რატომ აღმოჩნდა ისრაელი ორ ცეცხლს შუა? მართალია თუ არა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ნაფტალი ბენეტის შუამავლობიდან მაინც არაფერი გამოვა?

ფოტო: shutterstock.com
ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა. თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „იდილია“? აღნიშნულ საკითხზე პასუხები BBC-მ მოიძია.
რა ხდება?
ისრაელი რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლში თითქმის შემთხვევით აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც კიევმა რუსეთის დელეგაციასთან ბელარუსში შეხვედრაზე უარი თქვა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპონენტებს შეხვედრის ადგილად იერუსალიმი შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფტალი ბენეტს დაურეკა, ეს უკანასკნელი კი სრულიად მოულოდნელად მოვლენების ეპიცენტრში და მსოფლიო პრესის პირველ გვერდებზე აღმოჩნდა.
თავისთავად, შუამავლის როლში ისრაელის შერჩევა გასაგები და გამართლებულია. ეს ქვეყანა ათწლეულებია არსებობისთვის იბრძვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან პატივისცემას იმსახურებს. გარდა ამისა, უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ისრაელის მონაწილეობა არის პასუხი რუსეთის ცნობილ რიტორიკაზე, რომელიც გამუდმებით "უკრაინელ ნაცისტებსა და ფაშისტებს" ეძღვნება.
მსოფლიოს ქვეყნებიდან ისრაელი არის უკანასკნელი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება იმ რეჟიმთან, რომლის ქმედებები ნაცისტური იდეოლოგიის თუნდაც მინიშნებას შეიცავს. თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ამჟამინდელ მისიაში ისრაელს რაიმე სახის წარმატების მიღწევა შეუძლია. ექსპერტების ნაწილისთვის ამის მიზეზი თავად ნაფტალი ბენეტის ფიგურაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე უკიდურესად გამოუცდელი პოლიტიკოსია. სხვები თვლიან, რომ ისრაელი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას დიდხანს ვერ შეძლებს. ამის მიზეზად კი სახელდება მჭიდრო სახელმწიფო ინტერესები როგორც შეერთებულ შტატებთან (რომელიც მხარს უჭერს უკრაინას), ასევე - რუსეთთან. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ერთ-ერთი მხარე ისრაელზე წნეხს გააძლიერებს.
ბენეტი დიდ პოლიტიკაში?
სულ რაღაც ცხრა თვეა, რაც ნაფტალი ბენეტი ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს. ხელისუფლებაში მოსვლამდე ის არ ყოფილა ერთ თანამდებობაზეც კი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას მისცემდა შესაძლებლობას ბენეტი, როგორც პარტნიორი, გამოეცადა. 2013 წლიდან ის სხვადასხვა სფეროს მინისტრის რანგში კურირებდა, მაგრამ ყველა მათგანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იყო. ბოლო არჩევნებამდე ბენეტის კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტი, მაგრამ ამ თანამდებობაზე ის მხოლოდ ექვს თვეს (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე) იყო.
ამავდროულად, ბენეტი ქვეყნის პრემიერმინისტრი ადგილობრივ ელექტორატში მისი პოლიტიკური პოპულარობის გამო არ გამხდარა. ამ წარმატების მიზეზი იყო ბენეტის შეთანხმება იაირ ლაპიდთან, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს (ის მრავალი წლის განმავლობაში მართავდა ისრაელს) მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ლაპიდი ბენეტს პრემიერმინისტრის პოსტს დაჰპირდა პარლამენტში მისი [ბენეტის] პარტიის მიერ მოპოვებული შვიდი მანდატის სანაცვლოდ, რაც ლაპიდს მმართველი კოალიციის შესაქმნელად ძალიან სჭირდებოდა. ცხადია, რომ ასეთ სერიოზულ კონფლიქტში შუამავლობისთვის ნაფტალი ბენეტს საკმარისი პოლიტიკური ან სამხედრო გამოცდილება არ აქვს და როგორც ჩანს, ეს თავადაც კარგად ესმის.
„მართალია, შანსი ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ არსებობს თუნდაც უმცირესი შესაძლებლობა, ... მე ვხედავ ჩვენს მორალურ ვალდებულებას, რომ მხარეებისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ,“ - განუცხადა ბენეტმა თავის კაბინეტს. პირადად მისთვის მედიაციის ეს მისია (განურჩევლად შედეგისა), არის უზარმაზარი პოლიტიკური პლუსი. აღსანიშნავია, რომ პრემიერობის დროს მან ვერ გაზარდა ვერც პირადი და ვერც მისი პარტია „იამინას“ რეიტინგი. ახლა კი, სანამ როტაციის პრინციპით პრემიერმინისტრის პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს (ეს 2023 წლის აგვისტოში მოხდება), ბენეტი გახდა მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა, რომელსაც დამატებითი წონა შიდასახელმწიფოებრივ არენაზეც აქვს.
