როგორ შევხვდეთ დრაკონის წელს ფენ-შუის მიხედვით

ფენ-შუი - დაოისტური სწავლებაა, რომელიც სივრცის სიმბოლური ათვისების ფილოსოფიას ეფუძნება, რადგან თვლის, რომ სწორედ გარემო განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკასა და ბედისწერას. ფენ-შუის მთავარ მიზანს ცხოვრების ჰარმონიზაცია და კეთილდღეობის მოპოვება წარმოადგენს, ამიტომ მისი მიმდევრები დარწმუნებული არიან, რომ მარტივი წესების დაცვით ნებისმიერს შეუძლია ბედნიერებისა და კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მოპოვება. საკუთარი წესებით აღნიშნავს ფენ-შუი ახალ წელსაც, რომელსაც თავიდან დაბადების, სულიერი და მატერიალური სამყაროს განახლების სიმბოლოდ მიიჩნევს.
ახალი წელი ფენ-შუის წესებით
2024 წლის სიმბოლო - ხის მწვანე დრაკონი ჩინური ჰოროსკოპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური, ტაქტიანი და დიპლომატიური ნიშანია, ამიტომ დახვედრაც ჰარმონიულ გარემოში სჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობას აპირებთ თუ ოჯახურ წრეში გეგმავთ ახალი წლის აღნიშვნას, ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ ფენ-შუის სასარგებლო რჩევები, რათა გულუხვი მასპინძლობით ასიამოვნოთ წლის მფარველი დრაკონი.
სახლის გაფორმება
მორთეთ ნაძვის ხე წარმატების და კეთილდღეობის სიმბოლოებით - ლომისა და დრაკონის ფიგურებით, სადღესასწაულო სუფრაზე კი, დრაკონთან ერთად იხვკაზმულას ფიგურაც დააბრძანეთ, რომელიც სიყვარულის, ერთგულებისა და ბედნიერი ქორწინების სიმბოლოდ ითვლება.
მოათავსეთ სასტუმრო ან სასადილო ოთახში სარკე, რომელიც საზეიმოდ მორთულ გარემოს, პირველ რიგში, სადღესასწაულო სუფრას აირეკლავს და ბარაქას, კეთილდღეობას გააორმაგებს. დაკიდეთ სახლის შესასვლელ კარზე წითელი ფერის ლენტი იღბლის მოსაზიდად და ნეგატიური ენერგიისგან დასაცავად, კართან ახლოს კი, მონეტებით სავსე კერამიკის ან შუშის თასი დადგით, რომელშიც მთელი წლის მანძილზე ჩაყრით წვრილ ფულს და ქონების სიმბოლური დაგროვებით მოიზიდავთ ფინანსურ კეთილდღეობას.

