ტოქსიკური ჩვევები: ცხოვრების "ინვენტარიზაცია" მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებისთვის

რა თქმა უნდა, ყველას უნდა მშვიდი და სტაბილური ცხოვრება ზედმეტი პრობლემების და ალიაქოთის გარეშე, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ჰარმონია და ენერგეტიკული ბალანსი მხოლოდ ბალასტისგან, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებით მიიღწევა, რომელთაც ზოგჯერ ისე ეჩვევა, ვერც ამჩნევს რამდენად ტოქსიკურია მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ტოქსიკური ადამიანები - ცხვრის ტყავში გახვეული ენერგეტიკული ვამპირები
მართალია, აშკარა უტიფრებს, რომლებიც ჟინითა და მანიაკალური შეუპოვრობით ცდილობენ მიზნის მიღწევას, ყველა კარგად იცნობს, მაგრამ ბევრად ვერაგი - ცხვრის ტყავში გახვეული ენერგეტიკული ვამპირები არიან, რომლებიც ყოველთვის შეუმჩნევლად გახვევენ თავს საკუთარ პრობლემებს, აწყობენ დრამებს, ითხოვენ ყურადღებას და ერთ წამში ქრებიან, როცა თვითონ სთხოვ დახმარებას.

ასეთ ადამიანებთან ყოველთვის დამნაშავედ გრძნობ თავს, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობ, პირად საზღვრებს იცავ და ბედავ არ უპასუხო მათ მესიჯებს ღამის 3 საათზე. ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა ერთგვარ მარათონს ჰგავს, როცა ქვებით სავსე ტომრით დარბიხარ წრეზე და ფინიშის ხაზიც არსად ჩანს. რა თქმა უნდა, არ ღირს ჩხუბი და აყალმაყალის მოწყობა, რადგან ბევრად აუტანელია გაბუტული ენერგოვამპირის წუწუნის მოსმენა, უმჯობესია შეზღუდოთ მათთან ურთიერთობა, გახდეთ "საქმიანი, მოუცლელი" და თვითონაც გაგიკვირდებათ, როგორ სწრაფად მონახავენ ენერგოკვების ახალ წყაროს. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ "ენერგიის საქველმოქმედო რეზერვუარი", სადაც ყველა თქვენს ხარჯზე შეივსებს საკუთარ მარაგს.
შინაგანი ენერგოვამპირი - წუწუნის ჩვეულება
ნაცნობი "პარაზიტების" მავნე ზემოქმედების მიუხედავად, ბევრად სერიოზულ ზიანს "შინაური მტერი" - თქვენს თავში დაბუდებული ენერგოვამპირი გაყენებთ, რომელიც გამაღიზიანებელი კომენტარებით გიწამლავთ გონებას. მართალია, ხშირად გეგმები არ სრულდება, ჩანაფიქრი არ ამართლებს, გაუთვალისწინებელი პრობლემები კი, ყოველთვის მოულოდნელად გიქმნიან სირთულეებს, მაგრამ მაინც არ ღირს წუწუნი, რადგან ერთი შეხედვით "ორთქლის გამოშვებით" და ნეგატიური ემოციებისგან დაცლით, სინამდვილეში საკუთარ თავს აპროგრამებთ უარყოფით შედეგზე. ტვინს არც ირონია ესმის, არც სარკაზმი, პირიქით, ყველა სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით, ერთგვარ ინსტრუქციად აღიქვამს, ამიტომ როცა ამბობთ, რომ ყველაფერი უსაშველოდ ცუდადაა, ტვინი მორჩილად გეთანხმებათ და შესაბამისად მოქმედებს.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მუდმივი წუწუნით პირველ რიგში ნეირონული კავშირები ზარალდებიან, ტვინი პესიმისტურ შაბლონს ერგება, ზონები კი, რომლებიც მეხსიერებაზე, სწავლასა და ინფორმაციის ათვისებაზე აგებენ პასუხს უმძიმეს სტრესს განიცდიან, რადგან წუწუნი - არა უბრალოდ სიტყვები, არამედ ნგრევის პროგრამაა, რომელსაც თვითონ ირჩევთ, ტვინს კი, მის შესრულებას აიძულებთ.

