როგორ შეცვალა ლუკაშენკოს სტატუსი უკრაინაში რუსეთის შეჭრამ

ალექსანდრე ლუკაშენკო
ფოტო: Reuters
მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბევრმა ჩათვალა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლის აბსოლუტურ მარიონეტად იქცა.
რა ხდება?
მან ლეგიტიმაცია სრულად დაკარგა, მისი დამოუკიდებლობა მინიმალურია. როგორც პოლიტიკური ერთეული, რომელიც გადაწყვეტილებებს მაინც იღებს, ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. ასეთი პოლარული შეფასებები გაკეთდა ბელორუსის მმართველის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ამ უკანასკნელმა ნება დართო რუსულ ჯარებს, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განეხორციელებინათ.
იმავდროულად, თავად ლუკაშენკო შუამავლის როლის შესრულებას კვლავ ცდილობს, რის შედეგადაც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სწორედ ბელორუსში იმართება. მოლაპარაკებების პირველ რაუნდამდე (28 თებერვალი) ორი დღით ადრე ემანუელ მაკრონი ლუკაშენკოს ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა და როგორც მოგვიანებით ელისეის სასახლეში განაცხადეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს მოუწოდა, "ნუ იქნება ვასალი" [რუსეთის] და არ გახდეს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის "თანამონაწილე“.
როგორია ლუკაშენკოს ამჟამინდელი რეალური სტატუსი? იქცა თუ არა ის საბოლოოდ მოსკოვის მარიონეტად თუ მაინც ინარჩუნებს გარკვეული პოლიტიკური სუბიექტის სტატუსს? ეს კითხვები Deutsche Welle-მ ანალიტიკოსებს დაუსვა.
"მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მინიმალურია"
„ბელორუსის დამოუკიდებლობისა და თავად სახელმწიფოს არსებობის დაცვაზე უარის თქმით ამ ადამიანმა ლეგიტიმაცია სრულად დაკარგა“, - განუცხადა DW-ს ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი კოვალევსკიმ. „მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მინიმალურია. ერთადერთი, რაც ბელორუსს ოკუპაციისგან ამ ეტაპზე აშორებს არის ის, რომ მისი ხელისუფლება ჯერ არ შეცვლილა. გადაწყვეტილებები, რომელსაც ლუკაშენკო იღებს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ასევე არღვევს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მხოლოდ კრემლისა და პუტინის ინტერესებშია, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო“, - დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
თავის მხრივ, სერგეი ბოგდანი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფრიდრიხ მაინეკეს ინსტიტუტის მკვლევარი, დიდი ხანია მხარს უჭერს "მოქალაქე ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების"იდეას. ამავდროულად, ის "არასდროს მიიჩნევდა" და არც ახლა თვლის, რომ ბელორუსის ამჟამინდელი პრეზიდენტი "რუსეთის ან სხვა ვინმეს მარიონეტია“.
"ლუკაშენკოსთვის ეს კატასტროფაა“
ბოგდანის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ლუკაშენკოს მიერ შექმნილი დახურული პოლიტიკური სისტემის გამო, მეორე მხრივ, გარკვეული კატეგორიის ადამიანების დაუფიქრებელი მცდელობის გამო, რომელიც ამ სისტემის ჩამოშლისკენ არის მიმართული, ბელორუსმა ბოლო პერიოდში სტრატეგიული ავტონომია დაკარგა. ამასთანავე, სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძვლები, ფაქტობრივად, მოირღვა. ექსპერტის აზრით, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ „რუსული ჯარები მოულოდნელად უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე აღმოჩნდნენ“. რა თქმა უნდა, „ეს ლუკაშენკოსთვის კატასტროფა“ და მისივე ქმედებების შედეგია, - აღნიშნავს ბოგდანი.
ლუკაშენკოს ამჟამინდელი სიტუაციის შეფასებით, ის არ უნდა იყოს საკუთარი სტერეოტიპების მსხვერპლი, - გვაფრთხილებს გრიგორი იოფფე, რომელიც უახლოეს წარსულში რედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. ის აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლუკაშენკოს მანევრირების სივრცე მინიმუმამდე შემცირდა, „მას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს“.
ამავდროულად, იოფფე განმარტავს, რომ მან ძალიან კარგად იცის ლუკაშენკოს ხასიათი და მრავალი წლის განმავლობაში ურთულესი სიტუაციებიდან თავის დაღწევის უნარი. ამიტომაც აცხადებს: ”ფრთხილად ვიქნებოდი, სანამ ვიტყოდი, რომ ის მოქმედების თავისუფლებას სრულიად მოკლებულია. მას ბელორუსის ფარგლებში გარკვეული უფლებამოსილებები ჯერ კიდევ აქვს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მის აქტიურ მონაწილეობას ხელს შეუშლის“.
