რატომ გააუქმა პუტინმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ შტურმით აღების ბრძანება? სამი შესაძლო მიზეზი

ფოტო: shutterstock.com
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე თავდასხმის ბრძანება გააუქმა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მან შტურმს არამიზანშეწონილი უწოდა. რატომ? - ამის გარკვევას BBC შეეცადა.
რა ხდება?
რუსი სამხედროები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, აეღოთ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ამჟამად „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 2500 ადამიანი იმყოფება. რუსული მხარე ეყრდობა იმ უკრაინელების ჩვენებებს, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს.
უკრაინის ხელისუფლება თვლის, რომ ქარხნის ტერიტორიაზე შეიძლება 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს. ეს ციფრი უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა დაასახელა. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს შეფასებით, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა 300-დან 1000-მდე მერყეობს. თუმცა, ამ ციფრების გადამოწმება შეუძლებელია. ქარხანა იკავებს უზარმაზარ ტერიტორიას მდინარე კალმიუსსა და აზოვის ზღვის სანაპიროს შორის. ამასთანავე, „აზოვსტალს“ აქვს საკუთარი სატვირთო პორტი და მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა.
რაზე ისაუბრეს პუტინმა და შოიგუმ?
პუტინთან შეხვედრაზე შოიგუმ მარიუპოლს "ნაციონალისტური „აზოვის“ დედაქალაქი" უწოდა. მან რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ ქალაქს რუსული მხარე სრულად აკონტროლებს და გამონაკლისს მხოლოდ „აზოვსტალის“ ტერიტორია წარმოადგენს. "უკრაინელი ბოევიკები და უცხოელი დაქირავებული მერძოლები" იქ "საიმედოდ არიან ჩაკეტილი,“ - თქვა შოიგუმ.
„შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონაზე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ვბრძანებ მის გაუქმებას," - განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე შოიგუს მოხსენება მოისმინა. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ. მართალია, ჩვენ დაფიქრება ყოველთვის გვმართებს, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ. არ არის საჭირო კატაკომბებსა და ამ სამრეწველო ობიექტების მიწისქვეშეთში ჩასვლა. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ზონა ისე, რომ ბუზიც კი ვერ შეფრინდეს,”- უთხრა შოიგუს რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ასევე დადო პირობა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსებს ჩაბარდებიან, სიცოცხლე გარანტირებული ექნებათ.
„აზოვსტალის“ შტურმით აღებაზე უარი, ერთი შეხედვით, გამოიყურებოდა როგორც პუტინის მხრიდან კეთილი ნების ჟესტი, რომელიც რუსი სამხედროების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო განპირობებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც გენერლებს, როგორც ჩანს, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი მარიუპოლის მცველების „პრობლემის“ რამდენიმე დღეში „მოგვარება“. ამას მოწმობს შოიგუს სიტყვები, რომლითაც მან პუტინისადმი თავისი ანგარიში დაასრულა: „ვინც „აზოვსტალის“ ქარხანას თავს აფარებს, იქ მთელ პერიმეტრზე და სრულად არიან დაბლოკილი. დაახლოებით სამი-ოთხი დღე გვჭირდება, რათა „აზოვსტალში“ სამუშაოები დავასრულოთ.“ თუმცა ამას მაშინვე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება თავდასხმის გაუქმების შესახებ.
რატომ გადაიფიქრა პუტინმა "აზოვსტალის " შტურმით აღება? ვერსია #1. სამხედრო
„აზოვსტალი“ არის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული ქარხანა, რომლის ქვეშაც არის გაფართოებული საკომუნიკაციო სისტემის მქონე მთელი ქალაქი. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, ქარხნის გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულს შეუძლია ბირთვულ დარტყმასაც კი გაუძლოს. ამასთანავე, ქარხანას იცავს უკრაინელი სამხედროების საკმაოდ დიდი, კარგად მომზადებული და მოტივირებული შენაერთი, რომელიც წინააღმდეგობის გასაგრძელებლად სრულ მზადყოფნაშია. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის იარაღის, საბრძოლო მასალისა და საკვების მარაგი აქვთ მარიუპოლის მცველებს. თუმცა ის დანამდვილებით ცნობილია, რომ ალყაში მოქცეულებს აქვთ წვდომა ზღვაზე და შესაბამისად, ფლობენ წყლის შეუზღუდავ მარაგს (ზღვის წყლის სასმელ წყლად ქცევა აორთქლების გზით არის შესაძლებელი), რაც ბლოკადის პირობებში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - საკვების მარაგი.
