მაკრონი ჩინეთში მიემგზავრება. დაარწმუნებს თუ არა ის სი ძინპინს, რომ პუტინს არ დაეხმაროს?

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
ევროპელი ლიდერები სათითაოდ ჩადიან ჩინეთში, რათა შეხვდნენ პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელიც ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ახლახან სტუმრობდა. ევროპელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი დაუახლოვდა რუსეთს, რომელიც ევროპასთან ომშია ჩართული. მეორე მხრივ, მათ აწუხებთ ჩინეთის კონფლიქტი ამერიკასთან, რომლიც ევროკავშირის მთავარი მოკავშირეა.
რა ხდება?
გერმანიის კანცლერისა და ესპანეთის პრემიერმინისტრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოთხშაბათს პეკინში გაემგზავრებიან. ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ სი ძინპინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინს იარაღით ან ფულით არ დაუჭიროს მხარი ან უფრო მეტი, ჩინეთის პრეზიდენტმა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, შეწყვიტოს ომი.
ევროპა კიევს რუსული აგრესიის მოგერიებაში ეხმარება და შესაბამისად, ომის სწრაფად დასრულებით არის დაინტერესებული. თუმცა აქ მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. სწორედ ამის წინააღმდეგია კრემლი, რომლის უკანაც ჩინეთი დგას. ევროპელები ცდილობენ დაარწმუნონ ჩინეთი, რომ ევროპაში, ომისა და მშვიდობის საკითხებში, ევროკავშირი დამოუკიდებელი ძალაა და არა - ჩინეთის მთავარი მეტოქის, შეერთებული შტატების ჩრდილი. თუმცა მთავარი გზავნილია ისიც, რომ ევროპა თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი წითელ ხაზს გადაკვეთს და გადაწყვეტს, პუტინს სამხედრო დახმარება გაუწიოს. სხვა ევროპელმა ლიდერებმა ამ მიმარულებით წარმატებას ვერ მიაღწიეს. საინტერესია, გამოუვათ ეს მაკრონსა და ფონ დერ ლაიენს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.
საერთოდ, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო გეგმის ამოქმედება?
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპაში მიმდინარე ომის მიმართ თავისი მოსაზრება გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 12-პუნქტიან დოკუმენტს ზოგჯერ ჩინურ „მშვიდობის გეგმასაც“ უწოდებენ, მას გეგმამდე ნამდვილად ბევრი უკლია და მხოლოდ ჩინეთის პოზიციას ადასტურებს. "ჩინეთი მშვიდობისმყოფელად გვაჩვენებს თავს, მაგრამ - არა აქტიურ კონტექსტში. სი ძინპინს მოსკოვში არც კი მოუკატუნებია თავი, რომ ამ როლის რეალურობის სჯერა. ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ისე დაიჭიროს თავი, თითქოს მისი სჯერა და ტაქტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მასთან დიალოგს მართავს", - ამბობს ამერიკის მარშალის ფონდის წარმომადგენელი ენდრიუ სმოლი. მისი აზრით, ჩინეთი ვითომ დაინტერესებულია კონფლიქტის მოგვარებით. სინამდვილეში კი, სი ძინპინს იმედი აქვს, მის გეგმაზე დასავლეთი მაშინვე უარს იტყვის და თავს წარმოაჩენს, როგორც ომის წამახალისებელი. ევროპელი ლიდერების ვიზიტები, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს ჩინეთის პრეზიდენტისთვის ამ არგუმენტის ჩამორთმევას.
