მართალია თუ არა, რომ პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნივთიერება იპოვეს?

ფოტო: shutterstock.com
კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჯეინ გრივსის ხელმძღვანელობით ჟურნალ Nature- ში პლანეტა ვენერას გაზის გარსზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. იქამდე კი, 2017 წელს ასტრონომები ჯეიმს კლარკ მაქსველის სახმელეთო ტელესკოპის გამოყენებით პლანეტის ატმოსფეროში ეძებდნენ ინერტულ გაზებსა და მოლეკულებს, რომლებიც შეიძლება ბიოლოგიური წარმოშობის ყოფილიყო. მკვლევრებმა სხვა ნაერთებთან ერთად ფოსფინის კვალი იპოვეს. ეს არის ნივთიერება, რომელიც მხოლოდ ფოსფორისა და წყალბადისგან შედგება - PH₃ . ფოსფინი არის ერთ-ერთი პოტენციური ბიომარკერი, რომელიც შეიძლება ვენერაზე სიცოცხლის არსებობის მიმანიშნებელი იყოს.
ორი წლის შემდეგ მკვლევრებმა ვენერას ატმოსფეროს შესწავლა სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტით განაგრძეს. ეს არის ALMA-ს რადიოტელესკოპის კომპლექსი. ასტრონომებმა ფოსფინის კვალს ისევ მიაგნეს და ამჯერად ატმოსფეროში მისი განაწილება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ნივთიერება ძირითადად ეკვატორის რაიონში, პლანეტის ზედაპირიდან 53–61 კილომეტრის სიმაღლეზე გვხვდება.
სიგნალის სიძლიერეზე დაყრდნობით, მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის შემცველობა მილიარდზე დაახლოებით 20-ს შეადგენს. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს მაჩვენებელი უმნიშვნელო იყოს, თუმცა სინამდვილეში პირიქით არის. ფაქტია, რომ ვენერას ატმოსფეროს მკაცრ, ულტრამჟავე პირობებში, ამ მოლეკულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 16 წუთს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოსფინის აღნიშნულ მაჩვენებელს მუდმივი და საკმაოდ ძლიერი წყაროები სჭირდება.
და მაინც, არ ღირს იმის ნაჩქარევად დასკვნა, რომ ვენერაზე უცხოპლანეტელების სიცოცხლის კვალი ნაპოვნია.
უფრო დეტალურად, რა არის ფოსფინი?
დამპალი თევზის სუნის მქონე ამ შხამიან გაზს პირველ მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღად იყენებდნენ. დღეს კი ფოსფინი სოფლის მეურნეობაში მავნებლებისგან დასაცავად და ნახევარგამტარული მასალების შესაქმნელად იხმარება. მისი წარმოება ინდუსტრიულად თეთრი ფოსფორისა და ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდის რეაქციით მიიღება, ლაბორატორიებში კი ის ფოსფორის მჟავისგან მზადდება.
თუმცა ასტრობიოლოგებისთვის ნივთიერების სინთეზის სრულიად განსხვავებული გზაა საინტერესო. ცნობილია, რომ ფოსფინს ზოგიერთი ტიპის ანაერობული (მუდმივად ჟანგბადის გარეშე მყოფი) ბაქტერიაც აწარმოებს. ასეთი მიკროორგანიზმები მჟავე გარემოში ბინადრობენ. მაგალითად ასეთია ზოგიერთი მდინარე ან ჭაობიანი ნიადაგი. ფოსფინი ასევე გვხვდება ფრინველის გუანოსა (გამომშრალი სკორე) და ცხოველების ნაწლავის ტრაქტებში.
უფრო ადრე ფოსფინი მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც დააფიქსირეს. კერძოდ, ეს ეხება სატურნის გაზოვან ღრუბელსა და იუპიტერის ტურბულენტურ ატმოსფეროს. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ასტრობიოლოგებმა (ბევრი მათგანი ახალი სტატიის ავტორთა ჯგუფში მოხვდა) დაადგინეს, ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობის გარეშე ფოსფინის წარმოება დიდ ენერგიას მოითხოვს. გაზის გიგანტებზე ის ატმოსფეროს ღრმა შრეებში მაღალი ტემპერატურისა და წნევის დროს წარმოიქმნება, მაღლა კი კონვექციური პროცესების გავლენით ადის.
კლდოვანი პლანეტების მყარი ზედაპირი ( მათ შორის, დედამიწა და ვენერა) ფოსფინისთვის ბუნებრივ ბარიერად იქცევა. ჟანგბადი, რომელიც ატმოსფეროსა და ზედაპირულ ქანებშიც არის, ამ გაზს სწრაფად ანადგურებს. ამიტომაც ჩვენს პლანეტაზე დღეს ფოსფინის არსებობა მხოლოდ ადამიანის საქმიანობასა და მიკროორგანიზმებთან არის დაკავშირებული. სტატიის ავტორები თვლიან, რომ ეს პრინციპი სხვა კლდოვან პლანეტებზეც ვრცელდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ვენერაზე სიცოცხლე არსებობს?
ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვენერაზე ფოსფინის წარმოების შესაძლო არაბიოლოგიური მექანიზმები მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამიტომაც ბაქტერიები სავსებით გონივრული ახსნაა. ფოსფინის სხვა შესაძლო ბუნებრივი წყაროები - ფოსფორის შემცველი მძიმე მინერალები - იმ სიმაღლეზე აღწევას, სადაც აღნიშნული გაზი აღმოაჩინეს, დიდი ალბათობით ვერ შეძლებდნენ. დედამიწაზე ფოსფინი ვულკანების საშუალებითაც წარმოიქმნება, მაგრამ ასეთი სინთეზის მოცულობა ძალიან მცირეა. ვენერაზე ფოსფინი მხოლოდ ამ მიზეზით რომ წარმოიქმნებოდეს, მისი ვულკანური აქტივობა დედამიწისას დაახლოებით 200-ჯერ უნდა აღემატებოდეს.
