რა არის „ბინძური ბომბი“, რომლითაც რუსეთი მსოფლიოს აშინებს და რამდენად დიდია საფრთხე?

ბევრი რუსი პოლიტიკოსისა და სამხედროს მხრიდან ისმის ბრალდებები, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებასა და ამის რუსეთისთვის დაბრალებას გეგმავს. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაურეკა თავის კოლეგებს შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, საფრანგეთსა და თურქეთში. გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი კი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსს ენტონი რადაკინსა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს მარკ მილის ესაუბრა.
ზემოთ ხსენებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, ამ მიმართულებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად BBC-ის კორესპონდენტის, სტივ როზენბერგის თხოვნისა, უკრაინისადმი წაყენებული ამ ბრალდების დამამტკიცებელი უშუალო ფაქტები გაეცნო, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. მისი თქმით, „კიევის რეჟიმის სურვილია ბირთვულ იარაღს ფლობდეს და ეს ყველამ კარგად დაინახა, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოვიდა. ბირთვული იარაღის ფლობის შესახებ მისი ამბიციები მაშინვე ნათელი იყო".
რა ხდება?
„ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი. ბირთვული იარაღის მსგავსად, ისიც რადიოაქტიურ ნივთიერებებს იყენებს. თუმცა ბირთვული იარაღის დროს გამოიყენება ატომის ბირთვული დაშლის ენერგია, რაც იწვევს დესტრუქციული დარტყმის ტალღას, ელექტრომაგნიტურ პულსს, რადიაციასა და რადიოაქტიურ დაბინძურებას. რადიოლოგიური იარაღი კი იყენებს მხოლოდ ერთ დამაზიანებელ ფაქტორს - რადიოაქტიურ დაბინძურებას. ასეთი იარაღი ავრცელებს რადიოაქტიურ მასალებს დედამიწის ზედაპირზე და ატმოსფეროში, რაც შემდეგ ჰაერს, წყალსა და ნიადაგს აბინძურებს.
ბირთვული იარაღი არის რთული მექანიზმი, რომლის შექმნა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია. რადიოლოგიური იარაღი შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის, ზოგჯერ აქაც გამოიყენება ბირთვული რეაქცია და ასევე საკმაოდ რთულია. სხვა რადიოლოგიური საბრძოლო მასალები კი შედარებით მარტივია. „ბინძური ბომბის“ აგებულებაც შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მოქმედების პრინციპი მეტ-ნაკლებად იგივეა. ეს არის რადიოაქტიური და ფეთქებადი ნივთიერებებისგან შემდგარი კონტეინერი, რომელიც აფეთქების შემდეგ ირგვლივ მიმოიბნევა. ამ ტიპის ბომბის აფეთქება შესაძლებელია როგორც ჰაერში, ასევე - მიწაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, აფეთქების ენერგია მიმდებარე ტერიტორიის დასაბინძურებლად საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ "ბინძურ ბომბში" რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყენება, ამ დროს ბირთვული აფეთქება მაინც არ ხდება.
საჭიროა თუ არა ომში „ბინძური ბომბი“?
მიუხედავად იმისა, რომ „ბინძური ბომბი“ იარაღად გამოიგონეს და ის სამხედროებმა გამოსცადეს, მას, როგორც იარაღს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საქმე ისაა, რომ რადიოაქტიური დაბინძურება არ იწვევს მტრის ადამიანური რესურსის ან მშვიდობიანი მოსახლეობის სწრაფ განადგურებას, თუ ეს დასახლებულ ადგილებში მოხდება. აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი დაბინძურების ხარისხი („ბინძური ბომბის“ აფეთქებისგან) დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე, მათ შორის - ასაფეთქებელი ნივთიერების მოცულობაზე, რადიოაქტიური მასალის რაოდენობასა და ტიპზე, გაფანტვის საშუალებებსა და ამინდზე“.