რატომ აღმოჩნდა ისრაელი არა მხოლოდ ორ, არამედ სამ ცეცხლს შუა?
„ისრაელი ამ სიტუაციაში არის უმნიშვნელო მოთამაშე და მან არავისი მხარე არ უნდა დაიჭიროს“, - ამბობს ისრაელის ყოფილი ელჩი ევროკავშირში ოდედ ერანი. „შესაძლოა, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დასავლეთის რეაქციის უპირობო გაზიარება მოგვთხოვონ, მაგრამ ისრაელმა ღიად გამოხატული და მკვეთრი პოზიცია არ უნდა დაიკავოს“, - დასძენს დიპლომატი.
თუმცა, რამდენ ხანს შეძლებს შუამავალი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, თუ ის თავად არის კონფლიქტის მხარეებზე დამოკიდებული? - კითხულობენ ექსპერტები. ისრაელის ოფიციალური პოზიცია ცალსახაა: რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო ნორმების დარღვევით შეიჭრა. თუმცა აღნიშნული პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შესაძლებლობა პრემიერმინისტრმა ბენეტმა ომის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრს, იაირ ლაპიდს დაუტოვა. მოგვიანებით მან თავადაც ისაუბრა ამ საკითხზე, თუმცა - მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობის გარეშე.
ექსპერტების შეფასებით, აშკარაა ბენეტის მცდელობა, რომ თავის უახლოეს მოკავშირესთან - ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ ამავდროულად, მოსკოვთან მანევრირების ადგილიც დაიტოვოს. სწორედ ამ უკანასკნელთან აქვს გასათვალისწინებელი ისრაელს ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი საკითხი, კერძოდ კი ყველაფერი, რაც სირიასა და ირანთან არის დაკავშირებული.
"ისრაელს რეალურად აქვს უსაფრთხოების საზღვარი რუსეთთან,"- განაცხადა ცოტა ხნის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა. მას მხედველობაში ჰქონდა სირიაში რუსეთის მოქმედების არეალის არსებობა. ისრაელის სარდლობა შიშობს, რომ შეიძლება რუსეთმა სირიის თავზე მისი თვითმფრინავების გადაადგილების თავისუფლება შეზღუდოს. რა თქმა უნდა, ისრაელს თავისი უსაფრთხოების დასაცავად მოსკოვის ნებართვა არ სჭირდება. თუმცა რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში, სირიაში მიმდინარე ოპერაციებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვნად შეაფერხებენ.
ისრაელის კიდევ ერთი პრობლემა ირანია. ისრაელი ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების განახლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ სანქციების დიდი ნაწილის მოხსნას გულისხმობს. ისრაელს არ სჯერა, რომ ირანი დადებულ პირობებას შეასრულებს, მაგრამ ვერ შეძლო ჩარევა ვენაში გამართულ მოლაპარაკებებში, რომელიც საბოლოოდ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. თუმცა აქ ისევ „იჩინა თავი“ რუსეთმა, რომელიც ზემოთ ხსენებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს. მოსკოვმა მის წინააღმდეგ დაწესებული მასშტაბური სანქციების საპასუხოდ, შეთანხმების ბოლო ეტაპი დაბლოკა, რაც ისრაელისთვის ძალიან მოგებიანია.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. 27 მარტს ის შეხვდა ბენეტსა და ლაპიდს, მომდევნო დღეს კი დაესწრო იერუსალიმში გახსნილ სამიტს, რომელშიც ბაჰრეინი, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და მაროკო მონაწილეობდნენ. ახლა აშშ-ის მთავარი ამოცანაა დაარწმუნოს ისრაელი, რომ ახლო აღმოსავლეთის არცერთ საკითხში მოსკოვისკენ არ გაიხედოს.
ბენეტისთვის მესამე "მტკივნეული ადგილი" ამ მომენტში უკრაინიდან ემიგრანტების დიდი ნაკადის ისრაელში დაბრუნებაა. ეს ადამიანები მისი პარტიის ელექტორატს არ წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ისინი ბენეტის კოალიციურ პარტნიორს, ავიგდორ ლიბერმანს უჭერენ მხარს.
