რუანდის გენოციდი: სიძულვილის ენა და სიკვდილის იარაღად ქცეული მედია

"მედიასაშუალების სანდოობა ან პოპულარობა არ ათავისუფლებს აუდიტორიას მორალური პასუხისმგებლობისგან, აუდიტორიის მორალური უპასუხისმგებლობა კი, არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებისგან", - სწორედ ასე უპასუხა BBC-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად დიდ როლს ასრულებს პროპაგანდა თანამედროვე სოციუმში. მართალია, ბევრი თვლის რომ პროპაგანდის მნიშვნელობა გადაჭარბებული და ზედმეტად გაზვიადებულია, მაგრამ განსხვავებული აზრი აქვს რუანდელ მწერალს, რომანის "ჩემი ქვა ლაპარაკობს" ავტორს ეჟენი მუსაიდირს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა გენოციდი და დარწმუნებულია, რომ "სიტყვები უფრო სახიფათოა, ვიდრე იარაღი, პოპულარულ მედიაში გაჟღერებული სიტყვები კი, ასჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ბირთვული ბომბის აფეთქება".

1994 წლის რუანდის ტრაგედია, როცა 100 დღეში ტუტსის ეთნიკური ჯგუფის თითქმის მილიონი წარმომადგენელი დაიღუპა, სამართლიანად ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმსხვილეს ჰუმანიტარულ კატასტროფად, რადგან თავისი მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებიც უკან ჩამოიტოვა. მართალია, გენოციდის მზადების შესახებ კარგად იცოდნენ დასავლურმა სახელმწიფოებმა, მაგრამ კონფლიქტის მოგვარება მაინც არავის უცდია, რადგან ღარიბი აფრიკული ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე ნაკლებად აღმოჩნდა მათთვის ფასეული.

ჰუტუ და ტუტსი
აფრიკის აღმოსავლეთში მდებარე რუანდა, რომელსაც არც ზღვაზე გასასვლელი აქვს, არც სასარგებლო წიაღისეული, საერთო ფართობი კი, მხოლოდ 26 338 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სახელი მოსახლეობის - ნიარუანდას წყალობით შეიძინა, რომელმაც სამი ეთნიკური ჯგუფი - დომინანტი ჰუტუ - მოსახლეობის 80%-ით, შედარებით მცირერიცხოვანი ტუტსი - 15%-ით და პიგმეა ტვა გააერთიანა, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ამიტომ არასდროს ერევა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სწორედ ის ითვლება რუანდის აბორიგენ მოსახლეობად.

თანამედროვე რუანდას ტერიტორიაზე ტუტსისა და ჰუტუს ეთნიკური ჯგუფები საუკუნეების წინ დასახლდნენ, როცა ახალი მიწების ძიებაში ჯერ მიწათმფლობელი ჰუტუ გამოჩნდა კონტინენტის სამხრეთიდან, მერე მესაქონლე ტუტსი გადმობარგდა ჩრდილოეთიდან. მართალია, ტუტსი ახალმოსახლეთა უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ მაინც საკუთარ ხელში აიღო ძალაუფლება და ქვეყნის ელიტად ქცეული 1961 წლამდე მართავდა მონარქისტულ რუანდას, რომელიც მე-16 საუკუნის ბოლოს, ვიქტორიასა და ტანგანიიკას ტბებს შორის რამდენიმე მცირე სამთავროს გაერთიანებით შეიქმნა.


რა თქმა უნდა, მონარქი ანუ მვამი, რომელიც ღვთაებასთან იყო გაიგივებული, ყოველთვის ტუტსის ეთნოსს მიეკუთვნებოდა, რისი წყალობით ტუტსი პრივილეგიებით, ჰუტუ კი, პირიქით შეზღუდული უფლებებით სარგებლობადა. მეტიც, 1894 წელს ევროპელების შეგულიანებით მვამი რუტარინდვამ კანონიც შემოიღო, რომლის თანახმად რუანდის მთელი ტერიტორია ტუტსის ეკუთვნოდა, ჰუტუ კი, მხოლოდ მოიჯარე გლეხი იყო, რომელიც ხარკს უხდიდა სამეფო ოჯახს.


