რას გულისხმობს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“(FARA), რომელიც აშშ-ში მოქმედებს? Covington-ის გზამკვლევი

Covington & Burling LLP არის ამერიკული მულტინაციონალური იურიდიული ფირმა, რომლის სათავო ოფისიც ვაშინგტონში მდებარეობს. აღნიშნული კომპანია მოსამართლე ჯ. ჰარი კოვინგტონმა და ედვარდ ბ. ბარლინგმა1919 წლის 1 იანვარს დააარსეს. დღეისათვის კომპანია თავისი ფილიალებით არის წარმოდგენილი პეკინში, ბრიუსელში, ფრანკფურტში, დუბაიში, იოჰანესბურგში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, პალო ალტოში, სან-ფრანცისკოში, სეულსა და შანხაიში. აღნიშნულ კომპანიას თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს ამერიკული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) დეტალური მიმოხილვა, რომელსაც პერიოდულად აახლებს. რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კანონი და რას ითვალისწინებს ის? მოკლე ინფორმაციას ამ და სხვა ძირითად საკითხებზე შეგიძლიათ მოცემულ სტატიაში გაეცნოთ.
როდის და რატომ მიიღეს აშშ-ში ეს კანონი?
1938 წელს კონგრესმა მიიღო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელიც „უცხოელი აგენტების“ გენერალურ პროკურორთან დარეგისტრირებას მოითხოვდა. წლების განმავლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული კანონი ეხება ყველას, ვინც მოქმედებს „უცხოელი პრინციპალის“ სახელით და თავისი საქმიანობის სხვა ასპექტებთან ერთად, ცდილობს, აშშ-ის პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იქონიოს. ბოლო დრომდე, ეს იყო ამერიკული კანონმდებლობის ერთგვარი წყალქვეშა დინება, რადგან 1966-დან 2016 წლამდე მხოლოდ შვიდი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახლა სიტუაცია შეიცვალა. როგორც ოდესღაც ნაკლებად გასაგები და ბუნდოვანი კანონი უცხოური კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც პროკურორებმა რამდენიმე წლის წინ ისევ აქტიურ ფაზაში დააბრუნეს, FARA-ც ახლა სხვა სტარტს იღებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროკურორებმა FARA-ს ფარგლებში უფრო მეტი საქმე აღძრეს, ვიდრე - გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
ვის ევალება FARA-ს მიხედვით რეგისტრაცია?
FARA იმდენად ფართო სპექტრს მოიცავს, რომ თუ სიტყვასიტყვით წაიკითხავთ, რეგისტრაციის ვალდებულება შეიძლება შეეხოთ იურიდიულ ფირმებს, ლობისტურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებს, საკონსულტაციო ფირმებს, არაკომერციული ადვოკატირების ჯგუფებს, საქველმოქმედო და ეთნიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ფასილიტაციის ჯგუფებს, ანალიტიკურ ცენტრებს, უნივერსიტეტებს, მედიასაშუალებებს, სავაჭრო ასოციაციებს, უცხოური კომპანიების შვილობილ კომპანიებსა თუ სხვა კომერციულ გაერთიანებებს.
ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, დამკვეთად უცხო სახელმწიფო გყავდეს. ამასთანავე, არც წერილობითი კონტრაქტის არსებობაა სავალდებულო და არც - რაიმე სახის საკომისიოს შეტანა. უბრალო „თხოვნა“ უცხოური ფიზიკური ან იურიდიული პირისგან (მაგალითად, უცხოელი სახელმწიფო მოხელე ან ზოგიერთ შემთხვევაში, უცხოური კერძო ფიზიკური პირი ან კომპანია), რომელსაც აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სურს, შეიძლება რეგისტრაციის მიზეზი გახდეს. ამასთანავე, თუ უცხოურმა ფიზიკურმა პირმა ან სუბიექტმა აშშ-ის პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ აზრზე დადებითი ზემოქმედების შესახებ რჩევა ითხოვა, შესაძლოა, რეგისტრაციის ვალდებულება ამანაც გამოიწვიოს.
ძალიან ცოტაა შემთხვევა, რომელიც FARA-ს ვრცლად ფორმულირებულ დებულებებს აზუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ განყოფილება DOJ FARA-მ რამდენიმე წლის წინ მისი ზოგიერთი საკონსულტაციო მოსაზრების გამოქვეყნება დაიწყო, ისინი იურიდიულ ანალიზში ზოგჯერ ძალიან მცირე დოზით არის წარმოდგენილი. აღნიშნული მოსაზრებები ხშირად მკაცრად რედაქტირებულია და მათი სხვა სიტუაციებში გამოყენება შეიძლება რთული იყოს. ეს პროკურატურას ახალი სატესტო საქმეების შესატანად საკმარის ადგილს უტოვებს, მხარეებს კი, რომლებიც სტატუტს ცუდად იცნობენ, გარკვეული შეცდომების დაშვების შესაძლებლობას აძლევს.
