რა დამოკიდებულება აქვთ ზელენსკის, პუტინისა და ნატოს მიმართ მთელ მსოფლიოში?

ფოტო: Reuters
ნატოს ქვეყნები ალიანსს პოზიტიურად უყურებენ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება ევროპასა და შეერთებულ შტატებში უარესდება, მოსაზრებები რუსეთის ფედერაციისა და პრეზიდენტ პუტინის შესახებ კი ისევ უარყოფითია - ეს არის Pew Researche Center-ის კვლევის შედეგები.
რა ხდება?
ნატოს ცამეტი წევრი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 63%-ი ალიანსს დადებითად აფასებს, 33%-ი კი - უარყოფითად. ეს არის ამერიკული კვლევითი ცენტრის - Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 2024 წლის 5 იანვრიდან 21 მაისამდე ჩატარდა. საერთო ჯამში, 35 ქვეყანაში (მათ შორის არიან როგორც ალიანსის წევრი, ისე - არაწევრი ქვეყნები) 44 166 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ჩატარდა ნატოს სამიტამდე, რომელიც ვაშინგტონში, 9-11 ივლისს გაიმართება და აღნიშნული სამხედრო ბლოკის 75 წლის იუბილეს მიეძღვნება. 2019 წლის შემდეგ, თურქეთის დამოკიდებულება ნატოს მიმართ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ალიანსის მიმართ უნგრელების დამოკიდებულებაც მიმდინარე წელს გაცილებით პოზიტიურია. თუმცა რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ესპანეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, 2023 წლიდან დადებითი შეფასების მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა.
ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება 11 ქვეყანაში გაუარესდა
ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. Pew Research Center-ის მიერ 35 ქვეყანაში გამოკითხულთა 40%-ი დარწმუნებულია, რომ ზელენსკი საერთაშორისო მიმართულებით სწორად იქცევა, 46%-მა კი საპირისპირო აზრი გამოთქვა. მის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუარესდა 11 ქვეყანაში. ზელენსკისადმი დადებითი განწყობის ყველაზე დიდი კლება მეზობელ პოლონეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წლის 70%-იანი მაჩვენებელი 2024 წელს 48%-მდე შემცირდა. მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებშიც.
მოსაზრება რუსეთის ფედერაციისა და პუტინის შესახებ კვლავ უარყოფითია
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსაზრებები რუსეთისა და მისი პრეზიდენტის შესახებ გარკვეულ ქვეყნებში უკიდურესად ნეგატიური დარჩა. გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, 73%-ს კი მიიჩნევს, რომ პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე სწორად არ მოქმედებს. თუმცა Pew-ის ბოლო გამოკითხვის შემდეგ, რიგ ქვეყნებში მოსაზრებები რუსეთისა და პუტინის შესახებ გარკვეულწილად მაინც გაუმჯობესდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში, არგენტინაში 11%-ით გაიზარდა რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობის მქონე ადამიანების რიცხვი, ხოლო პუტინის მიმართ - 9%-ით. ანალოგიური მაჩვენებლის ზრდა გერმანიაში 5 და 9 პუნქტს შეადგენს. ევროპის გარკვეულ ქვეყნებში გამოკითხული რესპონდენტები, რომლებიც მხარს უჭერენ მემარჯვენე პოპულისტებს, უფრო დადებითად აღიქვამენ რუსეთსა და პუტინს, ვიდრე ის რესპონდენტები, რომელთაც ასეთ პარტიებზე ნეგატიური შეხედულება აქვთ. მართალია, რუსეთისა და პუტინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ზოგიერთ მემარჯვენე პოპულისტში მკვეთრად შემცირდა 2022-23 წლებში, მაგრამ რიგ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება.
ლიბერალებსა და კონსერვატორებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ
ამერიკელმა მკვლევრებმა ამა თუ იმ სახელმწიფოში ნატოს აღქმასა და რესპონდენტთა პოლიტიკურ პრეფერენციებს შორის კავშირიც შეისწავლეს. მაგალითად, უნგრეთში, პოლონეთსა და შეერთებულ შტატებში, მათ, ვინც თავს ლიბერალს უწოდებენ, ბევრად უფრო ხშირად აქვთ ნატოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, ვიდრე - კონსერვატიული შეხედულებების მომხრეებს. ყველაზე დიდი განსხვავება შეინიშნება შეერთებულ შტატებში, სადაც ლიბერალების 79%-სა და კონსერვატორების მხოლოდ 41%-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ალიანსისადმი. საბერძნეთში, ესპანეთსა და შვედეთში საპირისპირო სურათია - მემარჯვენეები ბევრად მეტად აფასებენ ნატოს, ვიდრე - მემარცხენეები. უფრო მეტიც, 13 ქვეყნიდან ცხრაში, სადაც კვლევა ჩატარდა, მონაწილეები, რომლებიც მხარს უჭერენ მმართველ პარტიებს, ნატოს უფრო დადებითად ახასიათებენ.
როგორც აფასებენ აშშ-ში, თურქეთში, უნგრეთსა და პოლონეთში უკრაინის დახმარებას?
სოციოლოგებმა ისიც გამოიკითხეს, თუ როგორ აფასებენ იმ ქვეყნების მცხოვრებლები, სადაც კვლევა ჩატარდა, თავიანთი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის დონეს. უნგრელების 61%-მა და თურქების 46%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყნები კიევს ადეკვატურად ეხმარებიან. პოლონელების მოსაზრებები თითქმის თანაბრად იყოფა: 44%-ი მიიჩნევს, რომ ოფიციალური ვარშავა უკრაინას ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს, 45%-ი კი თვლის, რომ მხარდაჭერა ზუსტად იმდენია, რამდენიც საჭიროა.
შეერთებულ შტატებში ანალოგიური მაჩვენებლები 31% და 25%,-ია, გამოკითხულ ამერიკელთა 24%-ი კი ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევს საკმარისად არ ეხმარება. შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა უკრაინის დახმარების საკითხში, რესპონდენტთა იდეოლოგიური პრეფერენციებიდან გამომდინარე. კერძოდ, კონსერვატორი ამერიკელების 51%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მაშინ, როცა ლიბერალების მხოლოდ 13%-ი ეთანხმება ამ მოსაზრებას.
რუსეთთან დამოკიდებულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოკითხულთა ასაკი. უმეტეს ქვეყნებში ახალგაზრდა რესპონდენტები რუსეთის ფედერაციის მიმართ უფრო დადებითად არიან განწყობილი. იგივე შედეგი დაფიქსირდა Pew-ის წინა კვლევებშიც. ამ შეფასებაში თაობებს შორის სხვაობა 10%-იან მაჩვენებელს წარმოადგენს. მაგალითად, პერუში 35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 63%-ს აქვს დადებითი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 31%-ია.