დაბალანსების მცდელობის გათვალისწინებით, ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც არც კიევი (უნდა ჩავთვალოთ, რომ აშშ) დააკმაყოფილა და არც - მოსკოვი. ბენეტმა უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე (მათ შორის, არალეტალური იარაღის ჩათვლით), თუმცა იმავდროულად, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული აქტივობები წამოიწყო.
უკრაინაში ისრაელის მიერ განხორციელებული მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება და განსაკუთრებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ქნესეთში კრემლს აღიზიანებს. რუსეთის ელჩი ისრაელში ანატოლი ვიქტოროვი ისრაელის პარლამენტის სპიკერს, მიკი ლევის შეხვდა და აშკარად მიანიშნა, რომ მოსკოვი ისრაელისგან ნეიტრალურ პოზიციას ელის, თუ ის მოლაპარაკებებში შუამავლობას აპირებს. ბარ-ილანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის, ჯერალდ სტაინბერგის თქმით, ზოგადად, შუამავლები წარმატებას იშვიათად აღწევენ და როდესაც მედიატორი ქვეყანა კონფლიქტის მხარეზეა დამოკიდებული, წარუმატებლობა გარდაუვალია. „ხშირ შემთხვევაში ეს უფრო სპექტაკლია, რომელშიც კონფლიქტის მხარეები უბრალოდ დროის მოგებასა და უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ“, - ამბობს ის.
ენერგიული აქტივობა vs სტრატეგია
5 მარტიდან ნაფტალი ბენეტმა მოსკოვსა და ბერლინში ჩასვლა შეძლო. მას ჰქონდა მრავალი სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონთან. ბენეტმა ჟიტომირელი ობოლი ბავშვების ისრაელში გადაყვანის ორგანიზებაც მოახერხა. ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი, ბავშვების გაყვანის გარდა, არის ენერგიული, მაგრამ არაფრისმომცემი აქტივობა. „შუამავალმა აუცილებლად რაღაც უნდა შესთავაზოს. როგორც წესი, ეს არის უსაფრთხოების გარანტიები ან თავდაჯერება, რომ აიძულოს რომელიმე მხარე შეასრულოს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მას ეხება. თუმცა ისრაელი ამ მოთხოვნებს არ შეესაბამება,“ - განაცხადა პროფესორმა სტაინბერგმა.
და მაინც, აქვს თუ არა ნაფტალი ბენეტს გარკვეული სტრატეგია?
ისრაელის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ პირველ რიგში, ისრაელელ შუამავლებს სურთ დაარწმუნონ მხარეები, უარი თქვან ეგზისტენციალურ რიტორიკაზე და კონფლიქტი ტერიტორიული დავის სიბრტყეში გადაიტანონ.
„ისრაელი ათწლეულების განმავლობაში ორივე მიმართულებით იბრძოდა და მერწმუნეთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერიტორიული დავა უფრო ადვილი მოსაგვარებელია“, - ამბობს იერუსალიმელი წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. როგორც ჩანს, ბენეტი მხარეებს დონბასის საკითხის გადაწყვეტისა და დიალოგისკენ უბიძგებს და ეს, სულ მცირე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მოხდება. როგორც BBC-ს იერუსალიმში მყოფმა წყაროებმა განუცხადეს, ისინი წინა მოლაპარაკებებზე გაგზავნილი რუსული დელეგაციის შემადგენლობით რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებულები იყვნენ.
სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა (70%-ზე მეტი) თავისი ქვეყნის, როგორც შუამავლის როლს მიესალმება. თუმცა ამავდროულად, მათ წარმატების არ სჯერათ. გამოკითხულთა 54%-ი თვლის, რომ არაფერი გამოვა, 30%-ი მიიჩნევს, რომ ბენეტი წარმატებას მიაღწევს, 16%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.
თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ისრაელის მოქალაქეებმა უახლოეს მომავალში მოსთხოვონ ხელისუფლებას, მოსკოვთან ნებისმიერი კონტაქტი შეწყვიტოს. ტელეკომპანია „ალ- ჰადათის“ (უმსხვილესი არაბულენოვანი მედია კონცერნის- „ალ- არაბიას“ შემადგენელი ნაწილი) ინფორმაციით, რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის უკრაინაში 800 მებრძოლის გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთი მზად არის, თითოეულ მათგანს ყოველთვიური ხელფასი 1500 დოლარის ოდენობით გადაუხადოს. თუ „ალ-ჰადათის“ ინფორმაცია სწორია, მაშინ ისრაელი, რომელიც „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ისრაელი იცავს „რკინის წესს“, რომელიც ტერორისტებთან ან მხარეებთან, რომლებიც ტერორისტებს მხარს უჭერენ, მოლაპარაკებებს გამორიცხავს.





