თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე - ჩაიშალა თუ არა პუტინის გეგმა?

მძლავრი სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის - ენერგეტიკულ ობიექტებზე, რუსეთი უკრაინის ჩაბნელებას ცდილობს. როგორ აფასებს კიევი ინფრასტრუქტურის დაზიანებას და როგორ უმკლავდება თავდასხმების შედეგებს? - ამ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა მოხდა?
მხოლოდ 10 ოქტომბერს, კიევის 8 რეგიონში 11 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. ამან, თავის მხრივ, რამდენიმე ოლქსა და უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მომდევნო დღეს, 11 ოქტომბერს, თავდასხმები განმეორდა, თუმცა ენერგეტიკოსებმა ზარალის აღდგენა ერთ დღეში შეძლეს.
კერძოდ, ლვოვში შუქი ისევ ჩაქრა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ელექტროგადამცემი ხაზი სასწრაფო წესით შეკეთდა. "ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ თავდასხმა მიწოდების მთელ ჯაჭვზე განხორციელდა - ეს იყო როგორც ელექტროენერგიის განაწილების, ასევე - გენერაციის სისტემები. მტრის მიზანია, ელექტროენერგიის მიწოდების სხვა წყაროებზე გადართვა გაართულოს", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა მთელი ომის განმავლობაში უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
ენერგეტიკოსები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
უკრაინის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფად ჩატარდება, რათა უკრაინელებმა რუსეთის მიერ ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგები არ იგრძნონ. „ამ ომის დამნაშავეთა მთავარი მიზანია პანიკის დათესვა, შეშინება და უკრაინელების შუქისა და გათბობის გარეშე დატოვება. ყველა სამსახური ადგილზე მუშაობს, ჩვენს ინფრასტრუქტურას ოპერატიულად აღვადგენთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ობიექტი რაც შეიძლება მალე აღდგეს,“ - დაწერა პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა თავის ტელეგრამ - არხზე.
10 ოქტომბრის საღამოს, ნაციონალურმა ენერგოკომპანიამ „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა უმეტეს რეგიონებში, სადაც მაგისტრალურ ქსელებზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. თუმცა ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ დანგრეული ობიექტების აღსადგენად მათ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ. "ევროპაში არავის არასდროს გაუკეთებია ის, რაც ამ ომის დროს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ასეთი მასობრივი ნგრევა არავის არასდროს განუცდია. ჩვენი ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქსელები რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ და ყველა მომხმარებელს ელექტროენერგია მიაწოდონ“, - განაცხადა „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ, რომლის სიტყვებიც კომპანიის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებული ენერგოსექტორის აღდგენაში უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.
მომხმარებლების დახმარება ყველაზე კრიტიკულ მომენტში
ამ ყველაფრის პარალელურად, მოსახლეობას სთხოვეს, პიკური დატვირთვის დროს (17:00-დან 22:00-მდე) ელექტროენერგიის მოხმარება შეემცირებინათ, რათა „უკრენერგოს“ ენერგოსისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა შესძლებოდა. აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლებს უთოს, სარეცხი მანქანის, გამათბობლებისა და კონდიციონერების მოხმარება უნდა შეეწყვიტათ. შეიძლება ითქვას, ამ მიდგომამ იმუშავა. დენის შმიგალის თქმით, 10 ოქტომბერს უკრაინელებმა ნებაყოფლობით 10%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს. ამავდროულად, კიევისა და მისი შემოგარენის მცხოვრებლებმა კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია დაზოგეს. „საღამოს საათებში კიევისა და მისი შემოგარენის მოსახლეობამ, შემოდგომის ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 26,5-ით შეამცირა. ამან ხელი შეუწყო მოქმედი ელექტროქსელების გადატვირთვას. „უკრენერგოს“ კი საშუალება მისცა, მის სადისპეტჩერო ცენტრს ყველაზე კრიტიკულ მომენტში სისტემა დაებალანსებინა“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ენერგეტიკის მინისტრი გალუშჩენკო თვლის, რომ თუ უკრაინა პიკური დატვირთვის დროს ელექტრომოწყობილობების გამოყენების მიზანმიმართულ შეზღუდვას გააგრძელებს, ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვები თავიდან იქნება აცილებული. "შემოდგომა - ზამთრის ეს პერიოდი რთული იქნება და გუშინ ყველამ ზუსტად დაინახა, რომ ეს ასეა. ამიტომაც ელექტროენერგიისა და გათბობის გონივრული მოხმარება ჩვენი ახალი ჩვევა უნდა გახდეს", - ხაზგასმით აღნიშნა გალუშჩენკომ.
ელექტროენერგიის ექსპორტი შეჩერებულია, იმპორტი კი არ იგეგმება
გარდა ამისა, უკრაინამ გადაწყვიტა, საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყვიტოს. "სწორედ უკრაინიდან მიღებული ელექტროენერგია ეხმარებოდა ევროპას, რუსული ენერგორესურსების მოხმარება შეემცირებინა. სწორედ ამიტომ ანადგურებს რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას, რითაც უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას კლავს", - განაცხადა გერმან გალუშჩენკომ. 10 ოქტომბერს, ოთხი რუსული რაკეტა მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურის ღია გამანაწილებელ მოწყობილობას, რომელიც ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზების კვეთაზე მდებარეობს. სწორედ ის აკავშირებს უკრაინას უნგრეთთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან და შესაბამისად, ელექტროენერგიაც ევროკავშირში ექსპორტზე აქედან გადის.
ამავდროულად, უკრაინას ჯერ არ მოუთხოვია სასწრაფო დახმარება ევროპის ქვეყნებისგან ენერგომომარაგების სტაბილიზაციისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმების შედეგად შეფერხდა. „უკრენერგოს“ ინფორმაციით, უკრაინულ ოპერატორს აქვს შესაძლებლობა, სასწრაფო დახმარება ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ვინაიდან ევროპის მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია.
ამასთანავე, „უკრენერგო“ დარწმუნებულია, რომ უკრაინას ელექტროენერგიის იმპორტი ამ ეტაპზე არ სჭირდება. „კიევსა და ცენტრალურ რეგიონში მოხმარების შეზღუდვა დაკავშირებულია არა რესურსის დეფიციტთან, არამედ - ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან. ამიტომ აუცილებელია, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფად დასრულდეს. ავარიული დახმარება არც გუშინ გვითხოვია და არც ახლა ვაპირებთ. შიდა რესურსების ხარჯზე ენერგოსისტემის დაბალანსება ჩვენ თვითონ მოვახერხეთ“, - ციტირებს საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი „ენერგოპლატფორმა“ „უკრენერგოს“ პრესსამსახურს.





