ომი უკრაინაში: წარდგება თუ არა პუტინი ჰააგის სასამართლოს წინაშე?

ფოტო: უკრაინის პოლიცია
რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომთან დაკავშირებულ საქმეებს ერთდროულად ორი საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. ერთ-ერთი მოსმენა 7 მარტს დაიწყება. მეორე სარჩელი, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
რა ხდება?
უკრაინა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე 7 მარტს წარდგება. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს განხილვის საგანი, რომელიც სახელმწიფოთაშორის სამართალწარმოებას ეხება, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის სარჩელი იქნება. კიევი ითხოვს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გენოციდად აღიარონ. ამავდროულად, უკრაინა უარყოფს მოსკოვის პრეტენზიას იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ჯარმა გენოციდი მოუწყო რუსებს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ.
თავის მხრივ, კრემლის ადვოკატები რუსეთის ფედერაციისთვის წაყენებულ ბრალდებას 8 მარტს გაასაჩივრებენ, რადგან რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება. რუსული მხარის მტკიცებით, რუსეთს გენოციდი არ მოუწყვია. შესაბასამისად, არ არსებობს სასამართლო, რომლის იურისდიქციაშიც ეს საქმე მოხვდებოდა. რა ხდება რეალურად? - ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.
სასამართლო სადავო იურისდიქცია
პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარემ - მოსარჩელემაც და მოპასუხემაც - კონსენსუსის საფუძველზე მათ საქმეზე სასამართლოს იურისდიქცია უნდა აღიაროს. გიოტინგენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტის კაი ამბოსის განმარტებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში დაგეგმილი მოსმენა ომის ქარ-ცეცხლში გახვეული უკრაინის სასარგებლოდ რამე ხელშესახებ შედეგს გამოიღებს. და მაინც, აღნიშნული სარჩელი ყურადღების ცენტრში აქცევს საერთაშორისო სასამართლოებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ.
ჩადენილი დანაშაულის გამო დაჩქარებული გამოძიება
პარალელურად იწყება სარჩელის განხილვა სხვა საერთაშორისო სასამართლოშიც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამომძიებლებმა უკვე დაიწყეს იმის გარკვევა, არიან თუ არა პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინი ან კრემლის ხელმძღვანელობის სხვა წევრები უკრაინაში სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოვალეობაა აღასრულოს საერთაშორისო სამართალი და ცალკეული პირების დანაშაული დაადგინოს. გაეროს საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, მას განაჩენი გამოაქვს არა სახელმწიფოს ქმედებების კონტექსტში, არამედ - კონკრეტულ ბრალდებულ პირთან მიმართებით. „ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია უკრაინაში ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები დავამტკიცოთ“, - განაცხადა ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა. მან თავის პროკურორებს საქმის გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება დაავალა. გამომძიებლებმა რეგიონში მუშაობა უკვე დაიწყეს, - თქვა ხანმა 3 მარტს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტის, კაი ამბოსის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. "ეს მართლაც უჩვეულოა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსებობის ისტორიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მონაწილეობის გარეშე ასეთი სწრაფი რეაგირება არასდროს ყოფილა ", - ამბობს ის DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჰააგის სასამართლოს გამოძიებას მხარს უჭერს 39 სახელმწიფო
მთავარ პროკურორ კარიმ ხანის მუშაობას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ 39 სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, გამოძიებას ოფიციალურად უჭერს მხარს. ეს მას საშუალებას მისცემს დაუყოვნებლივ ჩატარდეს ფართომასშტაბიანი გამოძიება და დღის წესრიგში აღარ იყოს სამი მოსამართლისგან შემდგარი ე.წ. კოლეგიის საჭიროება, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, „რუსეთის ბარბაროსული ქმედებები სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“. გამოძიების მხარდამჭერ 39 სახელმწიფოს შორის არის ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე - კანადა, ახალი ზელანდია და კოსტა რიკა.
ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი?
პროფესორი ამბოსი გიოტინგენიდან მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში უკეთესი იქნებოდა, თუ სახელმწიფოები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მის გამომძიებლებს სოლიდარობას გამოუცხადებდნენ. მას [გამომძიებელს] შეუძლია გამოძიება აწარმოოს. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ექნება კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია, თუ სახელმწიფო დონეზე უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ ყურადღება დამატებით იქნება მიპყრობილი", - ხაზს უსვამს ამბოსი.
ამავდროულად, შემდგომი განხილვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეუერთდა ხელშეკრულებას [რომის სტატუტი], რომელსაც სასამართლო ეფუძნება. ამბოსის განმარტებით, რუსეთი, ისევე, როგორც ჩინეთი, სასამართლოს „მტერია“. "მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები არიან ვალდებულნი სასამართლოსთან ითანამშრომლონ. ეს რუსეთს არ ეხება", - ამბობს ექსპერტი. მართალია, არც უკრაინაა მონაწილე სახელმწიფო, მაგრამ შესაბამისი განცხადების გაკეთებით ის ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას დაემორჩილა.
აღმოჩნდება თუ არა პუტინი საბრალდებო სკამზე?
„ამის სრულად გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბატონი პუტინი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგეს", - ასეთია კაი ამბოსის პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე. "როგორც წესი, პუტინის მსგავსი მმართველები თავიანთ თანამდებობებზე ყოფნისას კვდებიან და შესაბამისად, ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან. ერთ-ერთი შესაძლებლობაა ოპოზიციის მიერ პუტინის რეჟიმის დამხობა. ამის შემდეგ რუსეთის ახალ მთავრობს შეუძლია ყოფილი პრეზიდენტი ჰააგას გადასცეს", - ამტკიცებს გიოტინგენის უნივერსიტეტის ექსპერტი. ის იხსენებს, რომ ზუსტად ასე მოხდა შარშან სუდანის ყოფილი პრეზიდენტის - ომარ ალ-ბაშირის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის ექსტრადიცია ქვეყნის ახალმა მთავრობამ უზრუნველყო. "ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება მსოფლიო ისტორია. თუმცა საჭიროა ვიყოთ ოპტიმისტები", - ამბობს კაი ამბოსი DW-სთან ინტერვიუში.
უკრაინის ომის საქმეზე კიდევ ერთი სარჩელია მოსალოდნელი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შეიძლება პუტინისა და სხვა სავარაუდო დამნაშავეების დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცეს. ამის შემდეგ ისინი შეიძლება სასამართლოს წევრ ქვეყნებში მოგზაურობის დროს დააკავონ. ასევე შესაძლებელია, რომ ცალკეული სახელმწიფოების პროკურორებმა გამოძიება დაიწყონ, როგორც ეს 3 მარტს, ლიტვაში მოხდა. მსგავსი პროცედურები შესაძლებელია გერმანიაშიც.
2022 წლის იანვარში, სირიაში მიმდინარე ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის კობლენცში სირიელი ექიმი გაასამართლეს. ეს იყო პირველი ასეთი სასამართლო პროცესი მსოფლიოში. „საერთაშორისო სამართლის პრინციპის“ შესაბამისად, ამგვარი სამართალწარმოება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსებთან მიმართებითაც არის შესაძლებელი. ფედერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის ამგვარი საჩივრის შეტანა ნებისმიერ პირს შეუძლია. საქმის წარმოება ასევე შეიძლება დაიწყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს.