ბელორუსი და საომარი მოქმედებები უკრაინაში
ბოლო დროს მედიასაშუალებები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ბელორუსის ჩართულობისა და პირიქით, ამის უარყოფის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ფაქტობრივად, წალეკა. ომში მონაწილეობას უარყოფს თავად ლუკაშენკოც. ამავდროულად, ბელორუსის მმართველმა აღიარა, რომ რუსმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიიდან უკრაინის ობიექტების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ვალერი კოვალევსკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ლუკაშენკოს ახლა ბელორუსებისთვის რამდენიმე იპოსტასი აქვს. "ეს არის ადამიანი, რომელმაც უღალატა თავის სამშობლოს, სახელმწიფოსა და ბელორუს ხალხს, ჩაითრია რა ქვეყანა სხვის უსამართლო ომში, რომელიც ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული აქტია. ლუკაშენკო არის აგრესორი, რომელმაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოძმე ხალხის წინააღმდეგ ომი გააჩაღა. სწორედ მის გამო ბელორუსმა აგრესორი სახელმწიფოს მნიშვნელობა შეიძინა,“- ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ლუკაშენკოს არ შეეძლო, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული რაკეტების გაშვებას წინ აღდგომოდა - მიიჩნევს იოფფე, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ბელორუსის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების ორგანიზებაში მინსკის აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ლუკაშენკო იმპულსებს მოსკოვიდან იღებს. არ ვიცი, რამდენად გადაიქცა ეს გზავნილები ბრძანებებად, მაგრამ მასთან ორივე მხარე საუბრობს,“- ამბობს მკვლევარი. თუმცა ის იმასაც აღიარებს, რომ დღეს - 2014 წლისგან განსხვავებით - ბელორუსი მნიშვნელოვანწილად კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს.
„მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ომი დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებული ომი ბელორუსს არ შეხებოდა. კონფლიქტში ნებისმიერი სახის ჩართვა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე გადაინაცვლებს“, - გვაფრთხილებს სერგეი ბოგდანი მაინეკეს ინსტიტუტიდან.
დაიბრუნებს თუ არა ლუკაშენკო სტრატეგიულ ავტონომიას?
ჩვენ ვხედავთ, რომ ლუკაშენკო კრემლის ბრძანებით მოქმედებს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას იმის პასუხისმგებლობისგან, რაც ხდება, - აცხადებს ოპოზიციონერი ვალერი კოვალევსკი. პოლიტიკოსი არსებული ვითარების ძირითად მიზეზს ასახელებს: „ლუკაშენკო ძალაუფლებას მთელი ძალით ებღაუჭება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბელორუსი რუსეთის ასეთი ძლიერი კონტროლის ქვეშ იმყოფება“.
იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვს დაუწესა სანქციები, რომლებიც თავისი მასშტაბითა და სიმკაცრით უპრეცედენტოა. კავშირები წყდება, ფაქტობრივად, ყველა სფეროში - ეკონომიკით დაწყებული, სპორტით დასრულებული. ექსპერტები მომავალი ათწლეულების განმავლობაში ახალი რკინის ფარდის ჩამოფარებაზე საუბრობენ. ეჭვგარეშეა, თუ რომელ მხარეს დადგება ალექსანდრე ლუკაშენკო.
ვალერი კოვალევსკის თქმით, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ლუკაშენკო სტრატეგიული ავტონომიის დაბრუნებას შეეცდება: „მას არ აქვს არანაირი პერსპექტივა დაბრუნდეს საერთაშორისო მოთამაშის პოზიციაზე, რომელსაც გარკვეული რეპუტაცია და მანევრირების ადგილი აქვს“.
გრიგორი იოფფე ლუკაშენკოს ინტერვიუს ფარგლებში საათების განმავლობაში ელაპარაკა და მის შესახებ რამდენიმე წიგნიც დაწერა. ლუკაშენკო ჯერ არ უნდა ჩამოვწეროთ, ის ბოლომდე იბრძოლებს, რომ საკუთარი პოლიტიკური სივრცე შეინარჩუნოს - მიაჩნია იოფფეს. მას სრულად ეთანხმება სერგეი ბოგდანი: „პიროვნულად ის არ არის მარიონეტი და ვფიქრობ, შეეცდება გამოვიდეს ჩიხიდან, სადაც საკუთარმა თავმა და მისმა ზოგიერთმა ოპონენტმა მოიმწყვდია. პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტი ლუკაშენკოს სტრატეგიული ავტონომიისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბელორუსის სახელმწიფო კუთხეშია მომწყვდეული“.





