Microsoft-ი Call of Duty-ის, Diablo-სა და World of Warcraft-ს ყიდულობს. Xbox-ის ყიდვის დროა? და რა ელის PlayStation-ს?

ფოტო: Facebook
კორპორაცია Microsoft-მა Activision Blizzard-ის ყიდვის შესახებ განაცხადა. ეს არის მსოფლიოში ვიდეოთამაშების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც Call of Duty-ის, Warcraft-ის, Diablo-ს, StarCraft-სა და Overwatch-ის პოპულარულ ფრანშიზებს უშვებს. აღნიშნული გარიგება თამაშების ინდუსტრიაში რეკორდულია და 68,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეცვლის თუ არა ეს სიახლე ვიდეოთამაშების ბაზარს და დაეხმარება თუ არა ის Xbox-ს დაამარცხოს Sony Playstation-ი?
რა ხდება?
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვიდეოთამაშების კომპანია Activision Blizzard-ი სერიოზულ კრიზისს განიცდიდა. კომპანიის აქციების ფასი გამუდმებით ეცემოდა: თუ ივლისში ის საშუალოდ 90 დოლარს შეადგენდა, იანვრის შუა რიცხვებში 65 დოლარამდე შემცირდა. ეს ყველაფერი სკანდალის გამო მოხდა. 2021 წლის ზაფხულში, კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ (სადაც ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს) კომპანიაში არსებული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ სარჩელი შეიტანა. Activision Blizzard-ის მენეჯმენტმა ბრალდებები უარყო და ეს თემები მიჩქმალა. WSJ-ის სტატიიდან გაირკვა, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობი კოტიკმა შევიწროების შესახებ იცოდა, მაგრამ ბრალდებულებს ხელს აფარებდა და დირექტორთა საბჭოსთვის აღნიშნული პრობლემის შესახებ არაფერი უთქვამს.
ამ ყველაფერმა გამოიწვია როგორც უშუალოდ თანამშრომლების, ისე ვიდეოთამაშების მომხმარებელთა პროტესტი. სკანდალის ფონზე რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა შტატი დატოვა, მათ შორის იყო Blizzard-ის განყოფილების პრეზიდენტი ჯეი ალენ ბრეკი. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Activision Blizzard-მა შევიწროებისა და არასათანადო მოქცევის გამო საერთო ჯამში 37 ადამიანი გაათავისუფლა, რამდენიმე ათეულ თანამშრომელს კი „დისციპლინური პასუხისმგებლობა“ (კონკრეტულად რომელი, მითითებული არ არის) დაეკისრა. World of Warcraft-ის გუნდს სერიოზული განახლების შესახებ ჯერ არ განუცხადებია. ამავდროულად, მწარმოებლის ორი ყველაზე პოპულარული თამაშის (Overwatch 2 და Diablo 4) გამოშვება, რომელიც 2021 წელს იყო დაგეგმილი, სულ ცოტა, 2023 წლამდე გადაიდო.
ბოლო დროს კომპანიას საკმარისი პრობლემები და სკანდალები სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ეს იყო Warcraft Reforged-ის წარუმატებელი გაშვება, მხარდაჭერის ნაკლებობა, ხარვეზები განახლებულ ვერსიებში და შეცდომები უშუალოდ თამაშებში. თუმცა Microsoft-თან გარიგების დაანონსებისთანავე, Activision Blizzard-ის აქციები 35%-ით გაიზარდა, რაც ერთ ერთეულზე 88 დოლარამდე გაზრდაში აისახა. Activision Blizzard-ისთვის აღნიშნული თანამშრომლობა გაჭიანურებული კრიზისიდან გამოსასვლელად ეფექტიანი გზა აღმოჩნდა. მაგრამ საინტერესოა, რატომ ხარჯავს ფულს Microsoft-ი?
თაობათა ომი
2000 წელს Microsoft-მა შექმნა თამაშების განყოფილება, დაიწყო საკუთარი კონსოლების წარმოება და თავის მთავარ კონკურენტ Sony-სთან ორთაბრძოლაშიც ჩაება. პირველმა Xbox-მა PlayStation 2-ს ღირსეული კონკურენცია ვერ გაუწია, მაგრამ შემდეგი თაობისთვის Microsoft-ი უკეთ მოემზადა. Xbox 360 უფრო იაფი იყო, ვიდრე - PS3 და მისი ანონსის რელიზი კონკურენტზე თითქმის ერთი წლით ადრე გავრცელდა. მომდევნო რაუნდი, რომელიც PlayStation 4-სა და Xbox One-ზე გადასვლას გულისხმობდა, აშკარად Sony-მ მოიგო. გაყიდვების დასაწყისისთვის იაპონური ბოქსები უფრო პროდუქტიული და იაფი აღმოჩნდა (399 დოლარი 499-ის საპირისპიროდ).
Game Pass-ი
2017 წლიდან Microsoft-ის თამაშების განყოფილება ავითარებს Xbox Game Pass სერვისს, რომელიც ცალკეული ერთეულების შეძენის გარეშე სხვადასხვა თამაშით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. თავიდან გამოწერის ეს ვერსია უზრუნველყოფდა წვდომას არც ისე ახალი თამაშების მცირე რაოდენობაზე და ისიც მხოლოდ Xbox-ზე. თუმცა მომდევნო წელს Microsoft-ი უფრო შორს წავიდა, არჩევანი გაამრავალფეროვნა და ახალ თამაშებზე წვდომა მათი გამოშვებისთანავე დაუშვა. ამის შემდეგ პერსონალური კომპიუტერით მოთამაშეებისთვის ცალკე ტარიფი გამოჩნდა, ამან კი აღნიშნული მომსახურების აუდიტორია გააფართოვა.
კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თამაშის რამდენიმე მწარმოებლის ერთდროულად შეძენა. Activision Blizzard-თან გარიგებამდე, Microsoft-ის ყველაზე დიდ ინვესტიციად ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში თამაშების მწარმოებლის, Bethesda-ს შეძენა ითვლებოდა. ეს უკანასკნელი ცნობილია Elder Scrolls-ისა და Fallout-ის თამაშების სერიებით. დღეის მდგომარეობით კორპორაცია ასევე აკონტროლებს id Software-ის (Doom, Quake), Arkane-ს (Dishonored, Prey, Deathloop), MachineGames-ისა (Wolfenstein) და Tango Gameworks-ის (The Evil Within, Ghostwire Tokyo) სტუდიებს.
Game Pass-ის განვითარებით Microsoft-ი არა მხოლოდ ყიდულობს სტუდიებს, არამედ ინვესტიციას დებს მესამე მხარის პროექტებშიც. მაგალითად, გამოშვებიდან პირველივე დღეს, გამოწერის საშუალებით შეგიძლიათ უკრაინული სტუდია GSC S.T.A.L.K.E.R-ის დიდი ხნის ნანატრი პროექტით თამაში. ფაქტობრივად, Microsoft-ი ვიდეოთამაშების სამყაროში ახალი Netflix-ი ხდება. Microsoft-სა და Activision Blizzard-ს შორის გარიგების გამოცხადების დღეს ცნობილი გახდა, რომ Game Pass-ის აუდიტორია 25 მილიონ აბონენტამდე გაიზარდა.
Game Pass-ში აუცილებლად გამოჩნდება Activision Blizzard-ის თამაშები. ცალკე საკითხია, დაზარალდებიან თუ არა Sony-ის კონსოლების მფლობელები. დღეს Call of Duty-ის სხვადასხვა ნაწილის აუდიტორია ძირითადად PlayStation-ის მფლობელებისგან შედგება. სერიის ახალ- ახალი ვერსიები PlayStation-ის წლის ყველაზე პოპულარული თამაშების ათეულში რეგულარულად ხვდება. 2020 წელს კი Call of Duty-ის Black Ops Cold War-მა პირველი ადგილი დაიკავა და წლის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული თამაში გახდა.
კითხვაზე, გახდება თუ არა სამომავლოდ ფრანშიზა Xbox-ის ექსკლუზივი, Microsoft-ი ჯერჯერობით პირდაპირ პასუხს თავს არიდებს: „დღეს Activision Blizzard-ის თამაშები სხვადასხვა პლატფორმაზე არსებობს და ჩვენ ვგეგმავთ ამის მხარდაჭერას მომავალშიც“. თუმცა Bloomberg-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ კომპანიის ზოგიერთი პროდუქტი მაინც შეიძლება ექსკლუზიური გახდეს. ეს უკვე მოხდა Starfield-ის თამაშის სამომავლო ვერსიაში, რომელსაც ამუშავებს Bethesda. ეს უკანასკნელი კი Microsoft-ის ნაწილია. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ფოკუსირებას ქროს-პლატფორმაზე, რაც გულისხმობს მათი თამაშების სინქრონიზაციის შესაძლებლობას როგორც კონსოლზე, ასევე პერსონალურ კომპიუტერზე, ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს მრავალი მოთამაშისთვის კონსოლის არჩევისას.
მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ამჟამინდელი ვერსიების გაყიდვის მიმართულებით Sony ლიდერად რჩება (2021 წლის ბოლოს კომპანიამ გაყიდა ხუთი მილიონით მეტი SonyPlaystation 5, ვიდრე- Microsoft-მა Xbox Series), ახალ თაობაზე გადასვლას რომ მასობრივი ვუწოდოთ, მაინც რთულია. პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული ჩიპების დეფიციტის გამო, მომხმარებლებს ელექტრონიკის მიწოდების პრობლემა მთელ მსოფლიოში შეექმნათ. ორივე კონსოლი ერთი წლის წინ გამოვიდა, მაგრამ მათი ყიდვა მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ისე ადვილი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარვეზი მაინც შეიძლება შეივსოს, თუ Microsoft-ი პოტენციური მყიდველების ინტერესს აღმოაჩენს და გაითვალისწინებს.
Activision Blizzard-თან შეთანხმებამ კორპორაციის პოზიცია მობილური თამაშების ბაზარზეც უნდა გააძლიეროს. Microsoft-ის მიერ შეძენილ აქტივებს შორის არის ძლიერი მობილური განყოფილება, რომელიც Candy Crush-ისა და Diablo Immortal-ის სამომავლო ვერსიების გამოშვებაზე მუშაობს.
თუმცა თუ გარიგება ჩაიშლება, Microsoft-ი Activision Blizzard-ს 3 მილიარდ დოლარს გადაუხდის. მაგრამ ჯერჯერობით მხარეები დადებითად არიან განწყობილი. Activision Blizzard-ში დარწმუნებული არიან, რომ კომპანიის გაყიდვა საშუალებას მისცემს მათ ჩაერთონ იმ პროექტებში, რომელთათვისაც ადრე რესურსი არ ჰყოფნიდათ. Microsoft-ში მიესალმებიან Blizzard-ის თამაშების მომხმარებლებს ოფიციალურ Twitch-არხზე. ამ ყველაფრის პარალელურად კი Sony-ის აქციები უკვე 10%-ით დაეცა. როგორც ჩანს, ბაზარზე ძალთა ბალანსი მალე შეიცვლება.





