მოლდოვური ენა აღარ არსებობს. რატომ დაარქვა მოლდოვამ თავის ენას რუმინული და რა შეიცვლება ამით?

ფოტო: shutterstock.com
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის სახელმწიფო ენად „მოლდოვურის“ ნაცვლად „რუმინული“ გამოცხადდა. იქამდე კი ამ ცვლილების შესახებ კანონპროექტი მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა. BBC განმარტავს, რატომ მიიღო მოლდოვის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება და რას შეცვლის ის.
"მინდა, რომ რუმინულმა ენამ გააერთიანოს ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ვცხოვრობთ და ეს მიწა გვიყვარს. ჩვენ, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 27 მილიონზე მეტ ადამიანთან ერთად, ვსაუბრობთ რუმინულად, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას წარმოადგენს", - წერს სანდუ თავის Facebook-გვერდზე. სახელმწიფო ენის სახელწოდება შეიცვლება ქვეყნის კონსტიტუციაში, კანონების ტექსტებსა და ყველა სახელმწიფო დოკუმენტაციაში.
როგორ ხსნის ამ გადაწყვეტილებას მოლდოვის ხელისუფლება?
განკარგულებაზე ხელმოწერის შემდეგ, თავის Facebook-პოსტში მაია სანდუმ ათწლეულების განმავლობაში მოლდოვური და რუმინული ენისა თუ ხალხის დაყოფას ხელოვნური და მესამე ძალისთვის ხელსაყრელი უწოდა. „ისინი, ვინც ათწლეულების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეები, ვსაუბრობთ „მოლდოვურ“ და არა რუმინულ ენაზე, მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდნენ: ჩვენს დაყოფას“, - წერს პრეზიდენტი. „და ეს იმიტომ, რომ როგორც კი ერს დაყოფთ, მისი დამორჩილება და გაკონტროლება უფრო ადვილია. დაყოფილი ერი არ არის ერთი ძალა, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა. ვინც ჩვენს დაყოფას ცდილობდა, ენათმეცნიერება კი არ ადარდებდა, ის აფიქრებდა, როგორ შენარჩუნებულიყო მოლდოვაში მუდმივი ეროვნული ქიშპობა“, - დასძენს სანდუ.
24 საათის განმავლობაში ამ პოსტმა დააგროვა 12 ათასი მოწონება და 1,5 ათასი კომენტარი, რომელთა უმეტესობა იწყებოდა სიტყვით: „გილოცავთ!“
რატომ მაინცდამაინც ახლა?
უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული პატარა მოლდოვა თავისი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეს გრძნობს.
უკრაინისკენ მიმავალ გზაზე რუსული რაკეტები მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკვე არაერთხელ მოხვდნენ. უფრო მეტიც, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად, მათი ფრაგმენტები მოლდოვის სოფლების ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ მოლდოვის ენერგომომარაგების სისტემის ხარვეზები გამოიწვია. გარდა ამისა, მოლდოვის ხელისუფლება მოსკოვის რიტორიკას მისი ქვეყნის მიმართ ღია მუქარად მიიჩნევს და კრემლს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მოლდოვაში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები სანდუს მთავრობას მკვეთრად აკრიტიკებენ და რუსეთის მხარდასაჭერად გამოდიან.
დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, პრეზიდენტი მაია სანდუ ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს. გასული წლის ივნისში მოლდოვამ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სახელმწიფო ენის სახელის გადარქმევა არსებულ ვითარებაში, შესაძლოა, კიშინიოვის მიერ მეზობელ რუმინეთთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან დაახლოებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს.
როგორ რეაგირებს ქვეყნის მოსახლეობა?
სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათასი მოწონების გარდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოლდოვის მოსახლეობაში თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიტყვათშეთანხმება - „რუმინული ენა“1990-იანი წლებიდან მისაღებია. იმ დროს სკოლებში მშობლიური ენის გაკვეთილებს რუმინულის გაკვეთილებს უწოდებდნენ და არა - მოლდოვურის, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ქვეყნის ისტორიას კი „რუმინელთა ისტორია“ ეწოდა. რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2009-2021 წლებში მილიონზე მეტმა მოლდოველმა მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა. ეს მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 39,5%-ს შეადგენს. უფრო ადრეულ პერიოდში მიღებული რუმინული პასპორტების გათვალისწინებით, დღეს მოლდოველების ნახევარი მაინც რუმინეთის მოქალაქეა. საზოგადოების უმეტესობა დიდი ხანია მჭიდრო კავშირშია რუმინეთთან, ამიტომ სახელმწიფო ენის სტატუსის ცვლილება მოლდოვაში აბსოლუტურად ბუნებრივი აღმოჩნდა.
და ვინ არის წინააღმდეგი?
