როგორ შეუძლია ნატოს უკრაინის დახმარება რუსეთთან ბირთვული კონფლიქტის პროვოცირების გარეშე?

ფოტო: Facebook
რუსეთ-უკრაინის ომში ნატო პირდაპირ არ ერევა. თუმცა რა მოხდება, თუ ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება? რას ფიქრობენ უსაფრთხოების ექსპერტები ბირთვული ესკალაციის რისკების შეფასებისას? ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა ხდება?
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შედის: მეზობელი ქვეყნის ხელში სწრაფად ჩაგდების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ექსპერტები არ გამორიცხავენ გაჭიანურებულ საომარ მოქმედებებს, რომლებიც უკრაინის უდიდესი ქალაქების - ხარკოვისა და კიევის ალყაში მოქცევის მცდელობისკენ არის მიმართული. ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ფარგლებში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ომის შემდგომი მიმდინარეობა უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
ამ ფონზე დასავლური სამყაროს ლიდერებზე ზეწოლა მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების შესახებ მოწოდებები და მოთხოვნებიც სულ უფრო მეტად ისმის. ბრიტანელი დიპლომატისა და ნატოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ადამ ტომსონის განცხადებით, ჰუმანიტარული კატასტროფის არსებობას უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ადასტურებს. მისი განმარტებით, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის თავდასხმით გამოწვეული მსხვერპლი დასავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას წარმოუდგენლად გაზრდის.
„რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება გამორიცხულია, სხვა ვარიანტები დასაშვებია“
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ კიევისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება გადაწყვიტა. ეს ფაქტი მოსკოვმა შეიძლება კონფლიქტში ჩართვად ჩათვალოს, რის პასუხადაც ის ატომური იარაღის გამოყენებით ღიად იმუქრება, - შეგვახსენებს პროექტ „რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების“ ხელმძღვანელი და ჟენევაში მოღვაწე დამოუკიდებელი ექსპერტი პაველ პოდვიგი. „ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა არის ჩარევა და რა - არა, მაგრამ გადაწყვეტილება კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მიიღოს. ჯერჯერობით რუსეთი უკრაინისთვის დასავლური სამყაროს მიერ იარაღის მიწოდებას ჩარევას არ არქმევს”, - აღნიშნავს პაველ პოდვიგი.
ისმის კითხვა: აიძულებს თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გულგრილად უყურონ? ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა რიჩარდ ენგელმა რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონის შესახებ გავრცელებული ცნობების კომენტირებისას დაწერა: „ალბათ აშშ-ს/ნატოს ამის განადგურება შეუძლია. თუმცა ეს რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩარევასა და ყველაფრის გარისკვას ნიშნავს".
"არჩევანი არ დგას არაფრის კეთებასა და რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დაპირისპირების რისკს შორის. აქ საუბარია დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელიც სანქციებით არის გამყარებული. ამავდროულად, იგულისხმება გაეროს დახმარებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და თავდასხმის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები, რამდენადაც ეს შეგვიძლია", - განაცხადა ოსლოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯეიმს კამერონმა.
დასავლური ქვეყნები ბოლო დღეებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ზრდიან. ადამ ტომსონის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯები ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეტაკების რისკს ზრდის. თუმცა, არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ეს არის მინიმუმი, რისთვისაც დასავლელი ლიდერები მზად არიან. ექსპერტის განმარტებით, მხარეებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკება უნდა გამოირიცხოს, მაგრამ დახმარების ყველა სხვა გზა გახსნილი იქნება. მისი განცხადებით, დიპლომატიური მეთოდები ჯერჯერობით ამოწურული არ არის. ტომსონის თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების გარდა, ჯერჯერობით არაფერი გვსმენია საერთაშორისო ინიციატივებზე, რომლებიც ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ იქნებოდა მიმართული. ბრიტანელი დიპლომატი სწორედ ასეთი ნაბიჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
უკრაინის ცა არ დაიხურება. იქნება თუ არა საჰაერო ხიდი კიევამდე?
ქვეყნის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ უკრაინული მხარის მოწოდებებს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ. თუმცა DW-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთის ქვეყნები ამას არ გააკეთებენ. „შეიძლება ეს ნაბიჯი სწორად გამოიყურება, მაგრამ ასეთი რეჟიმი რუსეთის საჰაერო ძალებთან პირდაპირ შეტაკებას ნიშნავს", - აცხადებს პაველ პოდვიგი.
