მართალია თუ არა, რომ ჩინეთი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას?

ფოტო: Twitter
ჩინეთს მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი და მისია აქვს დაკისრებული. თუმცა ამ ბოლო დროს ჩინური ბაზრის ფინანსური რისკების შეუფასებლობაზე საუბარი განსაკუთრებით გახშირდა. "ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი გლობალური ფინანსური სისტემიდან ამოვარდნილი დომინოს პირველი ქვა იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის და ძალიან მოკლე დროში, ჩინეთში არსებული საწარმოებისა და ფინანსური ინსტიტუტების რისკები შევამციროთ", - განაცხადა ეკონომიკურ ჟურნალ Handelsblatt-თან ინტერვიუში ბერლინის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მარსელ ფრაცშერმა. რა გახდა ამ განცხადების მიზეზი, Deutsche Welle-მ გაარკვია.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად იკლებს
მარსელ ფრაცშერი არ არის პირველი ექსპერტი, რომელმაც გერმანელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ჩინეთში სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის მზარდი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. გერმანელების ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად გასაგებია: ჩინეთი გერმანიისთვის რიგით მეორე საექსპორტო ბაზარი და უმსხვილესი იმპორტიორია, რასაც გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) ბოლო მონაცემებიც მოწმობს.
2022 წლის დასაწყისში, იმავე გაზეთ Handelsblatt-ში გამოჩნდა ვრცელი სტატია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ექსპერტის შეფასებებს ეყრდნობოდა. აქ ჩამოთვლილი იყო ჩინეთის ეკონომიკის ხუთი ძირითადი რისკ-ფაქტორი: უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი, კონფლიქტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული გამუდმებული „ლოქდაუნები“, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესში სახელმწიფოს მზარდი ჩარევა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
დომინოს პრინციპის მქონე გლობალური ფინანსური კრიზისის საფრთხე
დაახლოებით იმავე დასკვნამდე მივიდა გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის სააგენტო Germany Trade & Invest-იც (GTAI). 2021 წლის ნოემბერში მან გამოაქვეყნა ჩინეთის ბაზრის ანალიტიკური მიმოხილვა სათაურით - "ბარაქიანი წლები ჩინეთში ჯერჯერობით დასრულდა". თუმცა მარსელ ფრაცშერამდე, გერმანიაში ალბათ არავის უსაუბრია ასე ღიად ჩინეთში მოსალოდნელი მზარდი საფრთხის შესახებ არა მხოლოდ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების, არამედ სრულმასშტაბიანი კრიზისის მიმართულებითაც. უფრო მეტიც, დომინოს პრინციპის შესაბამისად, ზემოთ ხსნებული მოვლენები ჯერ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე აისახება, შემდეგ კი გლობალურ ფინანსურ კრიზისად გადაიქცევა.
დეველოპერ Evergrande-ის კოლაფსი, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია
გასული წლის შემოდგომაზე საერთაშორისო მედია უძრავი ქონების ჩინური გიგანტის-Evergrande-ს ფაქტობრივ კოლაფსს როცა აშუქებდა, მუდმივად ავლებდა პარალელს ამერიკული ბანკის, Lehman Brothers-ის გაკოტრებასთან. სწორედ ეს უკანასკნელი მოვლენა ითვლება 2008- 2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ამოსავალ წერტილად. თუმცა ასეთი შედარება ჟურნალისტებმა მაშინ მხოლოდ მიმდინარე პროცესების საილუსტრაციოდ გამოიყენეს და ეს არ აღიქმებოდა როგორც პროგნოზი.
თუმცა ბერლინის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, მარსელ ფრაცშერის სიტყვები, ფაქტობრივად, პროგნოზს ჰგავს. მეცნიერთა დიდი ჯგუფის ხელმძღვანელი მიუთითებს ფინანსურ და საკრედიტო პრობლემებზე, რომლებიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში დაგროვდა („რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბევრი ფიქრობს“). ის გვაფრთხილებს, რომ მომდევნო ორ წელიწადში ამან შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს, ამოსავალი წერტილი კი ჩინეთი გახდეს.
მარსელ ფრაცშერის თქმით, Evergrande-ს კოლაფსის ისტორია, რომელიც ჩინეთის მთავრობამ და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თავიდან აიცილეს, მხოლოდ აისბერგის წვერია. ათწლეულების განმავლობაში უძრავი ქონების ბუმის გამო, ბევრ მსხვილ დეველოპერსა და მრავალ შინამეურნეობას დიდი ვალი დაუგროვდა. თუმცა დავალიანება არაერთ სახელმწიფო საწარმოს აქვს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი სახელმწიფო კომპანიების გაკოტრება გარდაუვალია
ჯერჯერობით, ჩინეთის ხელისუფლება სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებას კვლავ ახერხებს. ეს ხდება ნაწილობრივ დიდი ფულადი რეზერვების, საბანკო სექტორზე ზეწოლისა და კაპიტალის კონტროლის წყალობით, რაც მის საზღვარგარეთ გადინების შესაძლებლობას ზღუდავს. „მიუხედავად ამისა, ჩინეთში შეიძლება მალე დადგეს ის მომენტი, როდესაც შეუძლებელი იქნება ფინანსური სისტემის ფართომასშტაბიანი პრობლემების შეჩერება და დღის წესრიგში მათი მოგვარების აუცილებლობა დადგება. მაშინ გარდაუვალი გახდება უძრავი ქონების ზოგიერთი მსხვილი კონცერნის, სახელმწიფო ბანკისა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბევრი სხვა კომპანიის გაკოტრება“, - ასეთია მარსელ ფრაცშერის პროგნოზი.
ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები შეიძლება აშშ-სთან მიმდინარე და ევროპასთან მზარდმა სავაჭრო კონფლიქტებმა კიდევ უფრო გაამწვავოს. თუ ისიც დადასტურდება, რომ ”ორივე ჩინური ვაქცინა საერთოდ ვერ ან მხოლოდ მცირე დოზით იცავს ომიკრონისა და ახალი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან, მაშინ ამან შეიძლება გამოიწვიოს (როგორც 2020 წლის გაზაფხულზე) ქარხნებისა და სავაჭრო გზების დროებითი დახურვა“, - წერს ექსპერტი. ამასთანავე, გარდაუვალი შედეგი იქნება გლობალური მიწოდების ჯაჭვის შემდგომი მასობრივი შეფერხებებიც. ყველა ეს პრობლემა, მარსელ ფრაცშერის აზრით, გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. ამიტომაც მან განგაშის ატეხვა გადაწყვიტა.