მაია სანდუსა და პარლამენტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ნაციონალისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციას ძირითადად სოციალისტები და კომუნისტები შეადგენენ. ისინი ამბობენ, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ სახალხო რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი და არა - სამთავრობო დერეფნებში. „მე ვეკითხები საპარლამენტო კომისიებს: რა ენაზე ლაპარაკობდა შტეფან ჩელ მარე (მოლდოვის სამთავროს მმართველი მე-15-მე-16 საუკუნეებში)? მოლდოვურად! რა ენაზე წერდა ლექსებს მიხაი ემინესკუ (XIX საუკუნის მეორე ნახევრის პოეტი)? მოლდოვურად! ის არის აქედან, მოლდოვიდან. დიმიტრი კანტემირი (მოლდოვის სამთავროს მმართველი მე-17 საუკუნეში) მოლდოვურად წერდა“,- განუცხადა ადგილობრივ მედიას მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ვორონინმა.
მარტის დასაწყისში, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებიდან მალევე, კიშინიოვში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სახელმწიფო ენის გადარქმევის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. სხვადასხვა შეფასებით, ადგილზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხელისუფლებამ შელახა ყველაზე წმინდა რამ, რაც მოლდოველებს დარჩათ, ეს არის მათი წინაპრების ენა.
რუმინეთის რეაქცია
მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბუქარესტში დადებითად გამოეხმაურნენ და კიშინიოვის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოთქვეს. „მივესალმები კიშინიოვის პარლამენტის მიერ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც რუმინული ენა მოლდოვის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენის სტატუსს იღებს. ისტორიული და მეცნიერული სიმართლის აღიარება პრუტის ორივე ნაპირზე კულტურისა და ენის ერთიანობას ადასტურებს“, - განაცხადა რუმინეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლაე ჩუკემ. „ვადასტურებ უპირობო მხარდაჭერას, რომელსაც რუმინეთი მოლდოვის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის მიმართულებით უფიქსირებს. ამდენად, ვადასტურებ რუმინეთის მთავრობის მხარდაჭერას მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
რას ამბობენ მოსკოვში?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ მოლდოვის ენა მოლდოვის მკვიდრთა თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოა (პოსტში ზახაროვა იყენებს ქვეყნის საბჭოთა სახელს - მოლდავეთი). „მოლდოვურ ენაზე უარის თქმით, კიშინიოვის ამჟამინდელი რეჟიმი აჩენს კითხვას: ვისია ახლა ბესარაბია (რომელიც 1940 წლამდე რუმინეთის მიერ იყო ოკუპირებული) და ვის ეკუთვნის მიწები დნესტრის გასწვრივ (რომელიც1940 წლამდე უკრაინის შემადგენლობაში იყო)? თუ ენის სახელწოდების შეცვლა უნდათ, მაშინ დაემორჩილონ ისტორიულ ლოგიკას და რუმინულს მოლდოვური უწოდონ და არა - პირიქით“, - წერს ის.
ზახაროვას თქმით, მოლდოვური ენა, პარადოქსულად, ოფიციალურად მხოლოდ დნესტრისპირეთშია შემონახული. "ჩვენი სუვერენული უფლებაა გადავწყვიტოთ რა ვუწოდოთ ენას, რომელზეც ვსაუბრობთ და არ გვჭირდება ისტორიის გაკვეთილები. მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა", - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუმინული და მოლდოვური ერთი და იგივე ენაა თუ სხვადასხვა?
ბევრი თანამედროვე ენათმეცნიერი თვლის, რომ "რუმინული" და "მოლდოვური" არის ერთი და იგივე ენის სხვადასხვა სახელები (ლინგვიონიმები).მოლდოვური ენა უფრო ძველია და ის რუმინული ენის საფუძველი გახდა. მისმა ლიტერატურულმა ვერსიამ ჩამოყალიბება დაიწყო მე-16-მე-17 საუკუნეებში და საბოლოო ფორმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის მიიღო. რუმინეთის სახელმწიფოს შექმნის პროცესი კი 1859 წელს, ოსმალეთის იმპერიის ვასალურ მიწებზე ორი სამთავროს - მოლდოვისა და ვლახეთის გაერთიანების შედეგად დაიწყო.
ბუქარესტის მშვიდობის შეთანხმების შედეგად, ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა მოლდოვის სამთავროს ბესარაბიის ნაწილი რუსეთის იმპერიისთვის დაეთმო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბესარაბია მცირე ხნით დარჩა მოლდოვის დამოუკიდებელ რესპუბლიკად და 1918 წელს რუმინეთის ნაწილი გახდა. 1940 წლის 28 ივნისს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შედეგად, რუმინეთი იძულებული გახდა, დაეთმო ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა სსრკ-სთვის, რის შემდეგაც მოლდოვა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მოლდოვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა.





