შეძლებს თუ არა ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვებას? მართალია თუ არა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ულტრამემარჯვენე ლე პენი გახდება?

ფოტო: Twitter
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი გადავიდნენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიულეტენების დათვლის შედეგების მიხედვით, მაკრონს ხმა ამომრჩეველთა 27,84%-მა მისცა, ლე პენის შედეგი კი 23,15%-ია. მესამე ადგილი დაიკავა მემარცხენე პარტიის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 22%-ზე ოდნავ ნაკლებმა დაუჭირა. მემარჯვენე კანდიდატი ერიკ ზემური, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია (მას ბევრი დონალდ ტრამპს ადარებდა), ხმების 7%-ზე ოდნავ მეტს იღებს. ამ უკანასკნელმა უკვე მოუწოდა ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა ლე პენს მისცენ. შეძლებს თუ არა მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვებას და რამ გამოიწვია ლე პენის რეიტინგის ასეთი მატება?- ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.
რა შანსი აქვს ემანუელ მაკრონს?
ემანუელ მაკრონს სურს მიაღწიოს იმას, რისი შესრულებაც, ჟაკ შირაკის შემდეგ, საფრანგეთის ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასახული მიზანი თითქოს არც ისე მიუღწეველი ჩანდა. შეშფოთებული ფრანგები თავიანთი პრეზიდენტის გარშემო შეიკრიბნენ, მაკრონის რეიტინგი 33%-მდე გაიზარდა, კონკურენტები კი საკმაოდ ჩამორჩნენ. თუმცა ბოლო დღეებში სურათი შეიცვალა: საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი 28%-მდე დაეცა, მისი კონკურენტი და მემარჯვენე პოპულისტი მარინ ლე პენი კი საკმაოდ სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა. ამ უკანასკნელის რეიტინგმა 23%-ი შეადგინა.
მაკრონის რეიტინგის ვარდნის მიზეზად ექსპერტები ფასების მატებით შეშფოთებულ ფრანგებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ამჟამად 4,5%-ზეა და საშუალოევროპულ მაჩვენებელზე დაბალია, ქვეყანაში ენერგიის ხარჯები იზრდება. ამ ფონზე ამომრჩევლები დიდ ყურადღებას სოციალურ საკითხებს აქცევენ. მათ შორის არის: ცხოვრების ხარისხის დაქვეითების ალბათობა, ტრადიციების შენარჩუნებასთან დაკავშირებული შეშფოთება, ქვეყნის მოდერნიზაციის შედეგებთან დაკავშირებული პრობლემები და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. როგორც დანარჩენ ევროპაში, საფრანგეთშიც არჩევნების შედეგებს საბოლოოდ ყოველდღიური პრობლემები განსაზღვრავს.
ქამელეონი მარინ ლე პენი
გამოკითხვების თანახმად, ისევე, როგორც წინა ჯერზე, ამჟამინდელ საპრეზიდენტო მარათონშიც მეორე ადგილზეა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე მარინ ლე პენი. ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც 2018 წლის 1 ივნისამდე „ეროვნული ფრონტის“ სახელს ატარებდა და ის მაკრონის ამჟამინდელი კონკურენტის მამამ ჟან-მარი ლე პენმა დააარსა.
მარინ ლე პენმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა პარტიის ულტრამემარჯვენე იმიჯი შერბილებინა და მამის „შხამიან მემკვიდრეობაზე“ უარი თქვა. დღეს ის საერთო ევროპულ ვალუტაზე (ევრო) უარის თქმასა და საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლასაც აღარ ემხრობა. რაც შეეხება მის მეგობრულ ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც 2017 წლის საარჩევნო კამპანიისთვის მას ფულიც კი ასესხა, ლე პენმა ეს საკითხიც მარტივად „მოაგვარა“. მან უბრალოდ ამ საკითხთან მიმართებით დამოკიდებულება შეცვალა და ამით არც ამომრჩევლები შეშფოთებულან.
უპირველეს ყოვლისა, მარინ ლე პენმა გააკეთა ის, რაც მისმა მთავარმა ოპონენტმა ვერ შეძლო: მან საარჩევნო კამპანია ჩაატარა. სანამ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან ტელეფონზე საუბრობდა, ლე პენი ქვეყნის პროვინციებში საფრანგეთის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდებოდა.
