ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში - აპოკალიფსური 2022 წელი და გამარჯვებული ფემინისტი მწერალი ანი ერნო. რატომ უწოდეს ამ გადაწყვეტილებას უჩვეულო?

ფოტო: Twitter
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალს - ანი ერნოს გადაეცა. ის დააჯილდოეს „იმ გამბედაობისა და კლინიკური სიზუსტისთვის, რითაც გაუცხოების წყაროებსა და პირადი მეხსიერების კოლექტიურ შეზღუდვებს გადმოსცემს“. ძირითადად, ერნო ავტობიოგრაფიული რომანების ავტორია. მათ შორის არის „მოვლენა“, „ქალი“, „ჩვეულებრივი ვნება“, „წლები“ და სხვ. კრიტიკოსები და სპეციალისტები მის ნამუშევრებს ქალური მწერლობის (იგივე ფემ-წერილი - ლიტერატურის კატეგორია, რომელიც ტექსტებში ქალის შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ასახავს) მაგალითს უწოდებენ. აქ არ არსებობს მიზოგინური ტროპები, სტერეოტიპული ქალი პერსონაჟები, გენდერული სტერეოტიპები და პატრიარქალური შეხედულებები. რამდენად უცნაურად გამოიყურება ნობელის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება აპოკალიფსურ 2022 წელს?
საერთოდ რატომ ისმის ეს კითხვა?
მას შემდეგ, რაც 2018 წლის ხმაურიანი კონფლიქტის შედეგად შვედეთის აკადემიის წევრთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თანამდებობები დატოვა (მაშინ აკადემიკოსები კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასა და სექსუალური შევიწროების დაფარვაში დაადანაშაულეს), მსოფლიოს მთავარი ლიტერატურული პრემიის პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
ჟიურის ყოფილ შემადგენლობას ეპატაჟურობისთვის, პოლიტიკური ანგაჟირებისა და მასობრივი გემოვნებისთვის უპირატესობის მინიჭების გამო რეგულარულად აკრიტიკებდნენ. მაგალითად, სვეტლანა ალექსიევიჩის, ბობ დილანისა და კაზუო იშიგუროს გამარჯვებამ მთელ მსოფლიოში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. ლიტერატურის კრიტიკოსთა შეფასებით, ამჟამინდელ ჟიურის თუ რამე შეიძლება დაბრალდეს, ეს არის ნებისმიერი სოციალურ-პოლიტიკური დღის წესრიგისგან მიზანმიმართული დისტანცირება.
პოლონელმა ოლგა ტოკარჩუკმა, ავსტრიელმა პეტერ ჰანდკემ (პრემიის იძულებითი შესვენების გამო, მათ ჯილდო ერთდროულად მიიღეს: პირველმა - 2018 წლის, მეორემ კი - 2019 წლის შედეგებით), ამერიკელმა ლუიზა გლიუკმა (2020 წელი) და ზანზიბარული წარმომავლობის ინგლისელმა აბდულრაზაკ გურნამ (2021 წელი) განასახიერეს სწორედ არასადავო და მშვიდი არჩევანის შედეგი, რომელიც არის გენდერულად კორექტული, კულტურული თვალსაზრისით მისაღები და ყველა სხვა მიმართულებით ნეიტრალური. წლევანდელი ლაურეატი, ფრანგი ანი ერნოც ამ ხაზს აგრძელებს. ის უფროსი თაობის ღირსეული მწერალი (1940 წელს დაიბადა) და დასავლეთის შვილია, რომელსაც არც მკვეთრი რეპუტაცია, არც სკანდალური წარსული და არც რადიკალური სამოქალაქო პოზიცია აქვს.
და მაინც, როგორია ერნოს შემოქმედება?
იმის მიუხედავად, რომ ნობელის ფორმულირება ანი ერნოს შემოქმედების „სიმამაცესა და კლინიკურ სიმკვეთრეს“ სამართლიანად აღნიშნავს, ალბათ ეს სიტყვები მთავარს მაინც ვერ ასახავს. ერნოს მიერ დაწერილი ყველაფერი არის თანამედროვე ფემ-წერილის სტანდარტული მაგალითი. მისი წიგნები არის ხისტი და მტკივნეული, პირად განცდებში გადატანილი, ფიზიოლოგიური და ტრადიციული თხრობის დოგმების გამრღვევი. ერნოს შემოქმედება წარმოადგენს ათწლეულების მცდელობას, რომ ქალის გამოცდილება მთელი თავისი არსით სიტყვებით გადმოიცეს.