არაა საჭირო ნეგატივთან ბრძოლა, საკმარისია მისი მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაჩოჩება. დაიწყეთ მარტივით, ყოველთვის, როცა პესიმიზმი შემოგიტევთ, გაიხსენეთ სიხარულის თუნდაც უმნიშვნელო მიზეზი. მაგალითად, თუ გარეთ ცივა და საშინელი ამინდია - თქვენ სახლში გაქვთ კომფორტი და მყუდროება! თუ რთულ პროექტზე გიწევთ მუშაობა - უამრავ ახალს და სასარგებლოს სწავლობთ! თუ ძველი სამსახური მოგბეზრდათ - ე.ი. ახლის მოძებნაა საჭირო! ამგვარი მეთოდი არა ყალბი ოპტიმიზმი, არამედ ფოკუსის შეცვლის პრაქტიკაა. თქვენ არ ხუჭავთ თვალს სირთულეებზე, უბრალოდ, პოზიტიურს უფრო ამჩნევთ, ვიდრე ნეგატიურს, თქვენი ტვინი კი, დადებით სიგნალს იღებს და ეტაპობრივად ეჩვევა სიხარულის დამოუკიდებლად ძებნას.
სოციალური ქსელი - უძირო ორმო, რომელიც ენერგიას ჭამს
სტაბილური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მტერი - სოციალური ქსელი - ერთგვარი უძირო ორმოა, სადაც ყოველთვის ფუჭად იკარგება ენერგია. რა თქმა უნდა, სოციალურ პლატფორმებს თავიდან ყველა "რამდენიმე წუთით, შეტყობინების სანახავად" სტუმრობს, თუმცა უმიზნო "სქროლვით" გატაცებული და ფსკერზე ჩაძირული, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ახერხებს ამოყვინთვას შეგრძნებით, რომ მისი არსებობა მხოლოდ სამარცხვინო პაროდიაა სხვის ცხოვრებაზე, რადგან ერთმა ნაცნობმა ახალი მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი წამოიწყო, მესამე კი, ისევ რესპექტაბელურ კურორტზეა და ზღვაზე ნებივრობს. მართალია, ხვდებით, რომ ნახევარზე მეტი სიცრუე და რეალობის იდეალურად "ფოტოშოპირებული ვერსიაა", მაგრამ "გულუბრყვილო" ტვინი, რომელიც თქვენს უღიმღამო სამშაბათ დღეს სხვის დღესასწაულებს ადარებს, მაინც უსაშველო "ლუზერად" გთვლით და თქვენთან ერთად განიცდის.

კვლევებმა დაადასტურეს, რომ სოციალური პლატფორმების სისტემატური თვალიერება კაპიტალურად ანგრევს მენტალურ ჯანმრთელობას, ამიტომ დროა, მოეშვათ ნაცნობთა კეთილდღეობით გულის ხეთქვას, პერფექციონიზმის დევნას და სიახლე შესთავაზოთ საკუთარ თავს! ყოველთვის, როცა ხელი ტელეფონისკენ გაგექცევათ, სცადეთ წიგნის წაკითხვა ან რამდენიმე წუთით დადექით ფანჯარასთან, მოუსმინეთ საკუთარ ფიქრებს, გაიხსენეთ ყველა სიკეთე, რაც გაქვთ და მიხვდებით, რომ თქვენი რეალური ცხოვრება უფრო ფასეულია, ვიდრე სხვისი ვირტუალური სამოთხე.
პერფექციონიზმი - მონსტრი მეგობრის ტყავში
სხვისი "მიღწევებით" თავის მოწამვლა, ახალი პრობლემით - ყველაფრის იდეალურად კეთების სურვილით მძიმდება, რადგან პერფექციონიზმი - არა სტიმული, არამედ მონსტრია მეგობრის ღიმილით, რომელიც ერთგვარი "პირადი ასისტენტის" ფუნქციას ასრულებს და გამუდმებით გახსენებთ, რომ "არაფრის კეთება არ ღირს, სანამ არ დარწმუნდები, რომ 110%-ით შეასრულებ". მართალია, ერთი შეხედვით, ამგვარი შეძახილი კარგი მოტივაციაა, მაგრამ, სინამდვილეში, ის მხოლოდ ანადგურებს ენთუზიაზმს, რადგან საბოლოოდ არაფრის კეთების სურვილი აღარ გაქვთ.