სხვადასხვა სოციალური სტატუსის მიუხედავად ჰუტუსა და ტუტსის, რომლებიც ერთ ენაზე (ფრანგულად, ინგლისურად ან კინიარუანდაზე) საუბრობენ, კულტურული და რელიგიური ტრადიციებიც საერთო აქვთ და მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან დაბალი და მკვრივი ჰუტუს ფონზე, ტუტსი ბევრად თხელი და მაღალია შედარებით ღია ფერის კანითა და ნაკლებად ნეგროიდული ნაკვთებით. სხვათა შორის რუანდელები ქრისტიანები - პროტესტანტები, კათოლიკეები არიან და მხოლოდ მოსახლეობის 4%-ია მუსულმანი.


ევროპელები რუანდაში
ევროპელებმა რუანდა 1861 წელს აღმოაჩინეს, როცა მიწებს დიდ აფრიკულ ტბებს შორის ბრიტანული არმიის ოფიცრის ჯონ ჰენინგ სპიკის ექსპედიცია ეწვია. აფრიკული სამოფო სპიკმა მაღალგანვითარებულ "ნეგროიდულ სახელმწიფოდ" მოიხსენია საკმაოდ შეძლებული, თუმცა უცხოელების მიმართ მტრულად განწყობილი მოსახლეობით. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუანდა მართლაც ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო იყო საკუთარი არმიით, რომელიც მეზობელი სამთავროების მისაკუთრებით აფართოებდა ტერიტორიებს, თუმცა 1897 წელს, გერმანელების დაპყრობის შემდეგ, რუანდას ბურუნდი გამოეყო და სხვა აფრიკული ქვეყნების მსგავსად შეწყვიტა განვითარება. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუანდა ბელგიელების მფლობელობაში გადავიდა, 1946 წელს კი, "სამეურვეო ტერიტორიის" განსაკუთრებული სტატუსი მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან და მართალია, ბელგიის მმართველობაში დარჩა, მაგრამ დეკოლონიზაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო დამოუკიდებლობისთვის მზადება.

აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა, რომელთაც სწრაფად შენიშნეს ტუტსის გენეტიკური მსგავსება ევროპეიდულ ნაციასთან, არა თუ შეამცირეს მისი ძალაუფლება, არამედ პირიქით, პრივილეგიები მიანიჭეს და მაქსიმალურად წაახალისეს მისი მმართველობა, რითაც შეგნებულად თუ შეუგნებლად გააღვივეს შუღლი ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ერთმანეთით უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდნენ მშვიდობას. თუმცა, 1959 წელს, ერთი მხრივ, ევროპელების დისკრიმინაციით, მეორე მხრივ, შეზღუდვებითა და შევიწროებით მოქანცულმა ჰუტუმ, სოციალური რევოლუცია მოაწყო და ღიად დაუპირისპირდა ტუტსის, რამაც 1961 წელს ბელგიელებს რეფერენდუმის ჩატარება აიძულა, რომლის მიზანს გარკვევა წარმოადგენდა, სურდათ თუ არა რუანდელებს მონარქიის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, რეფერენდუმი ჰუტუსთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა, რადგან სწორედ ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას.

.jpeg)
1962 წლის 1-ელ ივლისს რუანდა არა მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადდა რესპუბლიკად, არამედ კოლონიალური მმართველობისგანაც გათავისუფლდა. ქვეყანას სათავეში ჰუტუს გათავისუფლების მოძრაობა ჩაუდგა გრეგუარ კაიიბანდას ხელმძღვანელობით, რომელმაც 1-ელ ივლისს "გადარჩენის დღე" უწოდა და სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. მართალია, რუანდის უკანასკნელმა მონარქმა დომინიკ მბონომუტვამ სიკვდილს თავი დააღწია, მაგრამ მალევე დატოვა ქვეყანა, რადგან სწორედ მაშინ გაატარა ჰუტუს მთავრობამ პირველი მასიური რეპრესიები ტუტსის წინააღმდეგ, რომელთაც არმიაში მაღალი წოდებით სამსახური აუკრძალა, პარლამენტსა და სასწავლო დაწესებულებებში კი, კვოტები განუსაზღვრა. მართალია, ძალაუფლებადაკარგული ტუტსის ნაწილი რუანდიდან გაიქცა, მაგრამ სამშობლოს დაკარგვას მაინც არ შეეგუა და მეზობელ ქვეყნებში სამხედრო რაზმების შექმნით სცადა უკან დაბუნება.


