„ხანგრძლივი კოვიდი“- რა ვიცით ორწლიანი პანდემიის ფონზე ამ მდგომარეობის შესახებ?

ფოტო: shutterstock.com
პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც, მეცნიერები ჯერ კიდევ არკვევენ რა იწვევს ე.წ. ლონგ კოვიდს ანუ ხანგრძლივ კოვიდს, რატომ შეიძლება ის ამა თუ იმ ადამიანს დაემართოს და სხვას - არა, რა უნდა გააკეთოს კაცობრიობამ ამ დაავადების წინააღმდეგ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.
რა ხდება?
ბოლო დრომდე, COVID-19-ის გახანგრძლივებული სიმპტომების მქონე ადამიანები აცხადებდნენ, რომ ექიმები მათ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თუმცა ახლა, პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პრობლემისადმი დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა.
დღეისათვის ჩვენ სულ უფრო მეტი გვესმის იმ მდგომარეობის შესახებ, რომელსაც გაჭიანურებული ან გახანგრძლივებული კოვიდი ეწოდება. ისიც ვიცით, რომ აღნიშნული პრობლემით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება. მართალია, უკვე გვაქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იწვევს ე.წ. ხანგრძლივ კოვიდს, მაგრამ კვლევა გრძელდება. და მაინც, ჩვენ არ ვიცით რა შედეგები მოჰყვება რამდენიმე წლის შემდეგ Covid-19-ის გაჭიანურებულ სიმპტომებს.
რა არის "ხანგრძლივი კოვიდი"?
როდესაც ადამიანს Covid-19-ის გახანგრძლივებული ფორმა აქვს, SARS-CoV-2-ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ორგანიზმიდან ინფექციის გასვლის შემდეგაც კი არ წყდება. სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლილობა და გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება შეიძლება დაავადებიდან რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ამან კი, შესაძლოა, ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნება რეალურ გამოწვევად აქციოს.
ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ პაციენტთა 14-30%-ს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, გამოჯანმრთელებიდან 90 დღის განმავლობაში ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი, სულ ცოტა, ერთი სიმპტომი მაინც რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კოვიდგადატანილი 400 მილიონზე მეტი ადამიანიდან 55-დან 120 მილიონამდე პირს ჰქონდა ან აქვს „ხანგრძლივი კოვიდი“.
ამ დროისთვის ადამიანისა თუ ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობაზე მისი გრძელვადიანი გავლენის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამ თემაზე სანდო ინფორმაციის მიღებას ნამდვილად წლები სჭირდება. დღემდე მკვლევრებმა მთელი რიგი რისკ-ფაქტორი გამოავლინეს და ეს მიზეზები ყველასთვის ერთნაირი არ არის. ამასთანავე, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს „ხანგრძლივი კოვიდი“, ზოგს კი - არა.
მართალია თუ არა, რომ „ხანგრძლივი კოვიდი“ უფრო ადვილია, როდესაც ადამიანი „ომიკრონით“არის ინფიცირებული?
დღეისათვის SARS-CoV-2-ის შტამებს შორის „ომიკრონი" დომინანტობს. ასევე ბევრი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას იწვევს. ამავდროულად, „ომიკრონი“ ერთ-ერთი ყველაზე გადამდები შტამია და არსებობს შიში, რომ აღნიშნული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილმა რაოდენობამ შეიძლება „ხანგრძლივი კოვიდის“ რადიკალური მატება გამოიწვიოს.
ზოგადად, ე.წ. ლონგ კოვიდის განვითარების ალბათობა დაავადების მძიმე ფორმის შემდეგ უფრო მაღალია. თუმცა, როგორც ჩანს, „ხანგრძლივი კოვიდი“ შეიძლება დაფიქსირდეს იმისგან დამოუკიდებლადაც, თუ რამდენად მსუბუქად გადაიტანეთ ინფექცია.
რა იწვევს ე.წ. ხანგრძლივ კოვიდს?
ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი განისაზღვრება, როგორც ჰეტეროგენული სინდრომი. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით ან მათი კომბინაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს „გაჭიანურებული კოვიდის“ ერთზე მეტი სახეობა. „არსებობს, სულ მცირე, ორი განსხვავებული ტიპი. პირველი გვხვდება კოვიდგადატანილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც იმდენად მძიმე იყო, რომ მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. მეორე ტიპი შეიძლება შეგვხვდეს დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმის მქონე პაციენტებში“, - განმარტავს გერმანიის ტვინის კვლევის ინსტიტუტის (DZNE) მეცნიერი იოაჰიმ შულცე. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის უფრო მძიმე ფორმა გამოწვეულია იმით, რომ ინფექციამ ერთდროულად რამდენიმე ორგანო დააზიანა.
„ხანგრძლივი კოვიდის“ დიაგნოსტიკისთვის რომელი მეთოდია უკეთესი?
ექიმებმა ჯერ კიდევ უნდა გაარკვიონ, რამდენ ხანს მოქმედებს კორონავირუსული ინფექცია ადამიანის ორგანიზმზე, რათა თავად ვირუსის „მექანიზმში“ გაერკვნენ. ამ მიმართულებით მკვლევრებს გარკვეული პროგრესი უკვე აქვთ.
მაგალითად, გერმანიაში ოფთალმოლოგებმა „ხანგრძლივი კოვიდის“ მქონე პაციენტების თვალის კაპილარები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ როგორც ჩანს, ე.წ. ლონგ კოვიდი გავლენას ახდენს გარკვეული სისხლძარღვების ფორმაზე, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის უნარზე იმოქმედოს. 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულმა კვლევამ ოთხი ძირითადი რისკ-ფაქტორი გამოავლინა. ეს არის: სისხლის ნიმუშში SARS-CoV-2-ის რნმ-ის მაღალი დონე, აუტოანტისხეულების იმავე აგრესიული ანტისხეულების არსებობა, რომლებსაც საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებზე შეტევა შეუძლიათ, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და ადრე გადატანილი ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია.
ამავდროულად, მეცნიერებმა „ხანგრძლივი კოვიდის“ მქონე პაციენტების სისხლში სპეციფიკური ანტისხეულები აღმოაჩინეს. ეს შედეგები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გარკვეულმა ფაქტორებმა ე.წ. ლონგ კოვიდის წარმოქმნის რისკი გაზარდოს. თუმცა ეს მინაცემები საკმარისი არ არის იმის პროგნოზირებისთვის, მიეკუთვნებით თუ არა თქვენ ამ რისკ-ჯგუფს. მეცნიერები ჯერ ვერ იძლევიან პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ აღენიშნება ამა თუ იმ პაციენტს „ხანგრძლივი კოვიდის“ სიმპტომები.
იცავს თუ არა ვაქცინა „ხანგრძლივი კოვიდისგან“?
ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, შესაძლოა, აცრამ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ე.წ. ლონგ კოვიდის რისკი შეამციროს. ორმა კვლევამ, რომელთაგან ერთი ისრაელში, მეორე კი დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დაადგინა, რომ ორი დოზით აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, „ხანგრძლივი კოვიდი“ იშვიათად აღენიშნებათ. მეცნიერთა განმარტებით, მიღებული შედეგები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თავისთავად ვაქცინა „გახანგრძლივებულ კოვიდს“ არ იწვევს. ეს მხოლოდ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ხდება.
მკვლევრები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინაცია „ხანგრძლივ კოვიდთან“ დაკავშირებული რისკების შემცირებას ორი ფაქტორის მეშვეობით უწყობს ხელს: პირველი - ის გვეხმარება თავიდან ავიცილოთ COVID-19-ით დაინფიცირება, მეორე - ის, ინფიცირების შემთხვევაშიც, სიმპტომების სიმძიმეს ამცირებს. თუმცა ვაქცინა დაავადების გაჭიანურებული ფორმის რისკს სრულად არ გამორიცხავს. ამიტომაც შულცეს დასკვნით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებს მიეცეთ საშუალება შეიმუშაონ ახალი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები და თერაპიული მიდგომები „გაჭიანურებულ კოვიდთან“ საბრძოლველად, ამავე დროს, საზოგადოებაზე მისი ფართო გავლენის შესწავლა უნდა გაგრძელდეს.