ასეთ გამაგრებულ რაიონზე ქვეითი ქვედანაყოფების ძალებით თავდასხმა (სხვაგვარად შეუძლებელია), შესაძლოა, გარანტირებული შედეგის გარეშე კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთანავე, უზარმაზარი დანაკარგები გარდაუვალია და როგორ შეიძლება შემდეგ ეს ანაზღაურდეს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
რუსეთის მიერ გამოცხადებული ძირითადი შეტევა დონბასის სამხრეთით (გულიაიპოლი - ველიკაია ნოვოსელკას მიმართულებით) ნელა ვითარდება. თუმცა თუ მარიუპოლზე თავდასხმისთვის გამოყოფილ ძალებს იქ გადაიყვანენ, უკრაინის მდგომარეობა აღნიშნულ წერტილში შეიძლება სერიოზულად გართულდეს. ამასთანავე, თუ ვიმსჯელებთ შოიგუს განცხადებით, რომ „აზოვსტალის“ მიმდებარე ტერიტორია "საიმედოდ დაბლოკილია", შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს სამხრეთ ფლანგზე განლაგებული რუსი ჯარისკაცებისთვის სერიოზულ საფრთხედ აღარ მიიჩნევს. სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო სარდლობა ამ ეტაპზე ჯარის ნაწილების სხვა მიმართულებით გადაყვანას გეგმავს, დარჩენილები კი გააგრძელებენ „აზოვსტალის“ ბლოკადას, სროლებსა და დაბომბვას ამ მიმართულებით მანამ, სანამ უკრაინული გარნიზონი თავის ძალებს, საკვების მარაგსა და წინააღმდეგობის გაწევის რესურსებს არ ამოწურავს.
ვერსია #2. პოლიტიკური
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 19 აპრილით არის დათარიღებული, ნათქვამია: „რუსეთის უუნარობა, რომ მარიუპოლში წინააღმდეგობა ჩაახშოს და განურჩეველი თავდასხმები, რომლებმაც ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას ზიანი მიაყენა, მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები ვეღარ ახერხებენ დასახული მიზნების მიღწევას ისე სწრაფად, როგორც ისინი ამას ისურვებდნენ“.
არავინ იღებს ვალდებულებას, რომ მარიუპოლში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დასრულების ვადებზე პროგნოზი გააკეთოს, არა და, დრო არ ითმენს. როგორც აშშ-ის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით CNN-ი იუწყება, 9 მაისამდე პუტინს რაიმე სახის გამარჯვების მიღწევა სურს. აღნიშნულ თარიღს მისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს – ამ დღეს მოსკოვში, როგორც წესი, სამხედრო აღლუმი იმართება და პუტინს სურს, მის მიერ გამოცხადებული „სპეციალური ოპერაციის“ წარმატების შესახებ ისაუბროს.
„აზოვსტალზე“ მიმდინარე თავდასხმებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა თუ ორივე მხარის სამხედრო პერსონალის მასობრივი დაღუპვის შესახებ ცნობების გავრცელების პირობებში, მარიუპოლის "ოპერაციის" წარმატებით დასრულებაში რუსეთის ყველაზე მიმდობი ობივატელის დარწმუნებაც კი რთულია. თუმცა თუ „ოპერაციის“ აქტიური ფაზა ქარხნის ტერიტორიაზე „გაიყინება“, საუბარი დაიწყება მარიუპოლის "გათავისუფლებასა" და ანექსირებული ყირიმისკენ სახმელეთო კორიდორის გახსნაზე, მაშინ გამარჯვების ასეთი ვერსია შეიძლება რუსულ საზოგადოებას მოერგოს.
მეორე მხრივ, „აზოვსტალზე“ შტურმის ბრძანების შეცვლით პოლიტიკური დიალოგის შანსი რჩება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს: "ეს შეიძლება იყოს ათი ბოროდიანკა". კიევში გამუდმებით ამბობენ, რომ ქალაქის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია, ამიტომ პოლიტიკურ მეთოდებს იყენებენ, რაც სხვა ქვეყნების ლიდერების მეშვეობით რუსეთზე ზემოქმედებას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ პუტინის ბრძანება თავდასხმის შეწყვეტის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები, ფაქტობრივად, ქარხნის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებენ.
"პუტინმა "რუსი ჯარისკაცების მიმართ ზრუნვა გამოავლინა". ეს ნიშნავს, რომ მათ "აზოვსტალის“ აღება ფიზიკურად არ შეუძლიათ. ისინი ამას მიხვდნენ. მათ უზარმაზარი ზარალი განიცადეს. ჩვენი დამცველები ქარხნის გამაგრებას განაგრძობენ", - განაცხადა არესტოვიჩმა თავის ერთ-ერთ ბრიფინგზე.
ვერსია#3. ეკონომიკური
„აზოვსტალი“ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანაა.
ომამდე კომბინატი წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონა ფოლადს, 3,5 მილიონ ტონა თუჯსა და 1,2 მილიონ ტონა რკინას აწარმოებდა. „აზოვსტალის“ პროდუქცია გამოიყენებოდა გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების ასაგებად. ის იყო რკინიგზის რელსების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში. ომის მიმდინარეობისას ქარხნისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის მიუხედავად, მოსკოვს შეიძლება რაიმე ღირებულის გადარჩენის იმედი მაინც ჰქონდეს.





