მართალია თუ არა, რომ ცივი წყლით ბანაობა სასარგებლოა? ინსტრუქცია

ბოლო დროს ცივი წყლით ბანაობა ნიშური ჰობიდან პოპულარულ აქტივობად გადაიქცა. ყოველდღიური ცივი წყლის აბაზანების შესახებ ბრედლი კუპერმაც ისაუბრა, ხოლო მადონა კონცერტების შემდეგ ძალების აღდგენას სწორედ ამ მეთოდით ახერხებდა. სანამ ცივი წყლის აბაზანებით დაიტვირთებით, გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ.
პირველ რიგში, დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ეს?
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ცივი წყლის აბაზანებით აპირებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. მიუხედავად იმისა, რომ ცივი წყლის სარგებლიანობის შესახებ ბავშვობიდან გვესმის, ამ თეორიას სამეცნიერო საფუძველი არ აქვს. მხოლოდ ერთმა კარგად შემუშავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცივ შხაპს სისტემატურად იღებენ, სამსახურებრივ ბიულეტენზე იშვიათად გადიან. თუმცა იმ დღეების რაოდენობა, როდესაც ისინი ავად არიან, მაგრამ მაინც შეუძლიათ სამსახურში სიარული, სხვების მაჩვენებლებისგან არ განსხვავდება. ამიტომაც შედეგები არაერთგვაროვანია.
თუ გსურთ, რომ რაიმე ახალი სცადოთ და განწყობა გაიუმჯობესოთ კონტროლირებადი დისკომფორტით, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობით, წარმატების შანსი ნამდვილად არსებობს. საქმე მხოლოდ დისკომფორტის შეგრძნების დამორჩილებას კი არ ეხება, რომ ყველაფერი, რაც არ გკლავთ, გაძლიერებთ. არამედ იმას, რომ თქვენში ცივი შხაპის შემდეგ სიამოვნება ისადგურებს. ექსპერტების თქმით, ასეთი პრაქტიკა ცხოვრების ყველა ეტაპისთვის შესაფერისი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ეს ერთგვარი სუპერსტრუქტურაა, რომელიც ყალიბდება, რაც საკუთარი თავისა და თქვენი სხეულის უკეთ გააზრებას ისწავლით - რა არის თქვენთვის ნამდვილად არასასიამოვნო და რა შეიძლება იყოს სასარგებლო, კონტროლირებადი დისკომფორტი. ექსპერტების თქმით, სანამ ამ განსხვავებას კარგად არ გაიაზრებთ, ალბათ ამ პრაქტიკის შესრულება არც ღირს.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, კვლევებმა არ დაადასტურა, რომ ცივი შხაპი განწყობას აუმჯობესებს. ამ მიმართულებით ერთი მცირე კვლევა ვერ აღმოჩნდა ეფექტური, მაშინ როცა რამდენიმე სხვამ განსხვავებული შედეგი აჩვენა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო ორ კვლევაში შეფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც ცივ წყალში ყვინთავდნენ გარეთა სივრცეში და ზოგიერთ შემთხვევაში, სხვების თანდასწრებით, რამაც შეიძლება განწყობა გააუმჯობესოს.
გაარკვიეთ, ნამდვილად შეგიძლიათ თუ არა ცივ წყალში ბანაობა
ზოგიერთ ადამიანს სიცივე გაცილებით მეტად აწუხებს, ვიდრე - სხვას. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია სხვა ჰობი აირჩიოთ.
ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ:
- წონის დეფიციტი (საკმარისი კანქვეშა ცხიმის გარეშე, სხეული ნაკლებად ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს);
- ანემია (თუმცა ყველას არ აქვს სიცივის აუტანლობა);
- ჰიპოთალამუსის პრობლემები (ჰიპოთალამუსი არეგულირებს ორგანიზმის რეაქციას სიცივეზე ან სიცხეზე და მისი ფუნქცია შეიძლება დაირღვეს, მაგალითად, პარკინსონის დაავადებით);
- რეინოს სინდრომი (მდგომარეობა, რომლის დროსაც სიცივე ან ძლიერი ემოციები სისხლძარღვების სპაზმს იწვევს. ეს ბლოკავს სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ ადგილებში, კერძოდ, თითებში და იწვევს კანის ფერის შეცვლას, ტკივილს, დაბუჟებასა და სხვა დისკომფორტს);
- ჭინჭრის ციება (რეაქცია სიცივეზე, რომელიც იწვევს ქავილს, ოდნავ ამობურცულ ლაქებს და თუ ადამიანი ცივ წყალში ჩავიდა, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციაც კი განვითარდეს).
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა (მაგალითად, გულის კორონარული დაავადება და ჰიპერტენზია), ასევე ასთმიანმა პაციენტებმა და ორსულმა ქალებმა ცივი შხაპის უსაფრთხოება აუცილებლად ექიმთან უნდა განიხილონ. ქრონიკულმა შფოთვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ცივ წყალში ადაპტაცია. ეს ადამიანები განიცდიან სხეულის ხანგრძლივ, მწვავე რეაქციას ჩაძირვაზე (მათ შორის სუნთქვისა და გულისცემის გახშირება, ასევე - არტერიული წნევის მომატება) და 10 ჩაყვინთვის შემდეგაც კი, შეგრძნება შეიძლება ისეთივე მწვავე იყოს, როგორც - პირველი.
თუ მაინც გადაწყვიტეთ ცივი შხაპის მიღება, შემდეგაც სწორად უნდა მოიქცეთ
ცივი შხაპის მიღების შემდეგ თქვენი სისხლის მიმოქცევა ნელ-ნელა ნორმას უბრუნდება. სისხლი შინაგანი ორგანოებიდან კანსა და კიდურებში ბრუნდება და გრილდება. შედეგად, 10 წუთის შემდეგ, თავს კიდევ უფრო ცივად გრძნობთ, ვიდრე - შხაპის ან ცივ წყალში ცურვის დროს. ამ ეფექტს „აფთერდროპი“ ეწოდება. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული წყლიდან გამოსვლისთანავე ხელებისა და ფეხების გახურება ან თბილი წყლის დასხმა. ეს მხოლოდ გააძლიერებს „აფთერდროპის“ შეგრძნებას და სისხლძარღვები გაფართოვდება. ამასთანავე, შეიძლება განვითარდეს გულისრევა და გონების დაკარგვა, ამიტომაც სწრაფად უნდა იმოქმედოთ.
პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მშრალი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ. თუ გარეთა სივრცეში არსებულ ცივ წყალში იცურავეთ, დადექით წინასწარ მომზადებულ ადგილზე, გაიხადეთ სველი ტანსაცმელი, გაიმშრალეთ, ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი და მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა. შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან თბილი წყალი. როგორც წესი, გონზე მოსასვლელად ნახევარი საათი გჭირდებათ.
იყავით თანმიმდევრული
ახალი ჰობის ჩვევად ქცევის საუკეთესო გზა მისი რუტინად გადაქცევაა. აირჩიეთ ცურვის ან ცივი შხაპის მიღების კონკრეტული დღეები და დრო, ამასთანავე - დაიცავით გრაფიკი. თქვენი შედეგების და თუნდაც მცირე წარმატების თვალყურის დევნებისთვის, აწარმოეთ დღიური და ჩაიწერეთ წყლის ტემპერატურა, ჩაყვინთვის დრო და თქვენი შეგრძნებები. ნუ დააწესებთ ძალიან მაღალ სტანდარტებს. დაიწყეთ წყალში ყოფნის მცირე პერიოდით და ქრონომეტრაჟი თანდათან გაზარდეთ. რაც მთავარია, რეგულარულად ივარჯიშეთ: შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია თავიდან დაწყება და თქვენმა ორგანიზმმა ხელახლა უნდა ისწავლოს სიცივეზე რეაგირება.