ჟუვენალ ჰაბიარიმანა და რუანდის პატრიოტული ფრონტი
1973 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტის პოსტი გენერალ-მაიორმა ჟუვენალ ჰაბიარიმანამ ჩაიბარა, რომელმაც რეპრესიები გააძლიერა ტუტსის წინააღმდეგ. სწორედ მაშინ შეიქმნა უგანდაში 1960-იან წლებში ემიგრირებულ ტუტსისა და ნაკლებად რადიკალურად განწყობილ ჰუტუს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია "რუანდის პატრიოტული ფრონტი" პოლ კამაგეს, ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტის ლიდერობით, რომელმაც რუანდის ტერიტორიაზე პერიოდული რეიდებით წამოიწყო პარტიზანული ომი.
.jpg)
მართალია, პატრიოტული ფრონტის აქტიურობა ჰაბიარიმანისთვის გარკვეულწილად მოსახერხებელი იყო, რადგან 20-წლიანი მმართველობის ფონზე საგრძნობლად დასუსტებულმა, სწორედ მტრის ხატის შექმნით შეძლო ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება და მტკიცება, თითქოს მისი გადადგომის შემთხვევაში ძალაუფლებას ისევ ტუტსი დაიბრუნებდა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა პატრიოტული ფრონტი პარტიზანული ომიდან ღია დაპირისპირებაზე გადავიდა, ერთიანად გაანადგურა რუანდის ეროვნული არმია და მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა, ძალაუფლების დაკარგვით შეშინებულმა ჰაბიარიმანამ მოლაპარაკება და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება გადაწყვიტა, რომელიც ლტოლვილი ტუტსის სამშობლოში დაბრუნებას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას, პატრიოტული ფრონტის წევრებისთვის კი, არმიასა და პარლამენტში ადგილების 50%-ის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

თუმცა, დაზავების წინააღმდეგი აღმოჩნდნენ ჰუტუს რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტები, ვისთვისაც დაუშვებელი იყო მოძულებული ტუტსის ხელისუფლებაში დაბრუნება. რადიკალების განწყობა გაიზიარეს რიგითმა ჰუტუებმაც, რომელთა ფარული შიში დაჰბრუნებოდნენ ერთხელ დაძლეულ შეზღუდვებსა და შევიწროებას, აბსოლუტურად რეალური და დაუფარავი გახდა, რასაც ჰაბიარიმანას ავტორიტარული რეჟიმის შედეგად გაღატაკებული მოქალაქეების გაღიზიანებაც დაემატა, რაც პირველ რიგში ტუტსის მიმართ აგრესიით გამოიხატა.

მთავრობის უსუსურობის შემხედვარე ნაციონალისტებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს მოქმედება და სამხედროებთან ერთად შეუდგნენ ახალგაზრდა აჯანყებულთა რაზმების ფორმირებას, რომლებიც თავად გაწვრთნეს და უზრუნველყვეს იარაღით. ამავე პერიოდში დაიწყო ტუტსის წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდაც სააგატაციო პროკლამაციების გავრცელებითა და ეთნოსის სრულად განადგურების მოწოდებებით.
პრეზიდენტის მკვლელობა
ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შეთანხმების პირობების შესრულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მისიას დაევალა 2 500 ბელგიელი ჯარისკაცის შემადგენლობით, თუმცა 1994 წლის 6 აპრილს რუანდის დედაქალაქ კიგალისთან ჰაბიარიმანას თვითმფრინავის ჩამოგდებამ, რომელიც პატრიოტული ფრონტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრიდან ბრუნდებოდა, საერთო ქაოსი გამოიწვია და კიდევ უფრო დაამძიმა, ისედაც დაძაბული სიტუაცია.

რა თქმა უნდა, რადიკალებმა პრეზიდენტის მკვლელობაში პატრიოტული ფრონტი დაადანაშაულეს და უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის აგათა უვილინჰიიმანის მორჩილებაზე, რომელმაც პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაიბარა და აქტიურად შეუდგა ინციდენტის გამოძიებას. რადიკალებმა თავად გადაწყვიტეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ჯერ პრემიერ-მინისტრი მოკლეს მეუღლესთან და დაცვასთან - 10 ბელგიელ ჯარისკაცთან ერთად, მერე ტუტსის მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკოსები გამოასალმეს სიცოცხლეს.