მეორე მხრივ, ასტრონომები ძალიან ფრთხილობენ იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ფოსფინის აღმოჩენა ვენერას ატმოსფეროში ცოცხალი ორგანიზმების გარდაუვალ არსებობაზე მიუთითებს. პირველ რიგში, ბრიტანულ-ამერიკული ჯგუფის დაკვირვებები სხვა მკვლევრებმა უნდა გაიმეორონ და დაადასტურონ. გარდა ამისა, მთელი რიგი დამატებითი დაკვირვება და მოდელირებაა საჭირო. მაგალითად, შესაძლებელია გაზი დაგროვდეს ვენერას ატმოსფეროს შუა ფენებში, სადაც ღრუბლები მას მზის მავნე ზემოქმედებისგან მალავენ (რამდენად ღრმად არსებობს ფოსფინი ატმოსფეროში, ამის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია). გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, რომ ფოსფინის წარმოქმნაში მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ სრულიად "ბუნებრივი“ პროცესები მონაწილეობდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფოსფინი არ არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც მეცნიერები ბიომარკერად მიიჩნევენ. გაცილებით უკეთ შესწავლილი და ცნობილია ჟანგბადი, ოზონი, წყალი, მეთანი და ნახშირორჟანგი. ამ ნივთიერებების აღმოჩენა მასითა და რადიუსით დედამისის მსგავსი პლანეტის ატმოსფეროში, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების არსებობის სასარგებლოდ შეიძლება ძლიერი არგუმენტი იყოს. თუმცა თითოეული ამ ბიომარკერის ინდივიდუალურად არსებობას, შესაძლოა, სრულიად მარტივი, აბიოტიკური მიზეზი ჰქონდეს. შესაბამისად, მისი გამოვლენა უცხო ცივილიზაციის აღმოჩენის გარანტიას არ იძლევა. ფოსფინის შემთხვევაშიც იგივე ითქმის: იმისათვის, რომ ამა თუ იმ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობაზე მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ, საჭიროა ბიომარკერების მთელი ნაკრები, რომელიც პროგნოზირებად და ურთიერთავსებად "ანსამბლს" ქმნის.
თუმცა თეორიულად ვენერაზე სიცოცხლის არსებობა დასაშვებია. შესაძლებელია თუ არა ამის შემოწმება?
ზომისა და მასის მსგავსების გამო, ვენერას ხშირად ჩვენი პლანეტის ტყუპ დას უწოდებენ. თუმცა მასზე არსებული პირობები დედამიწისგან რადიკალურად განსხვავდება. ვენერას აქვს მკვრივი ატმოსფერო, რომელიც ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. მისი საშუალო ტემპერატურა 462 გრადუს ცელსიუსს აღწევს. შესაბამისად, ვენერა მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა. ის ამ პარამეტრით მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე მერკურსაც კი უსწრებს. გარდა ამისა, ვენერა გოგირდის ღრუბლების მკვრივი ფენით არის დაფარული, ხოლო მის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა დედამიწისას თითქმის 90-ჯერ აღემატება. "მართალია, ვენერას ზედაპირზე არსებული პირობები ამ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ჰიპოთეზას არარეალურს ხდის, თუმცა მისი ღრუბლები სულ სხვა ამბავია", - წერდნენ კარლ საგანი და ჰეროლდ მოროვიცი ჟურნალ Nature- ში 1967 წელს.
ასტრობიოლოგიური თვალსაზრისით, ვენერას ღრუბლები ნამდვილად საკმაოდ საინტერესოა. გოგირდმჟავას გარდა, ის (თუმცა უკიდურესად მცირე რაოდენობით) სიცოცხლის ფორმების ჩვენთვის კარგად ცნობილ მთავარ ინგრედიენტებს: წყალსა და ორგანულ ნაერთებსაც შეიცავს. ამ ნივთიერებებს მზის შუქი ხვდება და ღრუბლის შუა ფენებში წნევა და ტემპერატურა დედამიწისგან ისე ძალიან აღარ განსხვავდება, როგორც ზედაპირზე. ჰიპოთეტურად, ასეთ პირობებში შეიძლება არსებობდნენ დედამიწის ექსტრემოფილები - ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, რომელთაც გამრავლება ძალიან მაღალ ტემპერატურასა და წნევაზეც შეუძლიათ. დედამიწაზე ექსტრემოფილები გვხვდება ოკეანის ფსკერზე გეოთერმული წყაროების მახლობლად, არქტიკულ უდაბნოებსა და მჟავე წყლებში, როგორიცაა რიო ტინტო ესპანეთში.
მომავალში მეცნიერთა ჯგუფი აპირებს გადაამოწმოს მიღებული მონაცემები SOFIA- ს სტრატოსფერული ინფრაწითელი ობსერვატორიის გამოყენებით, რომელიც Boeing 747- დან მუშაობს. გარდა ამისა, ახალი მონაცემების დაზუსტებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია კოსმოსში გასაშვებად მომზადებულ ტელესკოპ „ჯეიმს უებს“, ასევე მომავალ მისიებს DAVINCI +-სა და Venera-D-ს, რომელთა გაშვებაც 2029 – დან 2031 წლამდე იგეგმება.