ამასთანავე, სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას, დისკუსია მაინც ჩიხში შევა, რადგან ევროპელები მხარს უჭერენ კიევის პოზიციას - არავითარი ზავი, რომელიც ფრონტზე დღეისათვის არსებული ვითარების შენარჩუნებასა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს. გასულ კვირას, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი პეკინში სი ძინპინს სწორედ ამის შესახებ ესაუბრა. კითხვას, თუ რა უპასუხა მას ჩინეთის პრეზიდენტმა, სანჩესმა პასუხი არ გასცა. ჯერჯერობით, ერთადერთი, რაშიც ევროპელები სისთან შეთანხმდნენ არის ის, რომ ბირთვული ესკალაცია მიუღებელია. თუმცა ამან პუტინი ვერ შეაჩერა - ის აპირებს, ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს. „ზოგიერთ ევროპელ ლიდერს აქვს ილუზია, რომ პეკინის განცხადებებს რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაზე რაიმე გავლენა აქვს. ამისი არცერთ სერიოზულ სინოლოგს (სინოლოგიის სპეციალისტი, ჩინეთმცოდნე - რედ.) არ სჯერა“,- განაცხადა European Council on Foreign Relations-ის აზიური კვლევების ხელმძღვანელმა, იანკა ორტელმა.
რაში სჭირდება ჩინეთი ევროპას და პირიქით, ევროპა - ჩინეთს?
ჩინეთის მთავარი კონკურენტი აშშ-ია. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო ძალა ერთმანეთს ტაივანის, ვაჭრობის, ადამიანის უფლებებისა და ტექნოლოგიური დომინირების გამო დაუპირისპირდა. ამ ყველაფრის შედეგად კი, მსოფლიო ცივი ომის ზღვარზე დაბრუნდა. ჩინეთი ევროპას ამერიკის ვასალად მიიჩნევს. მასთან დაახლოება კი სის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება - დაასუსტოს მისი მთავარი მტერი - აშშ, დაშალოს დასავლური კოალიცია და შეინარჩუნოს წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებსა თუ მდიდარ მომხმარებლებზე ევროკავშირში, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამეა ეკონომიკის მიმართულებით, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ.
თავის მხრივ, ევროპა ჩინეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას არ ცდილობს, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს. თუმცა ის შიშობს, რომ თუ ჩინეთი პუტინის შეიარაღებას დაიწყებს, აშშ პეკინს სანქციებს დაუწესებს და ევროპასაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს, ამერიკის ჩრდილიდან გამოვიდეს და ჩინეთთან ურთიერთობაში დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ეს არის პეკინში ევროპული ვიზიტების სერიის მთავარი მიზანი, რის შემდეგაც, ივნის-ივლისში, ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი იგეგმება.
თუმცა „დიდი შვიდეულის“ კოლეგებისგან განსხვავებით - როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია და დიდი ბრიტანეთი - ევროკავშირის 27 ქვეყანას ჩინეთის მიმართ მკაფიოდ გამოხატული პოზიცია არ აქვს. ამისი პირველი მცდელობა ჰქონდა ევროკომისიის ხელმძღვანელს პეკინში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. თავის საკვანძო სიტყვაში ფონ დერ ლაიენმა მკაცრი პოზიცია დააფიქსირა: ევროპას სურს ჩინეთთან თანამშრომლობა, მაგრამ პრობლემა იზრდება, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტია ღიაობისა და ინტეგრაციის ნაცვლად, სულ უფრო ჩაკეტილობასა და თვითდამტკიცებაზე გადადის, მათ შორის - ძალის დემონსტრირებით.
ზოგადად, ყველა ევროპელი ლიდერი ამ პოზიციას ეთანხმება. ის კონსენსუსის ფარგლებშია, თუმცა მის ყველაზე რადიკალურ საზღვარზე, - ამბობს ენდრიუ სმოლი მარშალის ფონდიდან. ჩინეთის წინააღმდეგ ასეთ მკვეთრ ქმედებას თავისი სახელით ბევრი ვერ გაბედავს, მაგრამ ერთიანი ფრონტი ევროკავშირის დროშების ქვეშ საკმაოდ ძლიერია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ევროკავშირის ერთიანობა და დამოუკიდებლობა დაიჯეროს, - დასძენს იანკა ორტელი ECFR-დან.
