რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. ომი, რომლის მიზეზსაც პუტინი შუასაუკუნეებში ეძებს

ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტს ისტორიული ფესვები აქვს. მისი არსი არის ის, რომ კრემლი უკრაინის დამოუკიდებლობას არ ცნობს. Deutsche Welle იხსენებს მთავარ მოვლენებს, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყებას წინ უძღოდა.
რა მოხდა?
რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობისა და 24 თებერვლის დილას გაჩაღებული დიდი ომის დაწყების წინაპირობები ერთ ათეულ წელზე მეტხანს ყალიბდებოდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არგუმენტები მიდის კიდევ უფრო შორს, შუასაუკუნეებში, როდესაც დღევანდელი უკრაინის ნაწილი და რუსეთი კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს კრემლის მეთაურის თეზისი „ერთი ხალხის“ შესახებ, რომელშიც ის ბელარუსებსაც აერთიანებს.
თუმცა ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იშვიათად ახსენებს იმ უტყუარ ფაქტს, რომ რუსებსა და უკრაინელებს განვითარების ერთი და იგივე გზა ყოველთვის არ ჰქონდათ და სწორედ ამის შედეგად ჩამოყალიბდა ორი ენა და ორი კულტურა - ერთმანეთის მონათესავე, მაგრამ - განსხვავებული. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორივე რესპუბლიკა ცალკე სახელმწიფოებად იქცა, გაჩნდა კიდევ ერთი სხვაობა - პოლიტიკური. კიევი დასავლური დემოკრატიის გზას გაჰყვა, მოსკოვმა კი მას ზურგი აქცია. ექსპერტების თქმით, მიმდინარე ომი ბოლო 30-წლიანი პოლიტიკის შედეგია. ის პირობითად შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს და თითოეული მათგანი დაახლოებით 10-წლიან პერიოდს მოიცავს. Deutsche Welle -მ ეს გარდამტეხი მოვლენები გაიხსენა.
1992-2003: უკრაინა მიდის, რუსეთი იძულებულია, დასთანხმდეს
1991 წლის დეკემბერში უკრაინა, რუსეთსა და ბელარუსთან ერთად, იყო ერთ-ერთი იმ სამი რესპუბლიკიდან, რომელთაც ბელოვეჟსკაია პუშჩაში სსრკ-ს დაშლა დაამტკიცეს. როგორც ჩანს, მოსკოვს იმედი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დახმარებითა და იაფი გაზის მიწოდებით გავლენას შეინარჩუნებდა. თუმცა სხვაგვარად მოხდა. რუსეთმა და ბელარუსმა მოკავშირე სახელმწიფოები შექმნეს, უკრაინა კი სულ უფრო მეტად იყურებოდა დასავლეთისკენ. ეს კრემლს აღიზიანებდა, თუმცა სანამ დასავლეთი და უკრაინა ერთმანეთს შორიდან უყურებდნენ, მოსკოვი თავშეკავებული ჩანდა. 1997 წელს შავი ზღვის ფლოტის გაყოფითა და „დიდი ხელშეკრულების“ ხელმოწერით, რუსეთის ფედერაციამ აღიარა უკრაინის საზღვრები ყირიმის ჩათვლით.
2003-2013: როგორ "დაიბზარა" პოსტსაბჭოთა „მეგობრობა“
პირველი დიდი დიპლომატიური კრიზისი მოსკოვსა და კიევს შორის პრეზიდენტ პუტინის დროს დაიწყო. 2003 წლის შემოდგომაზე, სრულიად მოულოდნელად რუსეთმა ქერჩის სრუტეში, უკრაინულ კუნძულ ტუზლას მიმართულებით კაშხლის მშენებლობა დაიწყო. კიევმა ეს საზღვრის გადაკეთების მცდელობად ჩათვალა. აღნიშნული უთანხმოება პრეზიდენტების პირადი შეხვედრის შედეგად მოგვარდა. მართალია, მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის დეკლარირებულ მეგობრობას პირველი ბზარები გაუჩნდა.