ბავშვობის ტრავმა, სასიყვარულო სიგიჟე („ჩვეულებრივი ვნება“), პირველი სექსუალური გამოცდილება და თანმხლები უხერხულობა ("გოგონას მეხსიერება") და ხანგრძლივი ურთიერთობის მტკივნეული გაწყვეტა ("ხელისუფლებაში") - ანი ერნო ამ ყველაფერზე ვნებიანად და ამავე დროს, განყენებულად საუბრობს ისე, რომ მხატვრული გამონაგონი და პერსონალური გამოცდილება სათანადო პროპორციით არის. ერთი სიტყვით, თუ მიზნად დავისახავთ, ერნოს მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე ადგილი მოვუძებნოთ, ის ფემ-ლიტერატურის შუაგულში მოექცევა.
არის თუ არა ანი ერნო პირველი ფემინისტი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო?
ანი ერნო არ არის პირველი ფემინისტი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. პირველი იყო ავსტრიელი ელფრიდე იელინეკი, რომელსაც ჯილდო 2004 წელს გადასცეს. ეს თითქმის 20-წლიანი უფსკრული, რომელიც ამ ორ მწერალს აშორებს, ასახავს არა იმდენად ფუნდამენტურ განსხვავებას მათ შორის, რამდენადაც ნობელის ჟიურის ორ გადაწყვეტილებას შორის არსებულ სხვაობას.
2004 წელს ფემ- მწერლობა იყო ახალბედა და გაბედული ტენდენცია, რომელიც დიდი ლიტერატურის სივრცეში მხოლოდ შევიდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის დაჯილდოებით შვედეთის ლიტერატურის აკადემიამ პიონერული და პროაქტიული როლი შეასრულა. ამით ჟიურიმ ფემ-ლიტერატურას ფართო საზოგადოებისკენ გზა გაუხსნა და დაასრულა დამღლელი დებატები, შეიძლება თუ არა ეს უცნაური და კუთხოვანი რაღაც ლიტერატურად განიხილებოდეს. უკვე 2022 წელს, ფემ-ლიტერატურა არის პატივსაცემი მეინსტრიმი თავისი გრანდ- ქალებით (ანი ერნო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია). შესაბამისად, მისი წარმომადგენლის ჯილდო სრულიად განსხვავებულად გამოიყურება - ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ამგვარად, ნობელის პრემიის პროაქტიული როლი რეაქტიული გახდა - ის აღარ განსაზღვრავს ტენდენციებს, მხოლოდ დიდი დაგვიანებით აფიქსირებს მათ და აძლიერებს საკუთარი ავტორიტეტით იმას, რასაც პრინციპში, განმტკიცება აღარც სჭირდება.
თუ წინა წლებში აქტუალობის ქარ-ცეცხლისგან ასეთი განცალკევება, წინდახედულობა და ნეიტრალიტეტი გონივრული კონსერვატიზმის გამოვლინებად ჩაითვლებოდა, ამ სეზონზე, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ნობელის ჟიურის ასეთი პოლიტიკა მხოლოდ გაკვირვებას იწვევს. იმ წელს, როდესაც სამყარო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის, თავის მოკატუნება, რომ ყველაფერი ძველებურად მიდის, რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტის შთაბეჭდილებას ტოვებს.
2022 წელს, ბევრი ექსპერტი უკრაინელი მწერლის დაჯილდოებაზე საუბრობდა და მისი პირდაპირი პოლიტიზების გამო ამ არჩევანს წინასწარ კიცხავდნენ. კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს შესაძლოა, მართლაც უფრო მართებული იყოს. თუმცა ასეთი აშკარა ნაბიჯის გარდა, ნობელის კომიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა ძლიერი და დასამახსოვრებელი განცხადება - მაგალითად, ჯილდოს ერთ-ერთი ჭეშმარიტად პოპულარული მწერლისთვის გადაცემა (ბუკმეკერები წელს ფსონებს დებდნენ სტივენ კინგზე, ჯოან როულინგსა და ჰარუკი მურაკამიზე) ან პირიქით, გრაფიკული რომანის დიდი ხნის ნანატრი აღიარება, რომ ისიც ლიტერატურის სრულფასოვანი ნაწილია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, შესამჩნევი და სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე - ახლანდელი გადაწყვეტილება.
ლიტერატურის კრიტიკოსთა შეფასებით, კრიტიკისა და კონფლიქტისთვის თავის არიდებას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისკენ, საბოლოო ჯამში კი ბანალური ხედვისკენ მიჰყავს.





