ანგარიშის („ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სამართლებრივი საკითხები“) წაკითხვის შემდეგ. აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული იარაღის მიწოდების გზით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პრობლემა. ამასთანავე, ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, იარაღის მიწოდება თავისთავად გადამწვეტ როლს არ ასრულებს - მიუხედავად იმისა, საუბარია „შემტევ“ თუ „თავდაცვით“ იარაღზე.
საქმე უფრო რთულდება, როცა წვრთნებზეა საუბარი. „იმ შემთხვევაში, თუ იარაღის მიწოდებასთან ერთად, მათი გამოყენების შესახებ წვრთნებიც ჩატარდება, შეიძლება კონფლიქტში არმონაწილეობის უსაფრთხო ზონიდან გასვლის შესახებ ვისაუბროთ,“ - წერენ ავტორები. ამრიგად, ისინი ეთანხმებიან იმ თეზისებს, რომლებიც ადრე წამოაყენა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა პიერ ტიელბორგერმა გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრაიტმა აღიარა, რომ მთავრობა „ყოველთვის აწონ-დაწონის რთულ პროცესშია.“ ამავე დროს, მან დასძინა: „დარწმუნებული ვართ, რომ შეიარაღების სისტემებთან სამუშაოდ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაც კი არ ნიშნავს გერმანიის მხრიდან ომში პირდაპირ ჩართვას“.
დაპყრობითი ომი და ნეიტრალიტეტი
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის პოზიციას მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ბონიდან შტეფან ტალმონი. "თუ აგრესიული ომი საერთაშორისო სამართალს არღვევს, მაშინ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნეიტრალიტეტის ვალდებულება აღარ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია იარაღის მიწოდება და მისი მომხმარების სწავლებაც", - ამტკიცებს ის DW-სთან ინტერვიუში.
საერთაშორისო სამართალი უცხოელი ჯარისკაცების მომზადებას თავდასხმად არ განიხილავს, - განაგრძობს ექსპერტი. ამიტომაც გერმანია უკრაინელების მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამხედრო ტექნიკის გამოყენებას ასწავლის, - აღნიშნავს ტალმონი. „თუმცა ეს იქონიებს თუ არა გავლენას ბატონ პუტინზე, სულ სხვა საკითხია“, - ამბობს იურისტი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა გერმანიაში პირველი შემთხვევა არ არის. ბუნდესვერის ყოფილმა პოლკოვნიკმა და ახლა ბერლინის ანალიტიკური ცენტრის (SWP) თანამშრომელმა ვოლფგანგ რიხტერმა DW-ს დაუდასტურა: „ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინელ ჯარისკაცებს გერმანიაში წარსულშიც ავარჯიშებდნენ, კერძოდ, ბავარიაში, ჰოჰენფელსისა და გრაფენვიორის სასწავლო პოლიგინებზე“.
მართლაც, ამერიკულმა პორტალმა Stars and Stripes-მა 2021 წლის დეკემბერში დაწერა ჰოჰენფელსში ათდღიანი წვრთნების შესახებ, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპიდან 4600 ჯარისკაცი მონაწილეობდა. სხვათა შორის, აღნიშნულ მანევრებში უკრაინის 92-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფიც მონაწილეობდა.





