სანქციების გამო რუსეთმა ჩინეთში ნავთობისა და გაზის აქტიური ტრანსპორტირება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის გავლით დაიწყო. რა ხდება?

ფოტო: AFP
ამ ზაფხულს, პირველად, რუსულმა ნავთობკომპანიებმა Urals-ის ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის გავლით ჩინეთში გაუშვეს. ოდნავ მოგვიანებით, „გაზპრომის“ ბალტიის ქარხნიდან თხევადმა ბუნებრივმა აირმა იგივე მარშრუტი გაიარა. ონლაინ გამოცემა Meduza-მ გაარკვია, რატომ ხდება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის მარშრუტი სულ უფრო პოპულარული, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
რა არის ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი? როდის დაიწყეს გემებმა იქ გადაადგილება?
ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი გადის რუსეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მურმანსკიდან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის გავლით ბერინგის სრუტემდე. ეს არის უმოკლესი საზღვაო მარშრუტი ევროპიდან აზიამდე. ის სუეცის არხის გავლით მოქმედ მარშრუტზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. თუ იაპონიის პორტებიდან ეგვიპტის გავლით ევროპაში მოსახვედრად გემს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება, არქტიკული ზღვებით ამისთვის ორი კვირაც საკმარისია.
ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტით რეგულარული მოძრაობის დაწყების იდეა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში გაჩნდა. თუმცა მისი რეალიზება დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ - ყინულმჭრელების ამოქმედებით მოხერხდა. საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი, რომელიც ციმბირის სანაოსნო მდინარეებს აკავშირებდა, ძირითადად „ჩრდილოეთის მიწოდებისთვის“ გამოიყენებოდა. ეს ზაფხულში შორეული არქტიკული ქალაქებისა და დასახლებებისთვის საქონლის მიწოდებას გულისხმობდა. ტვირთის მიმოსვლამ პიკს - 6,7 მილიონ ტონას 1987 წელს მიაღწია. ამ მაჩვენებლის შემცირება ქვეყანაში გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
ჩრდილოეთის მარშრუტის მეორე სიცოცხლე 2000-იან წლებში შიდა გადაზიდვის ზრდით დაიწყო. 2010 წელს კი, საერთაშორისო ტრანზიტით პირველად, არქტიკული მარშრუტი დანიურმა გადამზიდავმა Nordic Barents-მა (რუსეთის პორტებში შესვლის გარეშე) გაიარა. მას რკინის მადნის კონცენტრატი ნორვეგიიდან ჩინეთში გადაჰქონდა.
რაც უფრო მოკლეა მანძილი, მით უფრო დაბალია გემთმფლობელების ხარჯები. ასე რომ, ჩრდილოეთის მარშრუტი პოტენციურად შეიძლება სამხრეთის მარშრუტების ალტერნატივა გახდეს. თუმცა აქ არის ერთი „მაგრამ“ - მოკლე მარშრუტი ყოველთვის უფრო რთულია. როგორც ცნობილია, წელიწადის უმეტესი ნაწილი ოკეანე ყინულით არის დაფარული და სუფთა წყალზე ნავიგაციისთვის პატარა ფანჯარა რჩება - 2-4 თვე, როგორც წესი, ივნისის ბოლოდან ნოემბრამდე. თუმცა, ამ პერიოდშიც კი არქტიკაში ამინდი არასტაბილურია: მარშრუტის სიჩქარეზე ზემოქმედებს ნისლი, ცუდი ხილვადობა და ძლიერი ქარი.
რისი გადაზიდვა ხდება ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე?
ძირითადად, აქ საუბარია ნავთობსა და გაზზე. ზოგიერთი შეფასებით, მისმა წილმა მთლიან ტვირთბრუნვაში შეიძლება 90%-ს მიაღწიოს. პროექტ „ნოვატეკას“ ფარგლებში, თხევადი ბუნებრივი გაზი საბეტას პორტიდან აზიაში გადააქვთ, „გაზპრომ ნეფტი“კი თავისი არქტიკული საბადოებიდან ნავთობს გზავნის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საკონტეინერო და სატრანზიტო გადაზიდვა, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შედეგად, მკვეთრად შემცირდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტრანზიტს, რომლითაც გემი გადის ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტს რუსეთის პორტებში შეუსვლელად, საერთოდ შეჩერდა. ეს მოხდა ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად. სამაგიეროდ, წელს, პირიქით, ტრანზიტი გაიზრდება - ჩინურმა NewNew Shipping Line-მა ჩრდილოეთის მარშრუტის გასწვრივ ივლისში რეგულარული რეისები დაიწყო. საკონტეინერო გემები სანკტ-პეტერბურგიდან, კალინინგრადიდან და არხანგელსკიდან ჩინეთში გადაიტანენ ძირითადად ხე-ტყეს, უკან კი ჩინურ საექსპორტო საქონელს წამოიღებენ.
არქტიკის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის, მიხეილ გრიგორიევის შეფასებით, 2024 წელს დაგეგმილი 80 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა შეიძლება მხოლოდ 2025-2026 წლებში მიიღწეს.
ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თუ არა ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი სუეცის არხის ალტერნატივა გახდეს?
ეს მხოლოდ ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივაა. ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის მთავარი უპირატესობა ტვირთის მიწოდების მაღალი სიჩქარეა. თუმცა ოპერატიულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მანძილზე, არამედ ამინდის პირობებზე, ლოგისტიკაზე, გადაზიდვის კომპლექსებზე, ბირთვული და დიზელის ყინულმჭრელების რაოდენობაზე და ა.შ. მთელი ამ ინფრასტრუქტურის პრაქტიკულად ნულიდან შექმნა რთული, ძალიან ძვირი და ხანგრძლივი პროექტია, რომლის დაფინანსების ბედი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული.