შესაძლოა წლობით გეგმავთ და შესაფერისს მომენტს ელით ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მაგრამ სინამდვილეში, არც "შესაფერისი მომენტი" არსებობს, რადგან ყოველთვის "საშუალოდ გაკეთებული" ჯობია "იდეალურად გაუკეთებელს". რა თქმა უნდა, პირველი ცდა ნაკლებად გაამართლებს და არ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ რეალური იქნება და არა თქვენს წარმოსახვაში. გააკეთეთ უღიმღამოდ, ზერელედ მაგრამ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. მთავარია, კომუნიკაცია დაამყაროთ სამყაროსთან, პასუხის მიღების შემდგ კი, კიდევ ერთხელ მოსინჯეთ, უკვე გაკეთებული დახვეწეთ და გააუმჯობესეთ. ამგვარ მოქმედებას პროგრესი ჰქვია და პერფექციონიზმზე სასარგებლოა.
წარუმატებლობის შიში - გაჭიანურებული მარცხი
პერფექციონიზმის დევნა კიდევ ერთ "მონსტრს" - წარუმატებლობის შიშს მალავს, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანების უმეტესობას უბრალოდ მოსინჯვაც კი აფრთხობს. რა თქმა უნდა, "თუ არ გააკეთებ - არც შეგეშლება!" მაგრამ, უკან დახევაც მარცხია და ბევრად უფრო საშინელი, რადგან მსგავსი გაუბედაობა ყოველთვის დიდხანს გრძელდება და საკუთარი უუნარობით გამოწვეული დეპრესიით სრულდება.

მარცხი არავის ახარებს, მაგრამ არც შეცდომების ზედმეტი დრამატიზირება და საკუთარი თავის გაკიცხვა ივარგებს, რადგან ყოველი შეცდომა - ახალი გამოცდილებაა. მართალია, თეორიული ცოდნა კარგია, მაგრამ შეცდომებიც საჭიროა, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია პრაქტიკული ცოდნის შეძენა. საუკეთესო მეთოდი შიშის დასაძლევად - მინიმალურით დაწყება და ყოველდღე, რამდენიმე წუთით იმ საქმის კეთებაა, რაც განსაკუთრებით გაშინებთ. ყველაზე რთული დაწყებაა, როცა შინაგანი წინააღმდეგობის დაძლევა გიწევთ, მერე კი, გონება ერთვება საქმეში, რომელიც ხვდება, რომ მონდომების შემთხვევაში შეუძლებელიც შესაძლებელია და აღარ ღირს უკან დახევა.
ყალბი პროდუქტიულობა - პროკრასტინატორის თვითმოტყუება
ხშირად მარცხის შიში ყალბი პროდუქტიულობით გამართლებული პროკრასტინაციით (აუცილებლად შესასრულებელი საქმის მუდმივად გადადება ან დაგვიანება) ინიღბება, რომელიც თვითმოტყუების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მაგალითად, მოხსენება გაქვთ მოსამზადებელი, თქვენ კი, უამრავ საქმეს იგონებთ, რათა მთავარი არ შეასრულოთ - ამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას და სარეკლამო შეტყობინებებს, აწესრიგებთ სამუშაო მაგიდას, ისევ ურევთ, თავიდან ალაგებთ და ჯიუტად არიდებთ თავს მოხსენებაზე მუშაობას. სწორედ ესაა პროდუქტიულობის ილუზია - როცა უამრავ უსარგებლო მოქმედებას ასრულებთ და საკუთარ თავს ატყუებთ, თითქოს ძალიან დაკავებული ხართ.

