უკრაინას ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელს სთავაზობენ. რას ნიშნავს ეს?

ფოტო: Reuters
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის, როგორც ნეიტრალური და დემილიტარიზებული სახელმწიფოს სტატუსი განიხილება. ნეიტრალიტეტზე საუბრისას კი აქცენტი ავსტრიულ ან შვედურ მოდელზე კეთდება. აღნიშნული ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. მისი თქმით, ეს ვარიანტი „შეიძლება გარკვეულ კომპრომისად ჩაითვალოს“. თუმცა პესკოვს დეტალები არ დაუზუსტებია.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის თქმით, ავსტრიული ან შვედური მოდელის წინადადებით უკრაინული მხარე გამოვიდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საკითხები კი რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელობის დონეზე განიხილება. ზემოთ ხსენებული მოდელები გულისხმობს, რომ ქვეყანა უარს ამბობს სამხედრო ბლოკებში გაწევრიანებასა და მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე, თუმცა მას ეყოლება საკუთარი არმია და საზღვაო ფლოტი, - განმარტა მედინსკიმ.
მეორე მხრივ, კიევში იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ქვეყანამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. თუმცა, ამის მიუხედავად, ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასელ სეპარატისტებს დაუჭირა მხარი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა დააკონკრეტა, რომ ვინაიდან უკრაინა რუსეთს ეომება, მოლაპარაკება იყო არა ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელებზე, არამედ - უკრაინულზე.
„პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს გულისხმობს. ის უნდა იყოს რეალური და არა - პროტოკოლური ან ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, განზე არ უნდა გადგნენ, როგორც ეს დღეს ხდება. ისინი უკრაინის მხარეს კონფლიქტში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ და საჭირო მოცულობის იარაღის დაუყოვნებელი მიწოდება ოფიციალურად უნდა უზრუნველჰყონ“, - ციტირებს უკრაინული მედია პოდოლიაკის სიტყვებს.
ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებით, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა დაერქმევა უკრაინის ნეიტრალიტეტის ვარიანტს. მთავარია, რომ ის საომარი მოქმედებების შეჩერების საშუალებას იძლევა. BBC-მ გაარკვია, რას წარმოადგენს ნეიტრალიტეტის ევროპული მოდელები, რომლებზეც მედინსკი საუბრობს.
რას ნიშნავს ნეიტრალიტეტის ავსტრიული მოდელი?
ავსტრიას რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს. მას ყველა მხრიდან მეგობარი სახელმწიფოები აკრავს. ესენი არიან როგორც ნატოს წევრი ქვეყნები - იტალია, გერმანია, სლოვენია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი, ასევე - ალიანსის არაწევრი სახელმწიფოები- შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ავსტრიის ნეიტრალიტეტი გარკვეულწილად იძულებითი ფენომენია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის დაიპყრეს გამარჯვებულმა ქვეყნებმა, რომელთაგანაც თითოეულს ჰქონდა სურვილი, ავსტრია საკუთარი გავლენის სფეროში მოექცია.
ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილი მოკავშირეები ავსტრიის მომავალზე ათი წლის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ - შეუერთდებოდა ის სოციალისტურ ბანაკს თუ დასავლეთის ქვეყნების გზას გაჰყვებოდა. პრობლემა 1955 წელს გაფორმებულმა ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ და ამ ქვეყნის მიერ გამოცხადებულმა ნეიტრალურმა სტატუსმა გადაწყვიტა. ავსტრიის მიერ გამოცხადებულმა ნეიტრალიტეტმა მას საშუალება მისცა არა მარტო თავი დაეღწია ოკუპაციისგან, არამედ შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მიეღო. ეს უკანასკნელი სულაც არ იყო ზედმეტი, რადგან იმ დროს ავსტრია ესაზღვრებოდა ვარშავის პაქტის ქვეყნებს - ჩეხოსლოვაკიას და უნგრეთს, ასევე - კომუნისტურ იუგოსლავიას.
სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, ნეიტრალური ავსტრია, ფაქტობრივად, ნატოს „ქოლგის“ ქვეშ აღმოჩნდა - მასზე თავდასხმა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების საზღვრების დარღვევის გარეშე მხოლოდ შვეიცარიას ან ლიხტენშტეინს შეუძლია, მაგრამ ეს სცენარი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. სამხედრო კავშირებში გაწევრიანებაზე უარისა და მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგების აკრძალვის მიუხედავად, ავსტრია ნატოს სხვადასხვა სამხედრო პროგრამაში მონაწილეობს. ის ასევე ეხმარება ალიანსს სამხედრო ოპერაციებში და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია.
ავსტრიასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პარტნიორობა სულ უფრო მყარდება. მაგალითად, გასულ წელს დაიდო შეთანხმება ვენაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ. დრო და დრო (როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში) ავსტრიაში მსჯელობენ ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ამ აზრს ჯერჯერობით არ იზიარებს.
რას წარმოადგენს ნეიტრალიტეტის შვედური მოდელი?
ავსტრიულთან შედარებით, შვედურ ნეიტრალიტეტს გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. ნაპოლეონის ომების დასრულებიდან, ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყანა თავს არიდებდა ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, ცდილობდა მეზობლების პროვოცირება არ გამოეწვია და ეს გამოსდიოდა კიდეც. როგორც წესი, სამეცნიერო სტატიებში შვედეთის პოზიციას სამხედრო კონფლიქტებში ჩაურევლობის პოლიტიკის იდეალურ ფორმას უწოდებენ. თუმცა ასეთ პოლიტიკასაც თავისი ფასი ჰქონდა. ეს კი დიდ სახელმწიფოებს შორის მუდმივ ბალანსსა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ოდიოზურ რეჟიმთან თანამშრომლობას გულისხმობდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს შვედეთი ვაჭრობდა და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა მესამე რაიხსა და ჰიტლერის „მეგობარ“ ქვეყნებთან.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ცივი ომის დაწყების შემდეგ შვედეთი თავისი თავის ერთგული დარჩა. ის არც ნატოში და არც აღმოსავლეთის ბლოკში გაწევრიანებულა. „ჩვენ აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ვატარებთ“, - განაცხადა შვედეთის აწ უკვე გარდაცვლილმა პრემიერმინისტრმა ულოფ პალმემ. თუმცა სრულ ნეიტრალიტეტზე საუბარი შვედეთს არ სჭირდება. ომისშემდგომ პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა დასავლეთის ქვეყნებსა და ამერიკულ დაზვერვასთან, ხოლო სოციალისტური ბანაკისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა.
ნატოს თანამედროვე დოკუმენტებში შვედეთს „ნეიტრალურ“ მოკავშირეს უწოდებენ. სტოკჰოლმი იყო ერთ-ერთი პირველი მონაწილე ნატოს პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, რომელიც 1994 წელს შეიქმნა. შესაბამისად, შვედეთის არმია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებენ. შვედი სამხედრო და სამოქალაქო პირები ნატოს ეგიდით გამართულ ყველა ოპერაციაში იყვნენ ჩართული - მაგალითად, გაეროს ყველა ოპერაციაში ბოსნიაში, კოსოვოსა და მალიში, ავღანეთში უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, ინდოეთის ოკეანეში ევროკავშირისა და ნატოს მიერ წარმოებულ ანტიმეკობრულ პატრულირების პროგრამაში.
2011 წელს ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებული ნატოს ოპერაციის დროს შვედეთმა საბრძოლო ზონაში განათავსა გარკვეული რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო სპეციალისტების ჯგუფიც გაგზავნა. 2021 წლის 24 სექტემბერს კი შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა მაშინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიის ზღვის სრუტეებში ვითარება გაუარესდა. ამის მიზეზად კი მან დაასახელა რუსეთი, რომელიც, მისი განმარტებით, „მზად არის პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად თავისი სამხედრო ძალა გამოიყენოს“.