ჩინეთის მიმართ ევროპელების რიტორიკა ევოლუციას განიცდის. თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ იცვლება. ამის კარგი მაგალითია გერმანიის ეკონომიკა, რომლის ჩინეთზე დამოკიდებულება ისევ იზრდება", - ამბობს იანკა ორტელი. "ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას პოლიტიკის ცვლილების ჯერ არ სჯერა. პეკინი ძველებურად მიიჩნევს, რომ ევროპაში არის საკმარისი ქვეყნები, რომელთა გადაბირებაც მოგებიანი ბიზნეს შეთავაზებებით სავსებით შესაძლებელია", - დასძენს ექსპერტი.
რატომ მაკრონი?
საფრანგეთი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. მისი პრეზიდენტი მაკრონი კი საკუთარ თავს ევროპის ლიდერად მიიჩნევს და საერთო შედეგის მისაღწევად საკმაოდ მოქნილადაც მოქმედებს. „მაკრონს სჯერა, რომ მსოფლიო ლიდერებზე ზემოქმედების უნარი აქვს. ის დიალოგის გამართვას პუტინსა და დონალდ ტრამპთანაც ცდილობდა. არასახარბიელო შედეგებს კი მის ენთუზიაზმზე არ უმოქმედია და ამჯერად საკუთარ ძალებს სი ძინპინთან მოსინჯავს“, - ამბობს ECFR-ის წარმომადგენელი იანკა ორტელი.
მაკრონმა საერთო ევროპულ ხაზს რომ არ გადაუხვიოს და სი ძინპინს არ მისცეს შესაძლებლობა, ევროკავშირში ძლივს მიღწეული ერთსულოვნება დაშალოს, მას მეგზურობას ფონ დერ ლაიენი გაუწევს. ”ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პრიორიტეტების მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი და საკმაოდ მწვავე შეფასებით გამოვიდა. მაშინაც კი, თუ მაკრონი ასეთ მკაფიო პოზიციას არ იზიარებს, პეკინში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მისი მანევრირების არეალი ფონ დერ ლაიენის ყოფნით უკვე შეიზღუდება“, - ამბობს ორტელი.
„ფონ დერ ლაიენი შეძლებს დაანახოს სი ძინპინს, რომ ის ვერაფერზე შეთანხმდება მაკრონთან ევროკავშირის ზურგს უკან“, - იმავე მოსაზრებას იზიარებს ენდრიუ სმოლი მარშალის ფონდიდან. „გარდა ამისა, მისი ყოფნა დაამშვიდებს ევროკავშირის იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მაკრონის რევერანსებს პუტინისა და სის მიმართ.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ ევროპელი ლიდერები შეძლებენ დაარწმუნონ სი ძინპინი, შეცვალოს თავისი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. იქამდე მათ უნდა დაარწმუნონ ის, რომ ევროკავშირი მოქმედებს ერთსულოვნად და დამოუკიდებლად და არა - შეერთებული შტატების ჩრდილში. „ეს ვიზიტები გამოხატავს ევროკავშირის სურვილს, რომ პოზიციები იყოს კოორდინირებული. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას მიიჩნევს ევროპა ჩინეთისთის წითელ ხაზად რუსეთის მხარდასაჭერის კონტექსტში და რა შედეგები მოჰყვება, თუ ჩინეთი ამ ზღვარს გადალახავს“, - ამბობს ECFR-ის წარმომადგენელი იანკა ორტელი. მისი თქმით, მაკრონისა და ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წარმატება გარანტირებული არ არის. „უარეს შემთხვევაში, ჩინეთი ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტის საფრთხეს კი არ დაინახავს, არამედ შანსს, გამოიყენოს რუსეთთან ურთიერთობა, როგორც ევროკავშირზე ზეწოლის ბერკეტი“, - დასძენს ექსპერტი.