მართალია, ოფიციალურად ტუტსის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადების მიზეზად პრეზიდენტის მკვლელობა იქცა, მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სინამდვილეში, ჰაბიარიმანას თვითმფრინავი ჰუტუს იმ რადიკალებმა ჩამოაგდეს, ვისაც არ სურდა მშვიდობის დამყარება და ნებისმიერ მიზეზს ეძებდა შუღლის გასაღვივებლად.
პროპაგანდისტული მედია
1990-იანი წლების დასაწყისში ჰაბიარიმანამ საგრძნობლად შეამცირა სახელმწიფო გავლენა მედიაზე, რითაც დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების განვითარებას შეუწყო ხელი. სწორედ 1990 წელს დაფუძნდა გაზეთი "კანგურა", რასაც 3 წლის შემდეგ, გენოციდის დაწყებამდე ზუსტად 9 თვით ადრე "ათასი ბორცვის თავისუფალი რადიოს" შექმნა მოჰყვა, რომელიც ქვეყნის სპეციფიკური რელიეფის ერთგვარ განსახიერებად იქცა, რადგან ბორცვებზე გაშენებულ რუანდას სწორედ "ათასი ბორცვის ქვეყანას" უწოდებენ ადგილობრივები.

გაზეთიც და რადიოც, რომელთაც ათწლეულების მანძილზე დაგროვილ სიძულვილს მისცეს გასაქანი და ერთგვარ სიკვდილის იარაღად იქცნენ, ისტორიკოსის, რუანდის საინფორმაციო სააგენტოს ყოფილი დირექტორის ფერდინანდ ნაჰიმანას ინიციატივით და მილიარდერის, 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული რუანდელის ფელისიენ კაბუგას ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. თუმცა, რუანდაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 50%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, ტელევიზორი კი, წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა და მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ, სწორედ რადიო იქცა ინფორმაციის მთავარ წყაროდ, მით უფრო, რომ 1980-იან წლებში რადიოწარმოება უცხოელმა დონორებმა დააფინანსეს, ხელისუფლებამ კი, ფასდაკლებით გაყიდა რადიომიმღებები, რომელთა მოსმენა არა მხოლოდ სახლებში, არამედ მაღაზიებსა და ბაზრებშიც თავისუფლად შეიძლებოდა.

"ათასი ბორცვის რადიომ", რომელიც "ხალხის ხმის" სახელით პოზიციონირებდა და მხოლოდ ჰუტუს წარმომადგენლებს აერთიანებდა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რაც ერთი მხრივ, მოდური დასავლური მუსიკის, მეორე მხრივ, მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციის დამსახურება აღმოჩნდა, რადგან პირდაპირი ეთერის პარალელურად, ჟურნალისტები კიგალის ქუჩებშიც აქტიურად ურთიერთობდნენ ადგილობრივებთან, უწევდნენ აგიტაციას და თავს ახვევდნენ საკუთარ იდეოლოგიას.

"სიძულვილის რადიო"
დაარსების დღიდანვე ცინიზმითა და სიძულვილით გამორჩეული "ათასი ბორცვის რადიო", თავიდან მხოლოდ ჰუტუსა და ტუტსის ანთროპოლოგიურ თავისებურებებზე ხუმრობით ართობდა მსმენელს, ყველა უსიამოვნებაში მონათესავე ეთნოსის ადანაშაულებდა და მაქსიმალურად ცდილობდა მის დეჰუმანიზაციას, თუმცა ფართო აუდიტორიის ნდობის მოპოვების შემდეგ ხუმრობები აგრესიამ და სიძულვილმა შეცვალა, რადიოწამყვანები კი, რომელთა ტონი ბევრად რადიკალური გახდა აშკარა პროპაგანდაზე გადავიდნენ ტუტსის სრულად განადგურების მოწოდებებით.

