რაში ჭირდება კრემლს უკრაინის ტერიტორიების ანექსია? რით უპასუხებს ამას კიევი და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

ფოტო: shutterstock.com
30 სექტემბერს კრემლის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ოფიციალური ანექსია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, კონფლიქტის ყველაზე სერიოზული ესკალაციაა. აღნიშნული ქმედების მიზანი სავსებით ნათელია: რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, გაავლოს ახალი „წითელი ხაზი“, რომელიც, მათი აზრით, ოფიციალურმა კიევმა და დასავლეთმა არ უნდა გადაკვეთონ. მოსკოვმა უკვე პირობა დადო, რომ ყველა არსებული ძალითა და საშუალებით „ხელახლა შეძენილ რუსულ მიწებს“ დაიცავს. თუმცა აშკარაა, რომ ამჟამად კრემლს არ გააჩნია სანდო ინსტრუმენტები, რომლებითაც ოპონენტებს აიძულებს, ამ „წითელი ხაზის“ ხელშეუხებლობას პატივი სცენ. ამასთანავე, აშკარაა, რომ კიევი და დასავლეთი მზად არიან, კრემლს საკუთარი ესკალაციით უპასუხონ: შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებას გაზრდის, შესაბამისად, უკრაინის არმია „რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების“ წინააღმდეგ შეტევას გააგრძელებს. სავარაუდოდ, კრემლი ამ ყველაფერს ფსონის აწევით უპასუხებს, შედეგი კი არაპროგნოზირებადია.
კრემლს ანექსია სჭირდება, რათა შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა მანამ, სანამ ფრონტი მობილიზაციის ეფექტს არ იგრძნობს
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების დეოკუპაციას ითვალისწინებს. ამის შესაჩერებლად რუსეთს ფრონტზე საჭირო ძალები ამჟამად არ ჰყავს: კრემლის გაურკვევლობამ მობილიზაციის გამოცხადება 6 თვით გადადო. უკრაინის ხელისუფლებამ კი პირიქით, მობილიზაცია დასაწყისშივე გამოაცხადა. ამან განაპირობა ის, რომ ფრონტზე რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარები უკრაინულს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
რუსეთში გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაცია" (ფაქტობრივად, სრული) პრობლემას დაუყოვნებლივ ვერ გადაჭრის: ყველა გამოძახებულ რეზერვისტს სპეციალური მომზადების გარეშე არსებული ძალების შესავსებად ფრონტზე ვერ გაგზავნიან. უმეტესობისგან ახალი დანაყოფები უნდა შეიქმნას, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. ზუსტად ასე მოხდა უკრაინაში, სადაც ზაფხულში, ფაქტობრივად, ორი არმია იყო: ერთი - შედარებით მცირე და ცუდად შეიარაღებული, რომელიც ფრონტზე რუსული შეტევის შეჩერებას ცდილობდა და მეორე - ახალი დასავლური იარაღით აღჭურვილი, რომელიც შემოდგომის შეტევისთვის ემზადებოდა.
შექმნილ ვითარებაში კრემლმა დაძაბულობის დონის მომატება გადაწყვიტა. რუსეთის ხელისუფლება ახლა ამ ომს უწოდებს კონფლიქტს, რომელშიც აშშ და ნატო მონაწილეობენ და ამას თავისი პროპაგანდისთვის იყენებს.
ესკალაციის მეშვეობით, კრემლს სურს, უკრაინა და ნატო შეაშინოს. თუმცა ჯერჯერობით, წარუმატებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსონები კიდევ უფრო გაიზრდება
ეს „შეკავების სისტემა“ მტრის დამარცხების სხვადასხვა კონვენციონალური და ბირთვული საშუალების გამოყენების (და გამოყენების საფრთხის) მთელ იერარქიას გულისხმობს. აღნიშნული „შეკავების სისტემის“ გამოყენების მიზანი შეიძლება სამხედრო პოტენციალის კი არა, ომის გაგრძელებისთვის „მტრის ნებისყოფის“ გაძლიერება იყოს. ამ თვალსაზრისით, ტერიტორიების ანექსია და პუტინის დაპირება, რომ მათ მთელი ძალითა და საშუალებით „დაიცავს“, გარკვეული სტიმულია.