დაბინძურების შედეგებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, თუმცა ეს მალევე არ მოხდება. რადიოაქტიური მასალის ტიპის დროული აღმოჩენა და ამოცნობა კი დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, დამცავი ზომები მიიღოს და დაბინძურებული რაიონებიდან ევაკუაცია მოახდინოს. შესაბამისად, ტერიტორია იქნება დაბინძურებული, მაგრამ ამით დიდ სამხედრო სარგებელს ვერ მიიღებენ.
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორმა, ბირთვული იარაღის ექსპერტმა, სერგეი გალაკამ BBC-ს განუცხადა, რომ რადიოაქტიური დაბინძურების ბუნება და მასშტაბი დამოკიდებული იქნება ბუნებრივ ფაქტორებსა და იზოტოპების შემადგენლობაზე. "ძლიერი ქარის პირობებში, თან თუ წვიმა არ იქნება, დაბინძურების ხარისხიც მოიმატებს. როცა სუსტი ქარია და ძლიერი წვიმა, ნალექი ამ დაბინძურების ლოკალიზებას გარკვეულ ტერიტორიაზე ახდენს", - ამბობს ექსპერტი. ბირთვული ბომბის აფეთქება ტერიტორიის ნაკლებ დაბინძურებას იწვევს, თუმცა სხვა დამაზიანებელი ფაქტორებით მიყენებული ზიანი გაცილებით მასშტაბურია. ეს არის ფეთქებადი ტალღა, გამოსხივება და გამჭოლი რადიაცია.
ფსიქოლოგიური ფაქტორი
ადამიანებს იმდენად ეშინიათ რადიაციის, რომ შეიძლება „ბინძური ბომბი“ ძლიერ ფსიქოლოგიურ ფაქტორად იქცეს. ასეთი საბრძოლო მასალის აფეთქებამ, შესაძლოა, ადამიანთა უმეტესობაში შიში და მასობრივი პანიკური ქმედებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ ეს ბომბი აფეთქდება დიდ ქალაქში, მაშინ მისი ნაწილი მაინც საცხოვრებლად უვარგისი გახდება, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე უკვე იმოქმედებს.
სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა შეიძლება ასეთი იარაღის შეძენა მოითხოვონ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, „ბინძური ბომბის“ საფრთხე შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში, ჯიჰადისტური ჯგუფების გაძლიერების გამო, ძალიან რეალური იყო. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ქაიდას“ რადიოაქტიურ მასალებზე წვდომა სურდა.
შესაძლებელია თუ არა „ბინძური ბომბის“ წარმოშობის დადგენა?
რადიოაქტიური მასალების გამოყოფასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები მსოფლიოში არაერთხელ მოხდა და ამიტომ ატმოსფეროში მათი კონტროლი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ავარიებიდან ბოლო მოხდა 2019 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის საწვრთნელ მოედანზე. მაშინ ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (ზუსტი რიცხვი უცნობია). ამ ავარიიდან მალევე სხვადასხვა ქვეყანაში რადიოაქტიური ნივთიერებების დონის მატება დაფიქსირდა. ივნისის დასაწყისში ნორვეგიაში დაფიქსირდა იოდის იზოტოპი-131, ხოლო ცეზიუმი-134, ცეზიუმი-137, კობალტი-60 და რუთენიუმი-103 - შვედეთსა და ფინეთში.
იზოტოპების გარკვეული ნაკრების მიხედვით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, სამხედრო ობიექტზე მოხდა და ეს არ იყო სამოქალაქო ბირთვული ობიექტიდან გაჟონვის შედეგი. რადიოაქტიური ნივთიერებების დიდი ოდენობით გამოყოფის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწისქვეშა სადგურებმა ზუსტად განსაზღვრონ იმ ნივთიერებების შემადგენლობა, რომლებიც „ბინძურ ბომბში“ იქნება გამოყენებული. მათ მხოლოდ ზოგადი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური რადიაციული მზვერავი თვითმფრინავით, რომელიც ასეთი აფეთქების სიახლოვეს იქნება.





