რატომ იზრდება დონალდ ტრამპის რეიტინგი მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების მიუხედავად?

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უკვე ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უფრო მეტიც, ზოგიერთი ბრალდების მიხედვით, მას 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი სტაბილურად იზრდება.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დიდი სხვაობით უსწრებს ყველა პოტენციურ რესპუბლიკელ კანდიდატს, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან. ეს მაინც არ იძლევა ტრამპის საბოლოო გამარჯვების გარანტიას, რადგან დემოკრატებსა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ელექტორატში მისი ანტირეიტინგი მაღალია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც 2016 წელს მიიჩნეოდა ტრამპი უპირობო ფავორიტად. რა არის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მზარდი რეიტინგის მიზეზი, BBC-მ გაარკვია.
როგორ გახდა დონალდ ტრამპი „ტეფლონის დონი“?
2015 წლის აგვისტოში, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორებმა სოციოლოგიურ გამოკითხებში დონალდ ტრამპის არანორმალურად სტაბილურ პოპულარობაზე გაამახვილა ყურადღება - რაც უნდა ეკეთებინა, ის რეიტინგს მაინც ინარჩუნებდა. ტრამპის კომუნიკაციის სტილი ჟურნალისტებმა „პომპეზურად“ და „სწორხაზოვნად“ შეაფასეს. მათ გაიხსენეს, რომ ტრამპმა ყველა არალეგალ იმიგრანტს "კრიმინალი და მოძალადე" უწოდა. მან სენატორ ჯონ მაკკეინის ომის გმირად აღიარებაზეც უარი განაცხადა. ეს კი იმის ფონზე, როცა ეს უკანასკნელი არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი იყო და ვიეტნამის ომის დროს ტყვეობაში ხუთი წელი გააატარა. ტრამპის მიერ ქალების მისამართით გამოთქმული დამამცირებელი და ცინიკური ფრაზები პრიალა ჟურნალებმა კოლექციებად გააერთიანეს. "თუ ჰილარი კლინტონს ქმრის დაკმაყოფილება არ შეუძლია, რატომ ფიქრობს, რომ ამერიკის დაკმაყოფილებას შეძლებს", - განაცხადა ტრამპმა თავის მთავარ დემოკრატ კონკურენტზე. „ჯებ ბუში (ტრამპის მთავარი კონკურენტი რესპუბლიკურ პარტიაში), ჰილარი კლინტონი ან რომელიმე სხვა კანდიდატი რომ ამბობდეს იმას, რასაც ტრამპი ამბობს და აკეთებდეს იმას, რასაც ტრამპი აკეთებს, მათი კამპანიები ნეგატიური სათაურების კორიანტელში ჩაიხრჩობოდა. თუმცა დონალდ ტრამპი ცოცხალია და აშკარაა, რომ მასზე ჩვეულბრივი წესები არ ვრცელდება“, - წერს Politico.
საბოლოოდ ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე - ასეთი სტაბილურობა განპირობებულია იმით, რომ ტრამპი არ არის კარიერული პოლიტიკოსი. ის არის მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკის სამყაროში გარედან შემოვიდა. მას სძულს მანამდე არსებული წესები, მედია, პოლიტიკური ინსტიტუტები და ამომრჩევლებს ეს მოსწონთ. დონალდ ტრამპმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ერთი ვადით მართა ქვეყანა და წასვლა იმდენად არ უნდოდა, რომ აჯანყების მცდელობის პროვოცირება დაგეგმა. მის წინააღმდეგ აღძრული ყოველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მას ბრალად ედება რამდენიმე ათეული მუხლი, ზოგიერთ მათგანი კი 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს შორის არის: უკვე ხსენებული აჯანყება, არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო ფლობა და მრავალი სხვა. თუმცა დღეს ტრამპი მიზანმიმართულად მიდის იქითკენ, რომ კვლავ რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
მხოლოდ საქმეებს ნუ დაუჯერებთ!
ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე, დემოკრატების 85%-ზე მეტსა და უპარტიო ამომრჩეველთა 55%-ს მიაჩნდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილ სისხლის სამართლის ბრალდებებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი, როგორც კანდიდატის, დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა. თუმცა რესპუბლიკელებს შორის, Quinnipiac-ის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა მხოლოდ 23%-ი ფიქრობდა ასე, ხოლო 75%-ი დარწმუნებული იყო, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო.
ერთ-ერთი რესპონდენტი, ოჰაიოელი 65 წლის რიჩარდ ჰოლტონი თავის პოზიციას ასე ხსნიდა: „ყველაფერი, რაშიც ტრამპი ოდესმე დაუდანაშაულებიათ, ტყუილი აღმოჩნდა“. მეორე გამოკითხვის თანახმად, რომელიც იმავე დღეებში სხვა სოციოლოგიურმა სამსახურმა - Marist Poll-მა ჩაატარა, რესპუბლიკელების ორი მესამედი ხმას მისცემდა ტრამპს მაშინაც კი, თუ მას დამნაშავედ ცნობდნენ (ამერიკის კანონმდებლობით ამაზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს).
მეტი ბრალდებაა საჭირო!
