ომი უკრაინაში: კონფლიქტის ესკალაციისა და მასში ნატოს ჩართვის სამი შესაძლო სცენარი

ფოტო: shutterstock.com
გასულ კვირას ბრიუსელში შედგა ნატოს მინისტერიალი, რომელზეც განიხილეს თუ როგორ და რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა უნდა მიაწოდონ უკრაინას. ომის დაწყებიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია ხომ სწორედ კონფლიქტში ჩართვის გარეშე საკმარისი სამხედრო ტექნიკით უკრაინის უზრუნველყოფა იყო.
კიევში ამბობენ, რომ დონბასში რუსეთის მოახლოებული შეტევის მოსაგერიებლად უკრაინის არმიას სასწრაფოდ სჭირდება ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების მარაგების შევსება Javelin-ებით, Stinger-ებითა და Starstreak-ებით. უკრაინელებმა აღნიშნული ტიპის ტექნიკა ომის დაწყებიდან საკმაოდ წარმატებულად გამოიყენეს. მომარაგებაც გრძელდება, მაგრამ კიევი მეტს ითხოვს. უკრაინას სჭირდება ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა რუსეთის საჰაერო თავდასხმებს გაუმკლავდეს.
კონკრეტულად რა აფერხებს ნატოს ქვეყნებს? შესაძლო ესკალაცია. არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს ან კონფლიქტი უკრაინის საზღვრებს მიღმა უფრო ფართო ევროპულ ომში გადაიზარდოს. ეს კარგად ესმით დასავლეთში და ფსონებიც სახიფათოდ მაღალია. კოფლიქტის ესკალაციისა და რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ჩართვის ალბათობის რომელ სამ შესაძლო სცენარზე საუბრობენ ექსპერტები, BBC-მ გაარკვია.
რა ხდება?
პრეზიდენტმა პუტინმა ომის დასაწყისშივე მსოფლიოს შეახსენა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ის სტრატეგიული ბირთვული შეკავების პოზიციიდან უფრო მაღალი დონის მზადყოფნის ეტაპზე გადადის. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს არ მიბაძა, რადგან არ დაფიქსირებულა რუსული ბირთვული საბრძოლო ქობინების გადაადგილება იმ ბუნკერებიდან, სადაც ისინი ინახება. თუმცა პუტინმა თავისი სიტყვა დასავლეთის ქვეყნებამდე მიიტანა. რეალურად, მან თქვა: "რუსეთს აქვს უზარმაზარი ბირთვული არსენალი. ასე რომ, ჩვენი მისამართით მუქარაზე არც იფიქროთ“.
რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, „სამხედრო ოპერაციების“ საწყის ეტაპებზე დაბალი სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო ქობინების გამოყენება დაშვებულია. ნატოს სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტები შეშფოთებულნი არიან, რომ ბირთვული ტაბუს დარღვევის შემდეგ, ზიანი ლოკალიზებული და შედარებით მცირე მასშტაბის რომც იყოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის კატასტროფული ბირთვული დარტყმების რისკი აუცილებლად გაიზრდება.
ასეა თუ ისე, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი ახალი დანაშაული ნატოს მტკიცე პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს. ჩეხეთი არის ნატოს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ტანკები გაგზავნა (აშკარად მოძველებული, საბჭოთა პერიოდის T-72-ები, მაგრამ მაინც). სლოვაკეთიც გზავნის თავის საზენიტო სარაკეტო სისტემებს - C-300-ებს, რომლებიც ასევე საბჭოთა წარმოებისაა. თუმცა ომის დასაწყისში ასეთი ნაბიჯები წარმოუდგენლად სარისკო ჩანდა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა პუტინის მორიგი ბლეფია. ბრიტანელი დეპუტატის აზრით, ნატომ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას. "ჩვენ ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენდით იმ იარაღის სისტემებთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდებაც გვსურდა. ამიტომაც უფრო გადამწყვეტი მიდგომა გვჭირდება. ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ იმდენს, რომ გადარჩნენ და არა გაიმარჯვონ. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, - ამბობს ტობიას ელვუდი.
როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი გადაიზარდოს უფრო ფართო, საერთოევროპულ კონფლიქტში, რომელშიც ნატოც იქნება ჩართული?
არსებობს რამდენიმე პოტენციური სცენარი, რომელთაც დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებები თავიანთ გონებაში განიხილავენ. აქ მხოლოდ სამ მათგანზე ვისაუბრებთ:
1. ოდესაში უკრაინული ძალების მიერ ნასროლი ნატოს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები შავი ზღვის აკვატორიაში მყოფ რუსულ ხომალდებს ბომბავენ და ძირავენ. უკვე დაიღუპა 100-მდე მეზღვაური და ათობით საზღვაო ქვეითი. შესაბამისად, პუტინი იძულებულია ამა თუ იმ ფორმით რეაგირება ჰქონდეს.
2. რუსეთი ახორციელებს სარაკეტო თავდასხმას სამხედრო ტექნიკის კოლონაზე, რომელიც ნატოს ქვეყნიდან, როგორიცაა პოლონეთი ან სლოვაკეთი, უკრაინისკენ მიემართება. თუ ნატოს წევრი ქვეყნის საზღვრის მხარეს იქნება მსხვერპლი, ამან შესაძლოა აამოქმედოს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რაც თავდასხმის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნის დასაცავად მთელ ნატოს დააყენებს.
3. დონბასში სასტიკი ბრძოლების დროს სამრეწველო ობიექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად მომწამვლელი გაზები გამოიყო. მსგავსი შემთხვევები მიმდინარე ომის დროს იქამდეც მოხდა, მაგრამ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუ დაღუპულთა რიცხვი ისეთივე მაღალი იქნება, როგორც ღუტაში, სადაც სირიამ მომწამვლელი ნივთიერებები გაუშვა და თუ დადგინდება, რომ რუსეთის არმიამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, ნატო იძულებული იქნება უპასუხოს.
თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ზემოთ ხსენებული არცერთი სცენარი არ განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ერთიანობის იშვიათი ხარისხი აჩვენეს, არსებობს ვარაუდები, რომ ისინი მოვლენებზე უბრალოდ რეაგირებენ და მკაფიო სამომავლო სტრატეგია არ აქვთ.
„უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია, ჩვენი მთავრობა კრიზისის მართვის პროცესშია თუ რეალურ სტრატეგიას მიჰყვება?“ - სვამს კითხვას ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც BBC-ს ანონიმურ წყაროდ დარჩენა ისურვა. „ჩვენ ვცდილობთ უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ, მესამე მსოფლიო ომის გამორიცხვით. პრობლემა ის არის, რომ პუტინი პოკერს ჩვენზე უკეთ თამაშობს“, - დასძენს ის. ტობიას ელვუდი ამ ინტერპრეტაციას ეთანხმება. "რუსეთი ძალიან ეფექტიანად იმუქრება ესკალაციით და ჩვენ შეშინებული ვართ. ჩვენ დავკარგეთ ესკალაციის ხარისხის კონტროლის უნარი".