კრემლის პრობლემა ის არის, რომ არც კიევს და არც ნატოს არ შეაჩერებს ახალი „წითელი ხაზი“, რომელიც ანექსიის ხელმოწერილი ხელშეკრულებებით დასტურდება. ცხადია, დასავლეთი ამას თავისი ესკალაციით უპასუხებს (უფრო ზუსტად, მან უკვე უპასუხა უკრაინაში მოქმედი HIMARS/MLRS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების რაოდენობის გაორმაგებით, ასევე - თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით). შესაძლოა, შემდეგი ნაბიჯი შორი მანძილის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების - ATACMS-ის მიწოდება იყოს. მას შეუძლია ფრონტიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ სამიზნეს დაარტყას.
კრემლს რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაგრამ არცერთი მათგანი მას გამარჯვებას არ ჰპირდება. ანექსია ხომ მას მშვიდობისკენ მიმავალ გზას უჭრის
რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ხელმისაწვდომი „ძალებისა და საშუალებების“ სია საკმაოდ მწირია:
- უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასობრივი დაბომბვა;
- დარტყმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღით ან ასეთი დარტყმის მუქარა; ამასთანავე - ამ იარაღის დემონსტრაციული გამოყენება დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
- უკრაინის მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღება. მაგალითად, ზამთარში რუსული ენერგორესურსების ექსპორტის შემდგომი შეზღუდვა.
- მობილიზაციის გაგრძელება მანამ, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რიცხობრივი პარიტეტის (ან უპირატესობის) მიღწევას შეძლებენ.
ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი სერიოზული ორგანიზაციული სირთულეებით არის დატვირთული. მაგალითად, მობილიზაციის შემთხვევაში, ისინი დღეისათვის დაუძლეველი ჩანს. ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიები რუსეთის ხელისუფლების შიდა სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველიცაა და სავსეა შემდგომი უკონტროლო ესკალაციით. რაც ყველაზე მთავარია, კრემლს გამარჯვებას არცერთი მათგანი არ ჰპირდება.
უფრო მეტიც, 1980-1990-იან წლებში, როდესაც ეს „შეკავების სისტემა“ იქმნებოდა, საუკეთესო შემთხვევაში, საუბარი იყო მოსკოვისთვის მისაღები პირობებით მშვიდობის დამყარებაზე ან კონფლიქტის გაყინვაზე. როგორც Faridaily-ის პროექტის ავტორები, ჟურნალისტები ფარიდა რუსტამოვა და მაქსიმ ტოვკაილო წერენ, რუსული ელიტა სწორედ ამ ხედვისკენ იხრება. უახლოეს თვეებში სიტუაცია მხოლოდ დაიძაბება და მხოლოდ იმის იმედი არსებობს, რომ ბირთვული ომი არ მოხდება. „კონფლიქტი უნდა მივიდეს იმ წერტილამდე, რის შემდეგაც მხარეები მაგიდასთან დასხდებიან და შეთანხმდებიან“, - დარწმუნებულია ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომელიც კრემლთან დაახლოებული პირია.
მართალია, ახლა შეთანხმება იქნება ძალიან რთული, შეუძლებელი თუ არა. ანექსიას აქვს გვერდითი მოვლენები: ამიერიდან, კრემლისთვის ერთადერთი მისაღები ვარიანტია ის, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოთხი რეგიონი (ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი), ისევე როგორც - 2014 წელს ანექსირებული ყირიმი რუსეთის კონტროლქვეშ დარჩება. თუმცა როგორც ჩანს, პუტინი მზად არის ფსონები ბოლომდე აწიოს. როგორც Faridaily-ის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პუტინთან „მუშაობდა“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე განაცხადა, რომ „[ის] ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციის შექმნისას, ესკალაციას აირჩევს და ბირთვული იარაღის გამოყენებასაც დაუშვებს“.





