მეცნიერებმა ადამიანებში კიდევ ერთი კორონავირუსი აღმოაჩინეს. რამდენად საგანგაშოა ეს ამბავი?

ფოტო: shutterstock.com
2021 წლის ოქტომბრის ბოლოს სამეცნიერო ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ინფიცირებულ ადამიანში აღმოჩენილ ახალ კორონავირუსს აღწერს. მას მკვლევრებმა HuCCoV_Z19Haiti უწოდეს.
რამდენად საშიშია ის?
როგორც ჩანს, არც ისე. უკვე ცნობილი სიმპტომებიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ტემპერატურის მცირე მატებასა და ზოგად სისუსტეს იწვევს.
კორონავირუსის აღნიშნული სახეობა დაუდგინდა სამედიცინო მუშაკს, რომელიც აშშ-ში ჰაიტიდან დაბრუნდა. თუმცა ის ერთადერთი იყო, რომელსაც ოცკაციანი ჯგუფიდან HuCCoV_Z19Haiti გამოუვლინდა. შესაბამისად, მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ პაციენტის საერთო სისუსტის მიზეზი სწორედ ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი იყო.
რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ სტატია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მასში 2017 წლის მოვლენები არის აღწერილი. მას შემდეგ არ გამოვლენილა არანაირი ნიშანი, რომ ეს ახალი კორონავირუსი პანდემიას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, ინფიცირების სხვა შემთხვევები ცნობილი არ არის.
მაშასადამე, კორონავირუსი შეიძლება არც ისე საშიშია?
საკმაოდ. უპირველეს ყოვლისა, ყველა კორონავირუსი არ ვრცელდება ადამიანებში აქტიურად. 2017 წელს აღმოჩენილი ვირუსი ძალიან ჰგავს სხვას - CCoV-HuPn-2018-ს, რომელიც მომდევნო წელს მალაიზიაში პნევმონიით დაავადებულ რვა პაციენტში დაფიქსირდა. თუმცა მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გვსმენია. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში მეცნიერები ჯერ კიდევ არ გამორიცხავენ, რომ კვლევის მონაწილეები კორონავირუსის მხოლოდ მატარებლები იყვნენ და ინფიცირება სხვა რამით იყო გამოწვეული.
ჰაიტიზე მცხოვრებ კიდევ სამ ბავშვს კი 2014-2015 წლებში სხვა კორონავირუსის დიაგნოზი პირველად დაუსვეს. მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, ორს ხველა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა , მესამეს კი კვლევის პროცესში სხვა სიმპტომები არ გამოვლენია. თუმცა მას შემდეგ მსგავსი ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა (შესაბამისი ნაშრომიც მხოლოდ 2021 წელს გამოქვეყნდა). ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსის ეს სახეობები საერთოდ არ არსებობს. თუმცა რომც იყოს ინფიცირების შემთხვევები, ეპიდემიოლოგების ყურადღება ჯერ არ მიუქცევია.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ შვიდი კორონავირუსი, რომლებიც შეიძლება ადამიანებში აქტიურად გავრცელდეს. თუმცა ყველა მათგანი ჩვენთვის რეალურად საშიში არ არის.
რა არის ეს შვიდი "ადამიანური" კორონავირუსი და საიდან მოვიდნენ ისინი?
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველამ დანამდვილებით ვიცით, არის SARS-CoV-2- ამჟამინდელი პანდემიის მიზეზი. ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, როგორ აღმოჩნდა ის ადამიანში. თუმცა სხვა „ადამიანური“ კოროვირუსები, როგორც ეს ხდება ხოლმე ვირუსებისა და ზოგადად, ბაქტერიების შემთხვევაში, ადამიანებს ცხოველებიდან გადაეცათ:
- ოთხი მათგანი მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასა და ზოგჯერ, დიარეას იწვევს. ადამიანებზე მათ გამავრცელებლებად ღამურები, აქლემები, მღრღნელები და ძროხები მიიჩნევიან;
- SARS-CoV-ი იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის მძიმე ფორმას (2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ამ დაავადების აფეთქება იყო, მას მედიაში „ატიპური პნევმონია“ უწოდეს). სავარაუდოდ, SARS-CoV-ის ადამიანებზე გადაცემაში ღამურები მონაწილეობდნენ;
- MERS-CoV-ი ახლოაღმოსავლურ რესპირატორულ სინდრომს იწვევს. როგორც ჩანს, ვირუსის ამ სახეობის ადამიანზე გადაცემა აქლემებისა და ღამურების მეშვეობით მოხდა.
თუმცა იმ კორონავირუსების შემთხვევაში, რომლებიც ჰაიტიდან დაბრუნებულ მედიკოსსა და მალაიზიაში თუ ჰაიტიზე მყოფ ბავშვებს აღმოაჩნდათ, სავარაუდოდ, გადაცემის წყარო ნაკლებად ეგზოტიკური ცხოველები იყვნენ: ძაღლები, კატები და ღორები.
ეს იმას ნიშნავს, რომ შინაური ცხოველებიც საშიშია?
მხოლოდ თეორიულად. მედიცინის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ჰაიტიდან დაბრუნდნენ და დანარჩენი ორი კვლევის მონაწილეები, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, ყოველგვარი გართულების გარეშე გამოჯანმრთელდნენ. ასეთი სახეობათაშორისი ნახტომები, როგორც წესი, არც სერიოზულ შედეგებს და არც პანდემიებს იწვევს. უფრო მეტიც, ყოველთვის არ შეიძლება მტკიცებითი ფორმით იმის განცხადება, რომ დაავადება სწორედ გამოვლენილი კორონავირუსით არის გამოწვეული. ასევე უცნობია, გადაეცემა თუ არა ეს ვირუსები ადამიანიდან ადამიანს.
თუმცა თუ ცხოველს აქვს ინფექციური დაავადების რაიმე სიმპტომები (დიარეა, სურდო, ხველა, ცხელება და ა.შ.), გარკვეული სიფრთხილის ზომები ცუდი ნამდვილად არ იქნება. მაგალითად, საჭიროა ცხოველის იზოლირება, ხელების უფრო ხშირად დაბანა, მასზე ზრუნვის პროცესში ნიღბისა და ხელთათმნების გამოყენება. სიმპტომების გამოვლენისთანავე, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს ვეტერინარს.
თუმცა ისევ და ისევ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ადამიანები თავიანთი შინაური ცხოველებისგან კორონავირუსით ძალიან იშვიათად ინფიცირდებიან.
მაშასადამე, არ უნდა დავპანიკდეთ?
დიახ. გამოცემა NPR-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, რადგან ჰაიტიდან დაბრუნებულ ამერიკელ მედიკოსში აღმოჩენილი კორონავირუსი არ ვრცელდება ისე აქტიურად, როგორც SARS-CoV-2, მეცნიერებს აქვთ დრო, რომ ის კარგად შეისწავლონ. მათ უნდა შექმნან დიაგნოსტიკური ტესტები, დაადგინონ, რომელი მედიკამენტია ამ ვირუსთან მიმართებით ეფექტიანი და დაიწყონ ვაქცინაზე მუშაობა. როგორც ამბობენ, ყოველი შემთხვევისთვის!