"... კარგად დააკვირდით ნებისმიერ გამვლელს, შეხედეთ მის აღნაგობას, გარეგნობას და თუ პატარა ცხვირი აქვს, იქვე მიალეწეთ..." - მოუწოდებდა "ათასი ბორცვის" დამფუძნებელი ნაჰიმანა, "...საფლავები ჯერ არ გავსებულა! რაღას უცდით, წადით და ყველა ტუტსი მოკალით!" - ამბობდა ვალერი ბემერიკი, რადიოს ერთადერთი ქალი ჟურნალისტი, რომელსაც მოგვიანებით "გენოციდის ხმა" შეარქვეს, 1990-იანი წლების პოპულარული მუსიკოსი საიმონ ბიკინდი კი, დაუფარავი სიძულვილით ანგარიშობდა დღეებს ტუტსის გასანადგურებლად, "...მთელი წელიც რომ დაგვჭირდეს, არ დავიღლებით და სრულად მოვსპობთ ტარაკნების მოდგმას", - იქადნიდა ბიკინდი და იარაღით მომარაგებას სთხოვდა ქვეყნის მთავრობას. როგორც ჩანს, ბიკინდის მოწოდება ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მილიარდერმა კაბუგამ შეისმინა, რომელმაც 1,5 მილიონი მაჩეტე, რამდენიმე ათასი სამართებელი, ნაჯახი, ხერხი და სამეურნეო მაკრატელი, საერთო ჯამში 25 ტონა ცივი იარაღი შეიძინა და ჟანდარმერიის დახმარებით დაურიგა რუანდელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვეულებრივ, რადიომოწოდებები რუანდელებისთვის კარგად გასაგები ევფემიზმებით ვრცელდებოდა. მაგალითად, "მოჭერით მაღალი ხეები" - ერთგვარი მინიშნება იყო ტუტსის სიმაღლეზე, "ტარაკნებად" კი, მხოლოდ იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ პატრიოტული ფრონტი მეტწილად ღამით მოქმედებდა. თუმცა, ბევრად მძიმე მოსასმენი იყო, როცა წამყვანები პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ სამიზნედ ქცეული ტუტსის მისამართებს, რადგან ადამიანები, რომელთაც არწმუნებდნენ, თითქოს მათი სამოქალაქო ვალი იყო ტუტსის განადგურება, წამყვანების მოწოდებებით შეგულიანებული და მაჩეტებით, სამზარეულოს დანებით, ლურსმნიანი კეტებით შეიარაღებული უვარდებოდნენ ყოფილ მეგობრებს, კოლეგებს, ზოგჯერ ნათესავებს სახლებში და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, საცხოვრებელს უწვავდნენ, მათ ქონებას კი, იტაცებდნენ.

ჰუტუს დამუშავებაზე "ათასი ბორცვის რადიო" 24-საათიან რეჟიმში, შესვენების გარეშე მუშაობდა და სიძულვილით წამლავდა ყველას - ბავშვებით დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. მეტიც, აგრესიული განწყობის შესანარჩუნებლად კიგალიში მასობრივი აქციები ეწყობოდა აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. სწორედ ერთ-ერთი პოლიტიკოსის მოწოდებით, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს ტუტსის სამშობლო ეთიოპია იყო, უმოკლესი გზა სამშობლომდე კი, მდინარე ნიაბაროგოზე გადიოდა, ჰუტუმ იმავე დღეს მოკლა რამდენიმე ათეული ტუტსი, ცხედრები კი, მდინარე ნიაბაროგოში გადაყარა. მკვლელობასთან ერთად ჰუტუ არც სექსუალურ ძალადობას ერიდებოდა და ქალებთან ერთად, მოზარდ გოგონებსა და ბავშვებზეც ძალადობდა. თუმცა ამბობენ, გაუპატიურებული ქალები ხშირად თვითონ სთხოვდნენ ჯალათებს მოკვლას, რადგან ნაწამებსა და შეურაცხყოფილებს სიცოცხლე აღარ უნდოდათ, მით უფრო, რომ გადარჩენილთა უმეტესობა მოგვიანებით შიდსით დაავადდა.

სიძულვილით მოწამლული ჰუტუ
გაბოროტებული ჰუტუ არც ქვეყნის დატოვების უფლებას აძლევდა ტუტსის. საქალაქთაშორისო ტრასებზე მოწყობილ სპეციალურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მოხალისეთა რაზმები ჯერ გარეგნობით განსაზღვრავდნენ, მერე პასპორტებს უმოწმებდნენ გაქცეულებს, რომელშიც პირდაპირ იყო მითითებული ეთნიკური კუთვნილება. სხვათა შორის, გარეგნული მახასიათებლების გარდა, ტუტსი აკურატულობით, ქცევის მანერითა და გამართული საუბრითაც გამოირჩეოდა ჰუტუსგან.
.jpg)
ლტოლვილები, რომელთაც ბელგიური სამშვიდობო კორპუსის დახმარების იმედი ჰქონდათ, მათ ბლოკ-პოსტებამდე ცდილობდნენ მიღწევას, თუმცა გაცხოველებული ჰუტუები ბოლომდე დევნიდნენ გაქცეულებს, რამდენიმე დღე უსაფრდებოდნენ და სამხედროების თვალწინ კლავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ევროპელები მათ საქმეში არ ჩაერეოდნენ. თუმცა, დაზარალებულთა მტკიცებით, არც მშვიდობისმყოფელები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული შემწყნარებლობით და ხშირად თვითონაც სარგებლობდნენ ახალგაზრდა ქალების უსუსურობით.