თუ უკრაინის ცის დახურვა გამორიცხულია, შესაძლებელია თუ არა საჰაერო ხიდის გაკეთება, რათა კიევს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ? მსგავსი შემთხვევის მაგალითი იყო ბერლინის საჰაერო ხიდი (1948 წელი). პაველ პოდვიგი დარწმუნებულია, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ რისკებს წინასწარ ვერავინ გათვლის. ”აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების მხრიდან საჭიროა როგორც გამბედაობა, ასევე - უკიდურესი სიფრთხილე”, - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ბირთვული იარაღის საკითხებში. დღევანდელ ვითარებაში 1948 წლის გამოცდილების გამოყენებას სკეპტიკურად უყურებს ჯეიმს კამერონი. "იმ დროს საბჭოთა ჯარებმა მოკავშირეთა თვითმფრინავებს არ შეუტიეს. თუმცა მაშინ სსრკ ჯერ კიდევ არ იყო ბირთვული სახელმწიფო", - იხსენებს ის.
ადამ ტომსონის თქმით, მას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველსაყოფად საჰაერო ხიდის შექმნის შესახებ დისკუსია არსად მოუსმენია. თუმცა იქვე დასძენს, რომ „დღევანდელ სამყაროში რამის გამორიცხვა არასწორი იქნებოდა“. ვეტერანი ბრიტანელი დიპლომატის აზრით, რუსული აგრესიის გაგრძელება დასავლეთზე ზეწოლასაც გაზრდის, რათა ამ უკანასკნელმა უკრაინას უფრო აქტიური დახმარება გაუწიოს. ეს კი, თავის მხრივ, ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაძაბულობას გააღრმავებს.
როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა ირონიულად აღნიშნა, „კრემლის ბოლო მიღწევად“ ის მიიჩნევს დასავლეთის გარკვეული ქვეყნების „იქამდე წარმოუდგენელ მზადყოფნას“, რომ უკრაინის წინააღმდეგობრივ და პარტიზანულ მოძრაობას მხარი დაუჭირონ. „შეიძლება კიევის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს და ომს ათასობით ახალი მსხვერპლი მოჰყვეს, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინელები ბრძოლას გააგრძელებენ და დასავლეთი მათ დაეხმარება. ეს არ იქნება სირიის ანალოგი, როდესაც დასავლეთი წავიდა. უკრაინა უფრო ავღანეთს დაემსგავსება (ქვეყანაში სსრკ-ს ინტერვენციის დროს - რედ.)“, - ვარაუდობს ადამ ტომსონი.
არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის სცენარი?
დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების ნებისმიერი შესაძლო სცენარი რუსეთის მორიგ ესკალაციას არ გამორიცხავს. DW-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები, უპირველეს ყოვლისა, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საჯარო მუქარით არიან შეშფოთებული. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ ბირთვული ესკალაციის რისკი ამ მომენტისთვის მაღალი არ არის, მაგრამ მისი უმნიშვნელო ზრდაც კი ძალიან საყურადღებოა.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში უფრო და უფრო ღრმად ერთვება, ექსპერტები საუბრობენ გამოსავლის პოვნის აუცილებლობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმებას შეძლებდნენ. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, დასავლური სამყაროსთვის წითელი ხაზი უნდა იყოს არა მხოლოდ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, არამედ ეკონომიკური ზეწოლის ისეთი ზრდაც, რომელიც რუსეთის ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანს. „ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია გაურკვეველი პერსპექტივით“, - ამბობს ჯეიმს კამერონი. ექსპერტის თქმით, ის რუსეთზე "დოზირებული" ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნების მომხრეა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, სიტუაცია არ მივიმწყვდიოთ ისეთ კუთხეში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესკალაცია შეიძლება ძალიან შორს წავიდეს", - გვაფრთხილებს პაველ პოდვიგი. ექსპერტის განმარტებით, მაშინაც კი, თუ ყველა მხარე ფრთხილად იქნება, ბირთვული არსენალის გამოყენებით ესკალაციის რისკი მაინც რჩება. ადამ ტომსონის თქმით, თუ უკრაინაში ომი გაჭიანურდება, დასავლური დაზვერვა ე.წ. ჰორიზონტალურ ესკალაციას არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, ეს სხვა ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში მდებარე სახელმწიფოებში, ქაოსისა და კრიზისის გამოწვევას ნიშნავს.
ტომსონის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში „ვარიანტების შეზღუდული არჩევანი“ რჩება. ”ერთ-ერთი მათგანია ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტა. თუმცა ბოლო შეფასებით, ევროპას ამის გადატანა შეუძლია. კიდევ ერთი ვარიანტია ქაოსის დათესვა სადმე სხვაგან. ტაქტიკური ბირთვული იარაღის სასოწარკვეთის ჟესტად გამოყენებაც შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ჩაითვალოს. თუმცა მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ის [ვლადიმერ პუტინი] ამაზე წავა, თუმცა მაინც იმუქრება. ამის მიზეზად კი ჩინეთთან ურთიერთობის შედეგები მიმაჩნია. სწორედ ჩინეთზეა მთლიანად დამოკიდებული რუსეთის მომავალი მომდევნო ათწლეულის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც კი“, - აღნიშნა ადამ ტომსონმა.