მთელი წლის მანძილზე წარმატების დასაბევებლად ახალი წლის დადგომამდე შეუცვალეთ ადგილი 22 ნივთს. არაა აუცილებელი მასშტაბური რეორგანიზაციის მოწყობა, მთავარი სიმბოლური ცვლილების შეტანაა ძველის დასრულებისა და ახლის დაწყების აღსანიშნად, ჩინური ახალი წლისთვის (10 თებერვალი) კი, შეიძინეთ „ბედნიერი“ მცენარეები - ორქიდეა, გიაცინტი, პიონი და ბამბუკის ყვავილი, რომელთაც სხვადასხვა ოთახში გაანაწილებთ დადებითი ენერგიის მოსაზიდად.
გაითვალისწინეთ, რომ ფენ-შუის ფილოსოფიის თანახმად, ნებისმიერი სივრცე, მათ შორის სახლიც ზონებად იყოფა, თითოეულს საკუთარი ენერგეტიკა აქვს და გაფორმებაც შესაბამისი სჭირდება. მიწის ელემენტები სახლის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი, სადაც კრისტალების, ძვირფასი მინერალებისა და კერამიკული ნივთების „დაბინავებაა“ საჭირო, ჩრდილო-აღმოსავლეთისთვის კი, რომელიც მეტალის ენერგიით ხასიათდება, დეკორაციად მეტალის ნივთები გამოგადგებათ. სახლის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც წყლის სტიქიას განასახიერებს, აკვარიუმი ან ყვავილების ლარნაკი მოათავსეთ, სამხრეთში - ცეცხლი - პოპულარობის და კარგი რეპუტაციის ენერგია ბატონობს, ამიტომ თუ განდიდების მანიით იტანჯებით, აუცილებლად გააძლიერეთ ცეცხლის სტიქია, აღმოსავლეთ ზონა კი, ხესთან ასოცირდება და ერთის მხრივ, ოჯახსა და ჯანმრთელობაზე, მეორეს მხრივ, სიმდიდრესა და კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, ამიტომ მისი გაძლიერება ხის ფიგურებით და სუვენირებით შეიძლება.
დღესასწაულის დღეებში დეკორსა და სამოსში თბილი ფერები - წითელი - სიყვარულისა და მშვიდობის ფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი უნდა დომინირებდეს, რომლებიც ოპტიმიზმსა და ცხოვრებისეულ ენერგიასთან ასოცირდება.
არ დაივიწყოთ სამზარეულოში საშაქრის პირამდე გავსებაც, რადგან ნახევრად სავსე ან ცარიელი საშაქრე იღბალს გაანაწყენებს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას.
სადღესასწაულო მენიუ
შეძენილ ტკბილეულს ნაკლები ხეირი აქვს, ამიტომ უმჯობესია ტკბილეული და ნამცხვარი სახლში მოამზადოთ.
გამოაცხვეთ დრაკონის ფორმის ორცხობილები, სადღესასწაულო სუფრა კი, ე.წ. „ერთობის თეფშით“ დაამშვენეთ, რომელიც ტრადიციულ ჩინურ ნუგბარს - პეკანის კაკალს, თხილს, წაბლს და ნუშს, ატამს, ქლიავს, გარგარს აერთიანებს და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება. სასიკეთოა საახალწლო სუფრის „ბედნიერი“ ხილითა და ციტრუსით - ანანასით, ყურძნით და მანგოთი, ფორთოხლითა და ლიმონით შევსებაც, რომლითაც სტუმრებს გაუმასპინძლდებით, მათაც ახეირებთ და თვითონაც იხეირებთ, რადგან მომავალ წელს, რაც მეტს გასცემთ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდებათ.

ფენ-შუის რიტუალები
ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე რამდენიმე წუთით გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა, რათა მშვიდობიანად გააცილოთ ძველი წელი, ახალს კი, სუფთა ენერგიით შეხვდეთ. შეასრულეთ ე.წ. „სურვილების ალმების“ რიტუალი. დაწერეთ ცხრა სურვილი ფერად ფურცელზე და დაკიდეთ ხეზე სახლის ეზოში, რადგან ითვლება, რომ ქარის წაღებული სურვილები უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ჩუმად ჩაფიქრებული. დადგით მაგიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ანუ სიმდიდრის კუთხეში ჩაიდანი და ოთხი ფინჯანი ტკბილი ჩაით, რათა კეთილად უმასპინძლოთ „ოთხ მეფეს ოთხი კუთხიდან“, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მოიზიდავენ იღბალს და წარმატებას. თუ აკვარიუმი გაქვთ შეიძინეთ 7 წითელი და ერთი შავი თევზი, რათა წითელი ფერით დადებითი ენერგია გააქტიუროთ, შავით კი, ნეგატიური ძალები განდევნოთ სახლიდან.

დაივიწყეთ არასასიამოვნო ფიქრები, თავი შეიკავეთ ნეგატიური სიტყვებისა და ფრაზების გაჟღერებისგან, რომლებიც დადებითი ენერგიის მოძრაობას აფერხებენ.
არ გამოიყენოთ 31 დეკემბერს მაკრატელი, რათა თავად არ „გაჭრათ“ საკუთარი იღბალი, მატერიალური დანაკარგის თავიდან ასაცლებლად კი, მოერიდეთ დღესასწაულის დღეებში ფულის გასესხებას.