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში განაცხადა. 2023 წლის იანვრის დასაწყისში პროექტ FiveThirtyEight-ის (ეს არის ტელეკომპანია ABC-ის განყოფილება, რომელიც მონაცემთა დამუშავებაზეა სპეციალიზებული) ფარგლებში გაირკვა, რომ მისი რეიტინგი 40% -ზე მეტი იყო. ტრამპის სავარაუდო მთავარ ოპონენტს - რონ დესანტისს იმავე პერიოდში 40%-ზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა. გრაფიკში, რომელიც კანდიდატების რეიტინგებს აფიქსირებს, ტრამპი მას შემდეგ სტაბილურად მაღლა მიიწევდა, დესანტისი კი - დაბლა. 2023 წლის მაისში დესანტისმა საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მას ტრამპის დამარცხება შეუძლია. უფრო მეტიც, მათ შორის სხვაობა იანვარში დაახლოებით 5%-მდე გაიზარდა.
ტრამპის ყოველი ახალი ბრალდება იწვევდა იმას, რომ მისი რეიტინგი სულ უფრო იზრდებოდა და შესაბამისად, დესანტისს უსწრებდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს არ მოხდა, იყო მაშინ, როდესაც 2023 წლის ივნისში მას საიდუმლო დოკუმენტების უნებართვო ფლობის ბრალდება წაუყენეს. მოკლევადიან პერიოდში ტრამპის რეიტინგი დაეცა კიდეც.
ABC News-ის მონაცემთა ანალიზის ხელმძღვანელი ელიოტ მორისი ყურადღებას ამახვილებს ორ მიზეზზე, თუ რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო. პირველ რიგში, დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდება იყო მოულოდნელი - განსხვავებით ყველა დანარჩენისგან, რომლებიც იქამდე იყო ცნობილი. მეორე მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების თემა, მორისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საშუალოსტატისტიკური ამერიკელი ამომრჩევლისთვის. ნაციონალური პრიორიტეტების სიაში, გამოკითხვების მიხედვით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის შემდეგ, ის მესამე ადგილზეა.
დონალდ ტრამპმა, აგვისტოში, ალაბამაში, რესპუბლიკური პარტიის ვახშამზე გამოსვლისას განაცხადა: „ყოველთვის, როდესაც ისინი ბრალდებებს მიყენებენ, ჩვენ გამოკითხვებში წინ მივიწევთ. ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი ბრალდება, ეს არჩევნები რომ დავხუროთ. კიდევ ერთი ბრალდება და არავის [ჩვენ წინააღმდეგ] შანსიც კი არ აქვს“.
სახელმწიფო თავდაცვა
თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე, პრაიმერის დასრულებამდე, დონალდ ტრამპისთვის მხოლოდ პარტიის შიდა რეიტინგებს აქვს მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად გახდება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, ყველაფერი შეიცვლება.
ელიოტ მორისი ABC-დან წერს, რომ სასამართლო პროცესების გავლენა, რომლებიც 2024 წლის იანვარში უნდა დაიწყოს, შეიძლება ბევრად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე - ბრალდებების ეფექტი. ჯერ ერთი, ტრამპს, ბრალდებულის სტატუსიდან გამომდინარე, აშკარად უფრო მეტად მოუწევს თავის დაცვა, ვიდრე - თავდასხმა. მეორე მხრივ, სასამართლოები აუცილებლად წაართმევს ტრამპს ყველა შესაძლო რესურსს, მათ შორის - ფინანსურს. CNN-ის პოლიტიკური კომენტატორი სტივენ კოლინსონი კი წერს, რომ ტრამპის ერთდროული მონაწილეობა არჩევნებსა და სასამართლო პროცესებში დიდ ზიანს მიაყენებს შეერთებულ შტატებს, როგორც ასეთს.
მისი აზრით, რესპუბლიკელ ამომრჩეველს ღრმად და გულწრფელად სჯერა, რომ დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფი ხელისუფლება სახელმწიფო მანქანას ტრამპთან ანგარიშების გასასწორებლად იყენებს და პოლიტიკური მიზეზების გამო დევნის. თავის მხრივ, ტრამპიც აძლიერებს ამ რწმენას ისევე, როგორც ცდილობდა ამომრჩეველთა დარწმუნებას, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. „მისი სურვილი, საკუთარი თავი მოქმედი ხელისუფლების მსხვერპლად და თავისი კამპანია თავდაცვის საშუალებად წარმოაჩინოს, ნიშნავს, რომ წინ შეიძლება იყოს ორაზროვანი და საშიში პერიოდიც კი“, - წერს სტივენ კოლინსონი.
პროექტი FiveThirtyEight აშშ-ის ყველა ძირითადი სოციოლოგიური სააგენტოს ყოველდღიურ მონაცემებს აჯამებს. მათივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ნდობის რეიტინგი, 17 აგვისტოს მდგომარეობით, 39,3%-ი იყო (გამოკითხულთა 56,4%-ი მას არ ენდობა). ანალოგიური მეტარეიტინგი ჯო ბაიდენის შემთხვევაში ოდნავ უკეთესია: მას რესპონდენტთა 40,7%-ი ენდობა, ხოლო 54,5%-ი არ ენდობა.