და აი შედეგიც: დღეისათვის, ლე პენს პოლიტიკურ საფრთხედ ფრანგების მხოლოდ 51%-იმიიჩნევს. ეს უდავოდ მისი სტრატეგიის წარმატებაა. 2017 წლის სატელევიზიო ინტერვიუში ლე პენმა პირდაპირ განაცხადა: „დიდი პოლიტიკური ხაზები, რომელთაც მე ვიცავ, არის პრეზიდენტების, ტრამპისა და პუტინის ხაზები“. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველას დაავიწყდა. მართლაც, 2022 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ლე პენი მხოლოდ მსყიდველობითუნარიანობაზე საუბრობდა. ის დადიოდა ბაზრებში, ასობით მოქალაქეს ხელს ართმევდა და ფრანგებს არწმუნებდა, რომ ენერგომატარებლების ფასებს შეზღუდავდა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად იბრძოლებდა.
მემარჯვენე კანდიდატი ერიკ ზემური
თავისდაუნებურად, ლე პენს დაეხმარა ყოფილი პუბლიცისტი და მემარჯვენე პოლიტიკოსი ერიკ ზემური, რომელიც სიძულვილის წაქეზებისთვის რამდენჯერმე გაასამართლეს. თავისი მკაცრი ანტიისლამური და ანტიმიგრანტული რიტორიკით მან საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე დიდი ყურადღება მიიპყრო. თავის დროზე, გამოკითხვების მიხედვით, ზემურის რეიტინგი 15%-მდე იყო, თუმცა ახლა ისევ ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაეცა. მარინ ლე პენისთვის ზემური პირდაპირ ღვთის საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან უკიდურესი მემარჯვენე ფლანგი სწორედ მან დაიკავა. შესაბამისად, ზემურის ფონზე ლე პენმა შეძლო თავი ზომიერ ცენტრისტულ პოლიტიკოსად წარმოეჩინა. ამგვარად, ლე პენი საფრანგეთის მიერ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას მიესალმებოდა, ზემური კი ნულოვანი იმიგრაციის მოწოდებებს არ წყვეტდა.
მაკრონს წინ რთული ბრძოლა ელის
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი მთავარი კანდიდატის რეიტინგებს შორის სხვაობა მცირდება, ქვეყანაში ჩატარებული ყველა გამოკითხვის მიხედვით, აპრილის ბოლოს, მეორე ტურში მაკრონი გაიმარჯვებს. ამავდროულად, 2017 წელთან შედარებით, მოქმედი პრეზიდენტისა და ლე პენის შედეგებში სხვაობა, ნაკლებად თვალშისაცემი იქნება. მაშინ მაკრონმა გადამწყვეტ კენჭისყრაში ამომრჩეველთა 60%-ის მხარდაჭერა მიიღო. ამჯერად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის მხარდამჭერების მობილიზებას. გამოკითხვების მიხედვით, ბევრ ფრანგს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.
გარდა ამისა, მაკრონს მოუწევს დაფიქრება, იყო თუ არა სწორი საარჩევნო მარათონში ასე გვიან ჩართვა. მას სურდა, უკიდურესი მემარცხენე ან უკიდურესი მემარჯვენე ძალების ბინძური ბრძოლისგან თავი შორს დაეჭირა. თუმცა ბევრი ფრანგი ემანუელ მაკრონთან მიმართებით სწორედ ამ განცალკევების ტენდენციას აკრიტიკებს. ისინი მას კომპეტენტურ, მაგრამ ხალხისგან შორს მყოფი და ყველასთვის საძულველი ელიტის ამპარტავან წევრად მიიჩნევენ.
მემარჯვენე პოპულისტისა და ცენტრისტული პოლიტიკოსის ახალ დუელს მიღმა კიდევ ათი სხვა კანდიდატი დარჩა. მათ შორის არის ვალერი პეკრესი, რომელსაც თავისი კონსერვატიული პარტია წინა პლანზე უნდა დაებრუნებინა. თუმცა მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. იგივე სიტუაციაა ფრანგი სოციალისტების ნარჩენებისგან ჩამოყალიბებული ბანაკის კანდიდატებშიც, რომლებიც საერთო ლიდერზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, ემანუელ მაკრონს მაინც მოუწევს სერიოზული ბრძოლა, რათა პირველ და მეორე ტურებს შორის თავისი ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს.
Untitled Question