ტუტსი ეკლესიებში ცდილობდა დამალვას, თუმცა ჰუტუს ჯალათები არც იქ უტოვებდნენ გადარჩენის შანსს. კიგალიდან რამდენიმე კილომეტრში, ნიამატას პროტესტანტულ ეკლესიას, რომელსაც რამდენიმე ათასმა ტუტსიმ შეაფარა თავი, ჟანდარმერიამ ჯერ მძიმე ტექნიკით შეუტია, მერე მაჩეტეთი დაჩეხა ისინი, ვინც გაქცევა სცადა. არ დაინდეს მოძალადეებმა არც ადგილობრივები, რომელთა შორის მეტწილად ქალები და ბავშვები იყვნენ. მოგვიანებით ნიამატაში, სადაც 50 ათასი ტუტსი დაიყუპა, ტაძრის ადგილას გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი - ერთგვარ მუზეუმი მოეწყო, სადაც დაღუპულთა დოკუმენტები და ტანსაცმელი მოგროვდა, თუმცა ბევრად შემზარავი სანახავი აღმოჩნდა თაროებზე გამწკრივებული თავის ქალები და სხვადასხვა ზომის ძვლები.

.jpg)

სიძულვილით შეპყრობილი ადამიანები არც საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლებს, ტუტსის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჰუტუებს ინდობდნენ. ერთ-ერთი, ვინც თანაგრძნობა გამოხატა ტუტსის მიმართ, სასტუმროს Hôtel des Mille Collines-ს მენეჯერი პოლ რუსესაბაგინა იყო, რომელმაც 1000-ზე მეტი ლტოლვილი შეიფარა, თვითონ კი, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 2004 წელს რეჟისორმა ტერი ჯორჯმა სწორედ რუსესაბაგინას მიუძღვნა ისტორიული დრამა "სასტუმრო რუანდა", რომელიც "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" სამგზის ნომინანტი გახდა.

პროპაგანდის გავლენა
2000-იან წლების დასაწყისში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ იანაგიზავა-დროტმამ, რომელმაც დაღუპულთა მონაცემები რუანდის რელიეფის თანამგზავრულ რუკას და რადიოსიგნალის დაფარვის ზონებს შეადარა, აღმოაჩინა, რომ მთიან რეგიონებში, სადაც "ათასი ბორცვის რადიოს" სიგნალი შეფერხებით ან საერთოდ არ ვრცელდებოდა, 7%-ით ნაკლები იყო მსხვერპლი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროპაგანდის გავლენა ადამიანებზე, მათ ქცევასა და განწყობაზე. "სწორედ რადიო გახდა გენოციდის მიზეზი, რადგან მისმა პროპაგანდამ შეიწირა ათასობით ტუტსი. რა თქმა უნდა, მსხვერპლი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა თავის დროზე რომ აეკრძალათ მისი მაუწყებლობა", - აღნიშნა იანაგიზავა-დროტმამ და ის ევროპელი დიპლომატები გაკიცხა, ვინც რადიოს შეზღუდვა გააპროტესტა და თამამად განაცხადა, რომ სწორედ ის იყო ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალება, მოწოდებები პირდაპირ ეთერში კი, არა მიზეზი, არამედ ფართო მასების განწყობის გამომხატველი გახდა. "თუ უმრავლესობას სისხლი სწყურია, აუცილებლად გამოჩნდება მედიასაშუალება, რომელიც ამგვარ სურვილს გააჟღერებს", - აღნიშნეს ევროპელებმა და სწორედ ასე ცადეს "ათასი ბორცვის" საქმიანობის გამართლება.

მსოფლიო რუანდას გენოციდში
მართალია, რუანდის გენოციდს ხშირად ჰოლოკოსტს ადარებენ, მაგრამ ამგვარი შედარება მცდარია, რადგან ეთნიკურ ებრაელებს ნაცისტური რეჟიმი - სახელმწიფო და მისი ძალოვანი სტრუქტურები დევნიდნენ, მაშინ როცა რუანდის გენოციდი არა სახელმწიფო, არამედ სამოქალაქო დანაშაულად შეფასდა, რადგან მასში მოსახლეობის 80%-მა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ტრიბუნალის დასკვნით რუანდის 7 მილიონი მოსახლის ფონზე, მასიურ მკვლელობებში 77 ათასი ორგანიზატორი და 443 ათასი რიგითი მოქალაქე მონაწილეობდა, რომელთაც ყოველდღე 5-დან 10 ათასამდე ადამიანის მოკვლით მილიონამდე ტუტსი გამოასალმეს სიცოცხლეს.

