მსახიობი და მომღერალი, სერჟ გენსბურგის და მოდის სფეროს მუზა - ვინ იყო ჯეინ ბირკინი?

ფოტო: Instagram
მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, მომღერალი 16 ივლისს პარიზში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაისის ბოლოს მან ყველა კონცერტი გააუქმა. "ყოველთვის დიდი ოპტიმისტი ვიყავი და მესმის, რომ ცოტა მეტი დრო მჭირდება, რათა სცენაზე გამოსვლა და ისევ თქვენთან ერთად ყოფნა შევძლო", - თქვა მაშინ ბირკინმა. 2021 წლის სექტემბერში ბირკინს ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც მისი კონცერტების სერია გაუქმდა. ანგლო-ფრანგი ვარსკვლავი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და მსახიობის კარიერა ლონდონში, 60-იან წლებში დაიწყო. ეს იყო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „ფოტოგადიდება“. 70-იან წლებში ის საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც ფილმებში იღებდნენ. ამასთანავე, ის ცნობილი გახდა ფრანგულენოვანი სიმღერებით.
სკანდალური წყვილი
ბირკინი განსაკუთრებით ცნობილი გახდა სკანდალურ ფრანგ მომღერალსა და კომპოზიტორთან სერჟ გენსბურგთან ურთიერთობის შედეგად. მათ შეეძინათ ქალიშვილი შარლოტა გენსბურგი, რომელიც ასევე ცნობილი მომღერალი და მსახიობია. წყვილმა ერთმანეთი 1969 წელს, რომანტიკული კომედია „სლოგანის“ გადაღებზე გაიცნო, რის შემდეგაც მათ შორის ცეცხლოვანი რომანი გაიბა. მათი ურთიერთობის შემდგომი შემოქმედებითი განვითარება იყო იმავე წელს გამოშვებული ალბომი სახელწოდებით - „ჯეინ ბირკინი / სერჟ გენსბურგი" სკანდალური სიმღერით "Je t'aime moi non plus". აქ ბირკინი იმიტირებს ბგერებს, თითქოს სექსი აქვს. ეს სიმღერა რამდენიმე ქვეყნის რადიოში აიკრძალა, ვატიკანმა კი სექსუალური ლირიკის გამო დაგმო. თუმცა ამის შედეგად, ბირკინი და გენსბურგი საერთაშორისო აუდიტორიამ გაიცნო.
1976 წელს ბირკინმა ითამაშა გენსბურგის ამავე სახელწოდების საკმაოდ გულახდილ ფილმში "Je t'aime moi non plus". წყვილი12 წლის განმავლობაში იყო ერთად და ახლო ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა. გენსბურგმა, რომელიც ბირკინზე 18 წლით უფროსი იყო, მას მრავალი სიმღერა მიუძღვნა. ის 1991 წელს გარდაიცვალა. 2020 წელს გამოიცა ბირკინის მემუარები, რომელშიც ის წერდა, რომ გენსბურგთან მისი ურთიერთობის ინტენსიური ხასიათი ძალადობითაც გამოიხატებოდა. თუმცა ის გენსბურგს საჯაროდ ხშირად იცავდა, მათ შორის - სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემთხვევაშიც. The Times-ის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც მათი ცხოვრების წესს ეხებოდა, ბირკინმა თქვა: „არ ვიცი ბავშვებისთვის ადვილი იყო თუ არა ის, რომ დედა ჟურნალებში შიშველი ჩნდებოდა და მამა 500-ფრანკიან კუპიურებს წვავდა. იმედი მაქვს, რომ რაღაც მაინც სწორად გაკეთდა." წყვილი 1981 წელს დაშორდა. ბირკინმა თავისი სამსახიობო და მუსიკალური კარიერა გააგრძელა, გამოუშვა ალბომები, მათ შორის - Baby Alone in Babylone 1983 წელს და Amour des Feintes 1990 წელს.
საფრანგეთში გადასვლამდე და გენსბურგთან შეხვედრამდე, ბირკინი 1960-იანი წლების ბოლომდე ბრიტანელ კომპოზიტორ ჯონ ბარიზე იყო დაქორწინებული. მათ შეეძინათ ქალიშვილი, ქეით ბარი, რომელიც მოდის ფოტოგრაფად მუშაობდა. ის 2013 წელს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბირკინს ჰყავს მესამე, უმცროსი ქალიშვილი - მუსიკოსი, მოდელი და მსახიობი ლუ დუაიონი, ფრანგ კინორეჟისორ ჟაკ დუაიონთან ურთიერთობიდან. 1960-იანი წლების ფილმების გარდა, ბირკინის სამსახიობო ნამუშევრებია „სიკვდილი ნილოსზე“ (1978) და „ბოროტება მზის ქვეშ“ (1982), რომლებიც აგატა კრისტის რომანებზეა დაფუძნებული. 2002 წელს მან გამოუშვა სოლო ალბომი სახელწოდებით Arabesque, 2009 წელს კი ცოცხალი ჩანაწერების კრებული - Jane at the Palace.
მოდის სფეროს კულტი
ზემოთ თქმულის გარდა, მისი ყოველდღიური სტილის გამო ბირკინი მოდის სფეროს საკულტო პერსონად ითვლებოდა. კომპანია „ჰერმესმა“ მისი სახელი გამოიყენა ჰერმესის ბირკინის საკულტო ჩანთის შესაქმნელად, რომლის ვარიაციები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთებს შორის არის. Hermes-ის ვებსგვერდის ცნობით, ჩანთის ისტორია დაიწყო 1984 წელს, როდესაც ჯეინ ბირკინმა თვითმფრინავით კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ ჟან ლუი დიუმასთან ერთად იმგზავრა. ბირკინმა მას შესჩივლა, რომ მისთვის, როგორც ახალგაზრდა დედისთვის, რთული იყო ელეგანტური, მაგრამ ფუნქციონალური ჩანთის პოვნა. მას შემდეგ Hermes Birkin-ის ჩანთები მრავალი განსხვავებული დიზაინით იწარმოება, რაც სტატუსისა და წარმატების სიმბოლო გახდა. მათი ღირებულება 10 ათასი დოლარიდან იწყება, ბრილიანტებიანი ექსკლუზიური ასლები კი 2 მილიონ დოლარამდე ღირდა.





