რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: რამდენად არის ჩართული ევროკავშირი ომის დანაშაულის გამოძიებაში?

ფოტო: shutterstock.com
ბუჩასა და უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში, საიდანაც რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, უკრაინელმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა ომის დანაშაულის გამოძიება დაიწყეს, რათა შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცენ. ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული უწყებები გამოძიებას ექსპერტებით, შესაბამისი აღჭურვილობითა და ფინანსებით ეხმარებიან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეტალები Deutsche Welle-მ გაარკვია.
ვინ იძიებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს?
უპირველეს ყოვლისა, გამოძიებას აწარმოებს უკრაინა როგორც სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაული. კონკრეტულად კი ამას აკეთებს უკრაინის გენერალური პროკურატურა, რომელმაც მხოლოდ აგრესიული ქმედებებისა და ომის დანაშაულის 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაარეგისტრირა. ამავე უწყებამ დაასახელა 570 ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო მეთაურები. თუმცა ამ ჩამონათვალში ვერ იხილავთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ეს იმით ახსნა, რომ ოფიციალური კიევი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობებზე მყოფ პირებს იმუნიტეტს ანიჭებს.
გარდა ამისა, ევროკავშირის 10-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა ომის დანაშაულის გამოძიება თავადაც დაიწყეს.
გლობალურ დონეზე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დანაშაულს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. სწორედ ამ უკანასკნელს აქვს იურისდიქცია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებსა თუ გენოციდზე. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა გამოძიება 2 მარტს დაიწყო და მისი გამომძიებლები უკრაინაში უკვე მუშაობენ. გამოძიების მოთხოვნას მხარი სულ 42-მა სახელმწიფომ დაუჭირა. ისინი ძირითადად ევროპულ ქვეყნებს წარმოადგენენ, თუმცა ამ ჩამონათვალშია ავსტრალია, კანადა, კოლუმბია, ჩილე და იაპონიაც.
"სამოქალაქო მოსახლეობაზე გამიზნული შეტევა დანაშაულია. სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმაც დანაშაულია... არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც შეიძლება ეს თავდასხმები გაამართლოს", - აცხადებს კარიმ ხანი.
უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი
ვილნიუსის ინიციატივით, მარტის ბოლოს უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის გენერალურმა პროკურორებმა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს. მხარეების განმარტებით, ეს "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებისა და სამხედრო დანაშაულებების გამოსაძიებლად" გაკეთდა. თუმცა, აღნიშნული ჯგუფი გამოძიებას დამოუკიდებლად არ ატარებს. მისი მთავარი იდეაა ნაციონალურ საგამოძიებო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში დახმარება. ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფს შეუერთდნენ. თუმცა მის შემადგენლობაში ჯერჯერობით მხოლოდ სამი ქვეყანაა. ევროკავშირმა ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც მიიწვია და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა ამ დროისთვის შედეგი უცნობია.
როგორ არის ჩართული Eurojust-ი ომის დანაშაულის გამოძიებაში?
ერთობლივი ჯგუფის მუშაობას Eurojust-იც მხარს უჭერს ეს არის ევროკავშირის სააგენტო, რომელიც წევრი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობას კურირებს. ის თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელი ერთი პროკურორის ან გამომძიებელი მოსამართლისგან შედგება. Eurojust-ში არის იმ ათი ქვეყნის წარმომადგენელიც, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და მათ შორისაა უკრაინაც. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სამ ქვეყანას, კოორდინაციას ვუწევთ მიმდინარე გამოძიებებს, ვქმნით საერთო მეთოდოლოგიას მტკიცებულებების შეგროვებისა და მათი უსაფრთხოდ გაზიარებისთვის. ამავდროულად, თავიდან ვიცილებთ ქმედებების დუბლირებას. მაგალითად, რათა არ მოხდეს ერთი და იმავე მოწმის რამდენჯერმე დაკითხვა და მათი ჩვენებები საქმეებში იყოს გამოყენებული“, - განუცხადა DW-ს Eurojust-ის პრეს-სპიკერმა. გარდა ამისა, Eurojust-ი უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებს, რომლებიც ზემოთ ხსენებული საერთო ჯგუფის წევრები არ არიან, შეუძლიათ ერთმანეთს ოპერატიულად დაუკავშირდნენ.
ევროპელი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე გამოძიებას ეხმარებიან
12 აპრილის საღამოს ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებს და სთხოვა მათ, ვენედიქტოვას მოთხოვნის საპასუხოდ, დახმარება გაეწიათ. კერძოდ, საუბარია ომის დანაშაულის დოკუმენტირებისთვის გამომძიებლებისა და სხვა ექსპერტების გაგზავნაზე, ასევე, მტკიცებულებების შესანახი აღჭურვილობისა და უსაფრთხო საკომუნიკაციო ხაზების გადაცემაზე, ამასთანავე, უკრაინელი გამომძიებლების ტრენინგების ორგანიზებაზე.
უკრაინაში თავიანთი ექსპერტების გაგზავნა, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ. პირველი ჯგუფი საფრანგეთმა გაგზავნა. მასში შედიოდა ორი სასამართლოს ექიმი და დაახლოებით 15 ჟანდარმი, რომლებიც სასამართლო ექსპერტიზისა და სხეულის იდენტიფიკაციის საკითხებში ექსპერტები არიან. 11 აპრილს ისინი ჩავიდნენ უკრაინაში, სადაც იმუშავებენ კიევის რეგიონში, პირველ რიგში კი - ბუჩაში. ფრანგებმა ადგილზე ჩაიტანეს დნმ-ის ლაბორატორია, ასევე, ცხედრების გამოსაკვლევად და იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავიანთი ექსპერტების გაგზავნას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. საუბარია კრიმინალისტებზე, ბალისტიკის სპეციალისტებსა და პათოლოგანატომებზე.
ევროკავშირის საკონსულტაციო მისია გამოძიებას დაეხმარება
2014 წლიდან უკრაინაში ფუნქციონირებს ევროკავშირის საკონსულტაციო მისია, რომლის დანიშნულებაც სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის რეფორმაა. 2022 წლის 13 აპრილს ევროკავშირის საბჭომ მისი მანდატი შეცვალა, რათა მან შეძლოს უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულის გამოძიებაში ჩართვა“. ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, მისია უზრუნველყოფს „სტრატეგიულ რჩევებსა და ტრენინგებს“. ის ასევე შეძლებს უკრაინის ხელისუფლებას გარკვეული აღჭურვილობა მიაწოდოს.
ომის დანაშაულის გამოძიებას ევროპა აფინანსებს
ბუჩაში არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, ევროკომისიამ გამოძიების პროცესის ფინანსური მხარდაჭერის დაუყოვნებლივი მზადყოფნა გამოთქვა. ბრიუსელში კონკრეტულ ციფრებზე ჯერ არ საუბრობენ, მაგრამ 13 აპრილს ევროკომისიამ ერთ-ერთი პროექტისთვის 7,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. აქ საუბარია უგზოუკვლოდ დაკარგული პირების შესახებ გამოძიების ჩატარებისა და მტკიცებულებების შეგროვების მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დამატებით ერთი მილიონი ევროს გამოყოფაზე ისაუბრა, რათა აღნიშნული უწყების წარმომადგენლებმა უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარება შეძლონ. იმავეს აკეთებენ ევროკავშირის სხვა ქვეყნები. მაგალითად, ჰოლანდია კიდევ ერთ მილიონ ევროს გამოჰყოფს, საფრანგეთი კი - დამატებით 500 ათას ევროს.