გამოსავალი მარტივია - დაშალეთ "პროკრასტინაციის მონსტრი" მიკრონაწილაკებად და ეტაპობრივად შეასრულეთ მარტივი მოქმედებები - ჯერ დოკუმენტი გახსენით, მერე სათაური მოიფიქრეთ, რასაც პირველი წინადადება მოჰყვება და ფაბულაც შეიკვრება. ტვინს უყვარს პატარა გამარჯვებები, ამიტომ არაფერი დაშავდება, თუ ზოგჯერ სასარგებლოდ მოატყუებთ.
უუნარობა თქვა "არა" - საკუთარი თავის ღალატი
"საქმიანი უსაქმურობის" გარდა თქვენს დროსა და ენერგიას კიდევ ერთი მავნე ჩვევა - სხვისთვის უარის თქმის უუნარობა "ჭამს". რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ახლობლების ინტერესების სასარგებლოდ საკუთარის გადადება, მაგრამ არა სისტემატურად. სხვისი დახმარება მაშინ, როცა თვითონ გაქვთ სასწრაფო საქმე, ან წვეულების იძულებით სტუმრობა, როცა საერთოდ არ გაქვთ გართობის ხალისი, ან კოლეგის ნაცვლად პროექტის დასრულება, როცა საკუთარი გაქვთ დასამთავრებელი - მხოლოდ სისუსტეა და არაფერი აქვს საერთო სიკეთესთან, რადგან არა საკუთარი სურვილით, არამედ გარშემომყოფთა კრიტიკის და ნეგატიური შეფასების შიშით აკეთებთ. მეტიც, მუდმივად დათმობით და ყველასთვის ანგარიშის გაწევით, პირველ რიგში, საკუთარ გეგმებს ეუბნებით "არა"-ს და საკუთარ თავს ღალატობთ.

თქვენი დრო და ენერგია არა "საზოგადოებრივი მონაპოვარი" არამედ თქვენი საკუთრებაა, ამიტომ არ ხართ ვალდებული იმართლოთ თავი, ყველას სათითაოდ მოუბოდიშოთ და აუხსნათ უარის მიზეზი. "არა" - სრულყოფილი პასუხია და ისწავლეთ მისი ზრდილობიანად, თუმცა მტკიცედ თქმა, რადგან თქვენი უარით არც ქვეყანა დაიქცევა, არც ნაცნობები მოგიძულებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც მოგიძულეს, ე.ი. არც მანამდე უყვარდით და მხოლოდ თქვენს მიერ გაწეული სამსახური სჭირდებოდათ.
მულტიფუნქციურობის მითი - ნაჯახით ჟონგლიორობა
სხვებისთვის უარის თქმისა და საკუთარ გეგმებზე კონცენტრირების შემდეგ, დროა მრავალფუნქციურობის მითსაც დაემშვიდობოთ. მართალია, დღეს მოდაშია ყველაფრის ერთდროულად კეთება - კომპიუტერთან მუშაობა, ტელეფონზე საუბარი, სტატუსების წერა და ბუტერბროდის ღეჭვა, მაგრამ სინამდვილეში, არცერთს არ აკეთებთ ხარისხიანად, რადგან კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანის გონებას არ აქვს რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შესრულების უნარი, მას მხოლოდ ერთი ამოცანიდან მეორეზე სწრაფად გადართვა შეუძლია, თუმცა ამასობაში ფოკუსს კარგავს და შეცდომებს აგროვებს. ამგვარი მოქმედება ძალიან ჰგავს რამდენიმე ნაჯახით ჟონგლიორობას, რომელიც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ აბსოლუტურად უსარგებლოა. უმჯობესია, საქმეების გრძელი სიიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მონიშნოთ, თანამიმდევრულად შეასრულოთ და თვითონაც გაგიკვირდებათ, რამდენად მეტის გაკეთებას შეძლებთ, როცა არ ეცდებით ყველაფერს ერთდროულად "დაეძგეროთ".

ტოქსიკური პროდუქტიულობა - პირდაპირი გზა "გადაწვისკენ"
გამალებული რბოლა, რომელსაც "ყველაფრის მოსწრება" ჰქვია, ყოველთვის ტრადიციული შედეგით - ტოქსიკური პროდუქტიულობით სრულდება, როცა არც გაჩერება შეგიძლია, არც ხარისხიანად მუშაობა, დასვენება კი, რატომღაც დანაშაულის გრძნობას იწვევს.
მართალია, შეეჩვიეთ უქმე დღეებში, შვებულებაში მუშაობას და დიდი ხანია ძილშიც საქმეზე ფიქრობთ, მაგრამ რა საჭიროა?! თქვენი მოქმედება ჭიქის წყლის გავსებას ჰგავს, როცა პირამდე სავსეს მაინც უმატებთ და ფუჭად ღვრით წყალს. ამგვარი რეჟიმით მუშაობა არაპროდუქტიულია და საბოლოოდ გონებრივ-ემოციური "გადაწვით" სრულდება, რადგან ერთ მშვენიერ დილას ვერც ფიზიკურად, ვერც მენტალურად ვეღარ შეძლებთ წელის აწევას.

გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მარტივია. დაგეგმეთ დასვენება, მონიშნეთ კალენდარში "უსაქმურობის, არაფრის კეთების დღეები" და ზუსტად ისეთივე მონდომებით შეასრულეთ, როგორც საქმეს აკეთებთ, ინტელექტუალური დატვირთვისას კი, საათში ერთხელ შეისვენეთ, გაისეირნეთ, "თავი გაანიავეთ" და მიეცით გონებას გადატვირთვის საშუალება.
მენტალური ბალასტი - უსარგებლო ჩანართები
ბრაუზერში გახსნილი უსარგებლო ჩანართები - სარეკლამო შეთავაზებები, თემები, რომელთაც უკვე მესამე თვეა "მოგვიანებით კითხულობთ" და "სასწრაფო საქმეები", რომლებიც დიდი ხანია "სამუდამო საქმეებად" იქცნენ - მხოლოდ უკონტროლო ბარდაგს ქმნიან თავში, გარეგანი უწესრიგობა კი, შინაგან ქაოსს იწვევს, რადგან ტვინს, რომელიც ბარდაგს ხედავს, პანიკა იპყრობს და ვეღარ ახერხებს ინფორმაციის გადამუშავებას.

დახურეთ ზედმეტი ჩანართები, გააუქმეთ უსარგებლო შეთავაზებები და აუცილებლად დაალაგეთ სამუშაო მაგიდა. ნეირობიოლოგების მტკიცებით, სწორედ მატერიალური წესრიგი განსაზღვრავს მენტალურს, მით უფრო, რომ წვრილმანების მოწესრიგებით ტვინის ოპერატიული მეხსიერებაც იწმინდება.
წარსული - მუზეუმია და არა ადგილი, სადაც სამუდამოდ დასახლდებით
შინაგანი ქაოსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წარსულის ტვირთი და სინანულია, რადგან მოვლენების რეტროსპექცია ჩვეული ფრაზებით: "მაშინ რომ ასე მეთქვა, ისე გამეკეთებინა, ან სხვა ამერჩია" - მხოლოდ ძველი სიტუაციის გადათამაშებაა და სარგებელი ნაკლები აქვს.

სინამდვილეში, წარსული - მუზეუმია, სადაც "ექსპონატების დათვალიერება" და დასკვნების გამოტანა შეიძლება, საცხოვრებლად კი, არასდროს გამოდგება. სინანული - უზარმაზარი ლოდია, რომელიც მუდმივად უკან გექაჩებათ, როცა წინ ცდილობთ წასვლას. აღიარეთ დაშვებული შეცდომები, გადაუხადეთ მადლობა სამყაროს შეძენილი გამოცდილებისთვის და დაივიწყეთ. დაიწყეთ ყოველი ახალი დღე სუფთა ფურცლიდან და წარსულის გამოტირების ნაცვლად მომავლის შენებისთვის გამოიყენეთ საკუთარი ენერგია.
ტოქსიკური "ალტერ ეგო" - შინაგანი კრიტიკოსი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა
რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც არასასიამოვნო კომენტარებით: "არაფერი გამოგივა, შეხედე სხვებს, ისინი ბევრად უკეთესები არიან!" ყოველთვის უადგილოდ გახსენებთ თავს. ალბათ, მსგავსი სხვას რომ ეთქვა, დაუფიქრებლად უპასუხებდით, მაგრამ როცა შინაგანი ხმა გეჩურჩულებათ, ეთანხმებით და მორჩილად უქნევთ თავს.

გახსოვდეთ, რომ ძალიან დიდხანს მოგიწევთ საკუთარ თავთან ცხოვრება და მას თუ გადაემტერეთ, არც სხვასთან მეგობრობას ექნება აზრი! აკონტროლეთ ფიქრები და ყოველთვის, როცა "კრიტიკული მე" უფლებამოსილების გადამეტებას შეეცდება, დაასწარით და განსხვავებულად ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი, ნუ იტყვით: "მე შემეშალა", თქვით: "შეხედე, რა საინტერესოდ გამოვიდა, თან საჭირო გამოცდილებაც მივიღე!" ამგვარი მოქმედება არა თვალის დახუჭვის და საკუთარი თავის მოტყუების, არამედ შინაგან კრიტიკოსთან დიალოგის გამართვის და პრობლემის საღი გონებით შეფასების საუკეთესო მეთოდია.