რა თქმა უნდა, დასავლური სამყარო კარგად ხედავდა, რამდენად სასტიკად უსწორდებოდა ჰუტუ ერთ დროს მონათესავე ეთნოსს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭომ კი, პრეზიდენტ ჰაბიარიმანის მკვლელობამდე იცოდა გენოციდის მზადების შესახებ, თუმცა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მომიზეზებით თქვა უარი რადიკალი ჩინოვნიკების დაკავებაზე. მეტიც, საბჭოს გადაწყვეტილებით სამშვიდობო მისიამ საერთოდ დატოვა სამოქალაქო ომში ჩაფლული რუანდა და გენოციდის შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კი, მხოლოდ 1999 წელს მოუბოდიშა რუანდელებს, როცა საჯაროდ გამოთქვა სინანული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის "სამწუხარო უმოქმედობასა და პოლიტიკურ უნებისყოფობაზე".

კანადელი გენერალი რომეო დალერი
2500 მშვიდობისმყოფელის ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ ტუტსი მხოლოდ კანადელი გენერლის რომეო დალერისა და მისი რამდენიმე ათეული ჯარისკაცის იმედად დარჩა, რომელთაც საოცარი სიმტკიცე და გამბედაობა გამოიჩინეს, რადგან გენერალმა უარი თქვა ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულებაზე და უსაფრთხოების სპეციალური ზონების შექმნით გადაარჩინა რამდენიმე ათასი დევნილი ტუტსი.

მართალია, კანადაში დაბრუნებული გენერალი პატივით მიიღეს და დააწინაურეს, მაგრამ 2000 წელს დალერმა საკუთარი სურვილით დატოვა სამხედრო სამსახური, რადგან ძალიან გაუჭირდა რუანდის ტრაგედიის დავიწყება, დეპრესიის დაძლევა და რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა, 2003 წელს კი წიგნი "ეშმაკთან ხელის ჩამორევა" გამოსცა, რომელშიც დეტალურად აღწერა რუანდის მოვლენები და პირველ რიგში საკუთარი თავი დაადანაშაულა ადამიანების სიკვდილში.

დანაშაულის გრძნობის მიუხედავად, დალერმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, რადგან მანამდე იცადა ტუტსის, სანამ პატრიოტულმა ფრონტმა დაკარგული პოზიციები არ დაიბრუნა, კიგალის აღების შემდეგ კი, მთავრობას ქვეყნის დატოვება აიძულა. სხვათა შორის, შურისძიებით შეშინებულ მაღალჩინოსნებს პრეზიდენტის თეოდორ სინდიკუბვაბოს მეთაურობით, ფრანგები დაეხმარნენ ზაირში გაქცევაში, რომელთაც უარი თქვეს კონფლიქტში ჩარევაზე, თუმცა ჰუტუს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამაგრებულებმა სწორედ გენოციდის მომწყობთა ლიდერებს დაუჭირეს მხარი.

რუანდის მოვლენებს აქტიურად აშუქებდა მსოფლიო მედიაც, რადგან ჰუტუ არასდრს ერიდებოდა რეპორტიორებთან პოზირებას და მათ თვალწინ ადამიანების ხოცვას. მოძალადეები მხოლოდ მაშინ დაფრთხნენ, როცა პატრიოტული ფრონტის მოახლოება იგრძნეს და კვალის დასაფარად ცხედრების ნაწილი დამარხეს, ნაწილი კი, უპატრონოდ დაყარეს.

საერთაშორისო ტრიბუნალი და ჟურნალისტების განაჩენი
1996 წელს, გაეროს ორგანიზებით ტანზანიის ქალაქ არუშაში საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა რუანდისთვის დაიწყო მუშაობა, რომელიც დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტრიბუნალის წინაშე არა მხოლოდ გენოციდში მონაწილე სახელმწიფო ჩინოვნიკები და სამხედროები, არამედ პირველად წარდგნენ მედიის წარმომადგენლები - რადიოსა და გაზეთის მესვეურები, ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები, რომელთაც გენოციდში, შეთქმულებაში გენოციდის მოწყობის მიზნით, ღიად და საჯაროდ გენოციდის წაქეზებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობისთვის წაუყენეს ბრალი. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ "მედიის საქმემ" დაიმსახურა, რადგან ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ე.წ. "სიძულვილის ენა" პირველად იქნა მიჩნეული სამხედრო დანაშაულად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.