ძალიან მოკლე განმარტება, თუ რა არის FARA?
FARA რთული, იდუმალი და ბუნდოვნად ფორმულირებული კანონია. რეგისტრაციის ვალდებულება უმეტესწილად გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მათ შორის არის სააგენტოს არსებობის ტიპი (FARA-ს განსაზღვრების თანახმად), მისი საქმიანობა და FARA-ს ნებისმიერი „გამონაკლისის“ გამოყენება. აღნიშნული კანონი „უცხოური პრინციპალების აგენტებს“ ავალდებულებს, იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ და წარადგინონ როგორც დეტალური ანგარიშები, ასევე ნებისმიერი „საინფორმაციო მასალის“ ასლები, რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვრცელდება. როდესაც FARA-ს ფარგლებში საჭიროა რეგისტრაცია, ეს ეხება როგორც აგენტებს, ისე - მათ დამსაქმებლებს. თუმცა უცხო ქვეყნების მთავრობებსა და პოლიტიკურ პარტიებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ტერმინი „უცხო პრინციპიალი“ მოიცავს ნებისმიერ ინდივიდს, პარტნიორულ გაერთიანებას, ასოციაციას, კორპორაციას ან "ორგანიზაციას", რომელიც ამერიკული არ არის.
ზოგადი ტრიგერები
იმისათვის, რომ „უცხოელი აგენტი“ გახდეს, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა შეერთებულ შტატებში FARA-ს მიერ განსაზღვრულ გარკვეულ აქტივობებში აგენტის ამპლუაში ან უცხოური პრინციპალის „ნებისმიერი ბრძანების, მოთხოვნის, ხელმძღვანელობის ან კონტროლის საფუძველზე“. სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოკლედ ეხება FARA-ში რეგისტრაციის დაწყებისთვის საკმარის ზემოთ ხსენებულ „მოთხოვნას“, მცირე პრაქტიკულ პასუხს იძლევა. შესაბამისად, გენერალური ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშზე იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურმა პასუხმა მცირე დამატებითი მითითებები გამოკვეთა. თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიკავა პოზიცია, რომ ის ეძებს მტკიცებულებებს, რომლებიც უცხოელი პრინციპალების მიერ აგენტისთვის მიცემულ „ინსტრუქციას“ ეხება.
უახლეს ინსტრუქციებში FARA-ს განყოფილებამ გამოავლინა ექვსი ფაქტორი, რომელთაც ის აგენტის შეფასებისას იყენებს: (1) არსებობენ თუ არა პრინციპალების მიერ მკაფიოდ დადგენილი პირები, რომელთაც მოქმედება მოეთხოვებათ, (2) როგორია მოთხოვნილი მოქმედების სპეციფიკა, (3) იყო თუ არა მოთხოვნა კომპენსირებული ან იძულებითი, (4) შეესაბამება თუ არა კონკრეტული ქმედება ინდივიდის ინტერესებს, (5) შეესაბამება თუ არა ადვოკატირებადი პოზიცია ინდივიდის სუბიექტურ თვალსაზრისს და (6) როგორია ინდივიდსა და პრინციპიალს შორის ურთიერთობის ბუნება. ამასთანავე, FARA-ს განყოფილებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გარემოებები უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ პრინციპალი გარკვეულ დონეზე აგენტის ზემდგომია ან თავის მხრივ, აგენტი გარკვეულ ვალდებულებას გრძნობს, რომ დირექტორის მოთხოვნა შეასრულოს“.
ერთ-ერთ ბოლო საკონსულტაციო დასკვნაში FARA-ს განყოფილებამ განაცხადა, რომ ის "არ ეთანხმება" მტკიცებას, თითქოს რეგისტრაცია არ არის საჭირო FARA-ს ინიცირებულ ქმედებებზე, თუ ამ ქმედებებში მონაწილე პირები „ფიზიკურად იმყოფებიან შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ამ კონკრეტული ქმედების ან მითითების შესრულების დროს“. სხვა მოსაზრებით, FARA განიხილავს სპეციალური ვებგვერდის შექმნას, რომელზეც შესაძლებელი იქნება უცხოელ აგენტად დარეგისტრიება მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა ესა თუ ის ქმედება „შეერთებული შტატების ტერიტორიაზე“. უფრო დეტალურად, აღნიშნული კანონის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია მოიძიოთ შემდეგ ბმულზე.