2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს პრორუს კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩს, მაგრამ „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ მის გამარჯვებას ხელი შეუშალა. უკრაინის პრეზიდენტი პროდასავლელი პოლიტიკოსი ვიქტორ იუშჩენკო გახდა. მისი გამარჯვება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის ცვლილებებისთვის ამოსავალი წერტილი გახდა. იუშჩენკოს მმართველობის პერიოდში რუსეთის ფედერაციამ უკრაინას გაზის ონკანი ორჯერ გადაუკეტა - 2006 და 2009 წლებში, რამაც ევროპისთვის ტრანზიტული მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
მთავარი მოვლენა მაინც 2008 წელს მოხდა. ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეეცადა, უკრაინასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan - MAP) მიეღოთ. პუტინი ამას მკვეთრად შეეწინააღმდეგა, რითაც მოსკოვმა ნათლად აჩვენა, რომ ის უკრაინის დამოუკიდებლობას სრულად არ ცნობს. შედეგად, გერმანიამ და საფრანგეთმა ბუშის გეგმა დაბლოკეს. ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს, ნატოში გაწევრიანებას დაჰპირდნენ, მაგრამ თარიღი არ დაკონკრეტებულა.
ვინაიდან ნატოში ოპერატიულად გაწევრიანება ვერ მოხდა, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გზით ეკონომიკური ინტეგრაციის კურსი აიღო. 2013 წლის ზაფხულში, შესაძლო ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთმა უკრაინაზე უდიდესი ეკონომიკური ზეწოლა დაიწყო და უკრაინულ ექსპორტს, ფაქტობრივად, საზღვარი ჩაუკეტა. შემოდგომაზე, იანუკოვიჩის მთავრობამ, რომელიც პრეზიდენტი 2010 წელს გახდა, ბრიუსელთან შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადების შეჩერების შესახებ განაცხადა და მოტივად რუსეთის ფედერაციის ზეწოლა დაასახელა. იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ უკრაინაში პროტესტი გამოიწვია. ამის ფონზე ის 2014 წლის თებერვალში რუსეთში გაიქცა.
2014-2021: ყირიმის ანექსია და ომი დონბასში
2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი - გამოუცხადებელი ომის დასაწყისი. ამავდროულად, რუსულმა და ადგილობრივმა გასამხედროებულმა სტრუქტურებმა დონბასში სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყვეს ხელი. დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ. "სახალხო რესპუბლიკები" გამოცხადდა. მათ ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ ჩამოსული და გაურკვეველი წარმომავლობის ფორმები ეცვათ. ამ მოვლენებზე კიევს შენელებული რეაქცია ჰქონდა. აქ მაისის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ფართომასშტაბიანი ძალების გამოყენება, რომელსაც „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ეწოდა.
2014 წლის ივნისის დასაწყისში საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასმის 70 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავის რუს კოლეგას- ვლადიმერ პუტინს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შუამავლობით პირველად შეხვდა. ასე გაჩნდა „ნორმანდიული ფორმატი“. ზაფხულში უკრაინის არმიამ სეპარატისტები აიძულა, უკან დაეხიათ, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა დონბასში მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა შეიყვანა. მოსკოვი ამ ფაქტს უარყოფს. უკრაინული ძალები ილოვაისკის მახლობლად დამარცხდნენ, რაც კონფლიქტის პიკი გახდა. სექტემბერში ომი მთელ ფრონტის ხაზზე დასრულდა მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც სწრაფადვე დაირღვა.
სწორედ მაშინ დაიწყო პოზიციური ომი. 2015 წლის დასაწყისში სეპარატისტები ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. კიევმა კვლავ დაადანაშაულა მოსკოვი საიდენტიფიკაციო ნიშნების არმქონე არმიის გამოყენებაში, რუსეთის ფედერაციამ კი ისევ ყველაფერი უარყო. ამ დროს გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმდა „მინსკი-2“- შეთანხმება, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მთავარ დოკუმენტად დღემდე რჩება. თუმცა მისი არცერთი პუნქტი სრულად შესრულებული არ არის, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ერთი შეხედვით, თითქოს 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე აღნიშნულ კონფლიქტში გარღვევა მოხდა. მხარეები შეთანხმდნენ და რამდენიმე რაიონიდან სამხედრო ძალები გაიყვანეს. თუმცა პარიზში გამართული „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტის შემდეგ შეხვედრები აღარ ყოფილა. რუსეთი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ კომუნიკაციაზე უარს ამბობს და მას „მინსკი-2“-ის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. დეკემბერში კი პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წაუყენა პირდაპირი ულტიმატუმი აშშ-სა და ნატოს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ალიანსში არ მიეღოთ და მათთვის სამხედრო დახმარება არ გაეწიათ, რაზეც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი განაცხადა.
2022 წელი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო
2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის დოკუმენტებს რატიფიკაცია ქვეყნის პარლამენტმა მისცა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ეს ე.წ. "რესპუბლიკები" მოიცავს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერა ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონი.
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა თავის მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია" დაასახელა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიტიტანეს უკრაინის ქალაქებსა და მის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - არამხოლოდ დონბასში.