მართალია, მედიის წარმომადგენლებმა საჯაროდ მოინანიეს ჩადენილი, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ დააღწიეს თავი. "ვნანობ, რომ ყოველდღე, პირდაპირ ეთერში მოვუწოდებდი ჰუტუს ტუტსის მოკვლას... გენოციდი ყველა დონეზე კარგად იყო ორგანიზებული, რადგან ყოველთვის ოპერატიულად ვიღებდით ინფორმაციას ტუტსის თავშესაფრებზე, მერე კი, ჰუტუს ვარწმუნებდით, რომ მხოლოდ იმიტომ იმალებოდნენ, რათა მოგვიანებით მათ დასხმოდნენ თავს... დიახ, ჩვენ გავბრიყვდით როცა ვენდეთ ჩვენს ხელმძღვანელობას, ვაღიარებთ, რომ საზარელი ცოდვა ჩავიდინეთ და მუხლებზე დაჩოქილი ვითხოვთ პატიებას", - თქვა საკუთარ გამოსვლაში "გენოციდის ხმად" წოდებულმა ვალერი ბემერიკიმ, რომელსაც გაზეთ "კანგურას" რედაქტორის ჰასან ჰგაზეს, მუსიკოსის საიმონ ბიკინდისა და "ათასი ბორცვის რადიოს" კიდევ ერთი ჟურნალისტის, ბერნარ მუკინგოს მსგავსად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, 30-წლიანი სასჯელი მიიღო გენოციდის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, "ათასი ბორცვის რადიოს" დამფუძნებელმა ფერდინანდ ნაჰიმანამ და რადიოსადგურის მთავარმა პროპაგანდისტმა ჟან ბოსკო ბარაიგვიზამ.


ბრალდებულებს შორის აღმოჩნდა ბიზნესმენი ფელისიენ კაბუგაც, რომელიც მხოლოდ 2022 წელს წარსდგა ტრიბუნალის წინაშე, რადგან 28 წლის მანძილზე იმალებოდა ხან აფრიკის, ხან ევროპის ქვეყნებში. თუმცა, 89 წლის კაბუგა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების სამედიცინო დასკვნით დემენციითა და ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა, ტრიბუნალმა ვერც დაკითხა, ვერც განაჩენი გამოუტანა, რაც რუანდელებმა უსამართლობად მიიჩნიეს, რადგან სწორედ კაბუგამ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერაჰამვე" 30 ათასი შეიარაღებული აქტივისტის შემადგენლობით, მანვე მოამარაგა ჰუტუ მაჩეტებით და სხვა ცივი იარაღით, თუმცა ყველაზე საშიშ იარაღად მის ხელში "ათასი ბორცვის რადიო" იქცა, რომელიც კაცთმოძულეობის პროპაგანდის ინსტრუმენტი გახდა და სამართლიანად დაიმსახურა "სიძულვილის რადიოს" სახელი.

პოლ კაგმე და თანამედროვე რუანდა
კიგალის აღების შემდეგ პატრიოტული ფრონტის ლიდერი პოლ კაგმე თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა, 2000 წელს კი, პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა და დღემდე მართავს ქვეყანას.

თანამედროვე რუანდაში, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად, მშვიდ და უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, ჰუტუს და ტუტსის ეთნიკური ჯგუფები ისევ ერთად ცხოვრობენ და ერთად ცდილობენ წარსულის დავიწყებას, მით უფრო, რომ 25 წლის წინ პრეზიდენტად არჩეულმა კაგმემ, რომელიც ეროვნულ გმირად ითვლება ქვეყანაში, საერთოდ გააუქმა ეთნოსის განსაზღვრება და ქვეყნის მოსახლეობა ერთიან რუანდელ ერად აქცია, შერიგებისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს და მართალია, კანონგარეშე გამოაცხადა გენოციდის მომწყობი პარტია "ნაციონალური რევოლუციური მოძრაობა განვითარებისთვის", მაგრამ ოფიციალურად აკრძალა ჰუტუს დევნა და შურისძიება, სახალხო სასამართლოების მოწყობა და მათი თვითნებური გასამართლება, რისი შემთხვევები მრავლად იყო რუანდის ცალკეულ რეგიონებში. როგორც ჩანს, პრეზიდენტის მოწოდებამ გაამართლა, რადგან სწორედ შერიგება იქცა ქვეყნის ერთადერთ გადარჩენად, რომელმაც უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად მაინც წარმატებით გააგრძელა განვითარება.







